თავში

შესაფუთი მასალების მწარმოებელ კომპანიებს შემოსავალი გაუნახევრდათ

შესაფუთი მასალების მწარმოებელ კომპანიებს შემოსავალი გაუნახევრდათ
შესაფუთი მასალების მწარმოებელ კომპანიებს შემოსავალი გაუნახევრდათ

ევროკავშირმა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) დღეს გამოაქვეყნეს მაისში ჩატარებული კვლევის შედეგები, რომელშიც ასახულია პანდემიის გავლენა შესაფუთი მასალების მიწოდების ჯაჭვის ბიზნესებზე და მოცემულია შესაბამისი რეკომენდაციები კრიზისის დასაძლევად.

როგორც REPORT.GE-ს საქართველოში ევროკაბვშირის წარმომადგენლობიდან აცნობეს,  ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) კვლევაში შეფასებულია პანდემიის გავლენა საქართველოს შესაფუთი მასალების მიწოდების ჯაჭვის კომპანიებზე.

ევროკავშირისა UNDP-ის კვლევა ეყრდნობა 500-ზე მეტ კომპანიასთან ჩატარებულ ინტერვიუებს, რომლებშიც აისახა კომპანიების მზაობა კრიზისის მიმართ, პანდემიის შედეგად მიღებული ზარალი და სამომავლო პერსპექტივები.

კვლევა აჩვენებს, რომ შესაფუთი მასალების მიწოდების ჯაჭვის კომპანიების ნახევარზე მეტმა პანდემიის შედეგად შემოსავლების 50 პროცენტი დაკარგა, ხოლო კომპანიების 83 პროცენტი თვლის, რომ პანდემია სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს მათი ბიზნესისთვის. 88 პროცენტს არ აქვს ბიზნესის შეფერხების დაზღვევა. 58 პროცენტს არ გააჩნია საკუთარი ან ალტერნატიული ფინანსური სახსრები კრიზისიდან გამოსასვლელად.

კომპანიების მხოლოდ ნახევარმა (54.4 პროცენტმა) შეძლო ყველა თანამშრომლის შენარჩუნება პანდემიის დროს. კომპანიების 16.7 პროცენტმა თანამშრომლებს სთხოვა შვებულებაში გასვლა ანაზღაურების გარეშე, ხოლო 17.2 პროცენტმა დროებით შეამცირა თანამშრომელთა რაოდენობა.

მიღებული ზარალის მიუხედავად, შესაფუთი მასალების მიწოდების ჯაჭვის კომპანიების უმეტესობა, 70 პროცენტზე მეტი, პანდემიის გამო განვითარებულ კრიზისში გამოწვევებთან ერთად ახალ შესაძლებლობებსაც ხედავს. ბევრი კომპანია აპირებს სერვისებისა და პროდუქტების განვითარებას ან შეცვლას, ახალი ბაზრების ათვისებას და ბიზნეს ოპერაციებში ონლაინ საშუალებების, მათ შორის ონლაინ შესყიდვებისა და გაყიდვების სისტემების დანერგვას. რამდენიმე კომპანიამ უკვე გადადგა გაბედული ნაბიჯები წარმოების რეორგანიზებისთვის ბაზრის ახალ მოთხოვნებზე მოსარგებად.

„ევროკავშირი ხელს უწყობს პანდემიის შედეგად დაზარალებული ეკონომიკისა და ბიზნესის აღდგენას. ჩვენ ვთანამშრომლობთ რამდენიმე პერსპექტიულ ბიზნეს სექტორთან, მათ შორის, შესაფუთი მასალის მიწოდების ჯაჭვთან. სექტორში შექმნილი ვითარებისა და მიმდინარე მოვლენების გააზრება აუცილებელია მისი კრიზისიდან გამოსვლისთვის და სამუშაო ადგილების შენარჩუნებისთვის. ევროკავშირის დახმარება ხელს უწყობს მწვანე და ინოვაციური აღდგენის პროცესს, წრიული ეკონომიკის პრინციპების გათვალისწინებით. ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნარჩენებისა და დახარჯული რესურსების მინიმუმამდე შემცირება, რაც უზრუნველყოფს პროდუქტის განახლებადი გამოყენების შესაძლებლობას, მას შემდეგ, რაც ის თავისი სასიცოცხლო ციკლის დასასრულს მიაღწევს“, - განაცხადა ვინსენტ რეიმ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსმა.

პანდემიის გავლენის შეფასება შესაფუთი მასალების მიწოდების ჯაჭვზე განხორციელდა ევროკავშირისა და UNDP-ის დაკვეთით ქართული კვლევითი ორგანიზაციის „ეი-სი-თი“ მიერ. კვლევა ჩატარდა 2020 წლის მაისში.

შესაფუთი მასალების მიწოდების ჯაჭვი ქართული ბიზნესის ერთ-ერთი სექტორია, რომელიც ევროკავშირისა და UNDP-ის მხარდაჭერით სარგებლობს. ეს დახმარება ხორციელდება ევროკავშირის უფრო ფართო პროგრამის EU4Business ფარგლებში, რომელიც კერძო სექტორის განვითარებას ემსახურება.     

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system