თავში

შესაძლოა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი კვლავ გაიზარდოს

შესაძლოა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი კვლავ გაიზარდოს
შესაძლოა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი კვლავ გაიზარდოს

"თუკი საგარეო სექტორიდან მომდინარე ზეწოლა შენარჩუნდება და თუ ეროვნული ბანკი ინფლაციური მოლოდინების მყარად მოთოკვისთვის საჭიროდ ჩათვლის, შესაძლოა პოლიტიკის განაკვეთი კვლავ გაიზარდოს," - ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის საქართველოს მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, სუბირ ლალიმ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი "გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით" პროგრამის მერვე მიმოხილვის დასრულებასთან დაკავშირებით გამართული ვიდეოკონფერენციის დროს განაცხადა.

მისი შეფასებით, საქართველოს ეროვნული ბანკი სათანადოდ არის კონცენტრირებული ინფლაციის სამიზნე მაჩვენებლის მიღწევაზე, რაც საქართველოს მაკროეკონომიკური პოლიტიკის ჩარჩოს ქვაკუთხედს წარმოადგენს. 

"ამ კუთხით, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ბოლოდროინდელი ზრდა ინფლაციის მოლოდინების ზრდას უკავშირდება, იმ ფონზე, რომ ინფლაცია მის მიზნობრივ დონეს მეტნაკლებად ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე აღემატება. მონეტარულმა პოლიტიკამ ეკონომიკის მხარდაჭერა და ინფლაციის კონტროლი უნდა დააბალანსოს. ეროვნული ბანკი გონივრულად აბალანსებს ამ ალტერნატივებს იმ რთულ ვითარებაში, რომელიც ყველგან და ყველასთვის გამოწვევას წარმოადგენს," - ამბობს ლალი. მისივე თქმით, საბანკო სისტემა COVID-19 შოკს კაპიტალისა და ლიკვიდობის ბუფერების მაღალი დონით შეხვდა. 

"ეროვნული ბანკის მიერ ბოლო წლებში გატარებულმა ღონისძიებებმა საბანკო სექტორის შოკების მიმართ მდგრადობა გააუმჯობესა. დაკრედიტების ზრდა სტაბილურია, ხოლო, უმოქმედო აქტივებისა და რესტრუქტურიზებული სესხების ზრდის მიუხედავად, ბანკების კაპიტალიზაციის დონე ადეკვატური რჩება. ეროვნული ბანკი უმოქმედო სესხების ზრდას აქტიურად ადევნებს თვალყურს და ბანკებს ზარალის სწრაფად აღიარებისკენ მოუწოდებს. 2020 წლის მარტში წინასწარი დარეზერვირებიდან შექმნილი ბუფერები პანდემიის შედეგად აქტივების ხარისხის გაუარესების დასაფარად კვლავ საკმარისი უნდა იყოს," - განმარტა საერთაშორისო სავალუტო ფონდის საქართველოს მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა.

მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას ელის Galt & Taggart-იც.

როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი განმარტავს, საქართველოში, მიუხედავად პანდემიის ზეგავლენით მკვეთრად შემცირებული ერთობლივი მოთხოვნისა, ინფლაციაზე აღმავალი ზეწოლა მნიშვნელოვნად გაძლიერდა. აღნიშნულმა გარემოებამ კი მონეტარული პოლიტიკის შერბილების შესაძლებლობა შეზღუდა. კობა გვენეტაძის თქმით, ქართული ეკონომიკის მაღალი დოლარიზაციის ფონზე გაცვლითი კურსის გაუფასურება, მიწოდების ჯაჭვების რღვევა და ერთეულ პროდუქციაზე პერსონალის გაზრდილი ხარჯი კომპანიებს ფასების ზრდისკენ უბიძგებს. საქართველოს პირველი ბანკირი ამბობს, რომ წლის დასაწყისიდან, საერთაშორისო ბაზრებზე ზოგიერთი საქონლის მკვეთრი გაძვირება ემატება. აღნიშნულ ფაქტორთა ინფლაციურ მოლოდინებზე არასასურველი ზეგავლენის ასარიდებლად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მარტში მონეტარული პოლიტიკა დამატებით გაამკაცრა.

მარტში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 50 პუნქტით, 8.50 პროცენტამდე, გაიზარდა, შედეგად, 124 300 მსესხებელს სესხები გაუძვირდა. საქართველოში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.0 პროცენტზე 2020 წლის 5 აგვისტოს შემდეგ 2021 წლის 17 მარტამდე იყო. . რეფინანსირების განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით მიმდინარე წლის აგვისტოში შემცირდა და ის 8%-ზე დაფიქსირდა. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8%-ზე უცვლელად მესამედ სექტემბერში, დღეს კი მეოთხედ დარჩა.(ნოემბერში, ოქტომბერსა და სექტემბერში).

ამჟამად, მონეტარული პოლიტიკის სიდიდით საქართველო რეგიონში მეორეა. ამ ეტაპზე რეგიონში ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი - 10,25% თურქეთს აქვს, ჩვენ მეორე ადგილზე ვიმყოფებით, 6,25%-ის ფარგლებშია ეს მაჩვენებელი აზერბაიჯანში, ხოლო სომხეთში 5,5%-ია, რუსეთში ყველაზე დაბალ დონეზეა -4,25%-ს შეადგენს.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მორიგი სხდომა 28 აპრილს გაიმართება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system