თავში

შიდა ვალი - საფრთხე ეკონომიკისთვის

შიდა ვალი - საფრთხე ეკონომიკისთვის
შიდა ვალი - საფრთხე ეკონომიკისთვის

ფინანსისტები ფიქრობენ, რომ არსებულ სიტუაციაში სახელმწიფო შიდა ვალის აღებას განსაკუთრებით უნდა მოერიდოს, რადგან ამით ქვეყნის ეკონომიკა მნიშვნელოვნად ზარალდება და სექტორის მდგრდობასაც საფრთხეს ექმნება. ფინანსისტ მერაბ ჯანიაშვილის შეფასებით, საგარეო ვალთან დაკავშირებით მსგავსი რისკი არ არსებობს. მისი თქმით, პრობლემაა ისიც, რომ სახელმწიფოს შიდა ვალის მართვის ეფექტიანი სტრატეგია არ გააჩნია, რის გამოც ეს რესურსი ხშირად არაეფექტურად იხარჯება, ეკონომიკა ზარალდება და ლარის კურსზეც უარყოფით გავლენას ახდენს.

,,სახელმწიფოს მიერ აღებული შიდა ვალი, წესით და რიგით, სხვადასხვა პროექტს უნდა ხმარდებოდეს, თუმცა ჩვენ მომსწრე ვართ, რომ ბიუჯეტში მობილიზებული თანხა, ყოველგვარი კონტროლის გარეშე, ხშირად პირადი ინტერესებისთვის იხარჯება. როდესაც სახელმწიფო იღებს საგარეო ვალს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციისგან (მაგალითად: მსოფლიო ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი), მას აქვს მიზნობრიობა. სესხს გასცემენ კონკრეტული პროექტების განსახორციელებლად, ამ შემთხვევაში, მTელი ეს რესურსი covid-19-თან დაკავშირებულ ღონისძიებებს ხმარდება. რისკია იმ მხრივაც, რომ ამ დროს შიდა ვალი 5-6-ჯერ ძვირია, ვიდრე საგარეო ვალი, რადგან ჩვენთან სახაზინო ვალდებულების განაკვეთი საკმაოდ მაღალია. როდესაც შიდა ვალს იღებს სახელმწიფო, ამ ფულს ბანკიდან სესხულობს, ხოლო როდესაც ბანკები გარანტირებულ წლიურ საპროცენტო განაკვეთს იღებენ, მათ სესხის გაცემის პრობლემა არ აქვთ", - ამბობს ჯანიაშვილი.

განსახვავებული მოსაზრებისაა აკადემიკოსი ავთო სილაგაძე, რომლის შეფასებითაც, ქვეყანა ეპიდემიის გამო მძიმე მდგომარეობაშია და მაქსიმალურად უნდა ვცადოთ თანხის მოზიდვა, რის შესაძლებლობაც მოგვეცემა.

,,ვალი, როგორიც არ უნდა იყოს, ცუდია, მით უმეტეს, რომ საგარეო ვალთან დაკავშირებით, სახელმწიფო კრიტიკულ ზღვართან მიახლოებულია. მიუხედავად ამისა, ფორსმაჟორული სიტუაციაა და კლასიკური მიდგომა, საერთაშორისო სტანდარტი არ გამოდგება, ამიტომ მაქსიმალურად უნდა ვცადოთ თანხის მოზიდვა, რის საშუალებაც გამოჩნდება. შიდა ვალი წლების განმავლობაში, ბინათმშენებლობების და სხვადასხვა პროექტსთან დაკავშირებით გააჩნია სახელმწიფოს,  ვალის მობილიზება დაგვჭირდა, რომ ძველი ვალდებულებები შეგვესრულებინა.  მთავრობას დარჩენია ის გზა, რომ განახორციელოს პირდაპირი ემისია და მოიზიდოს ფული, ამოიღოს ეკონომიკიდან ლარის მასა. ცხადია, რომ ნებისმიერი ვალის ზრდა ნეგატიურია, მაგრამ ქვეყანა დამატებით სახსრებს საჭიროებს, რაც საგარეოსთან ერთად, შიდა ვალის მოზიდვის აუცილებლობას განაპირობებს", - აცხადებს სილაგაძე.

აღსანიშნავია, რომ  2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი ითვალისწინებს საშინაო ვალდებულებების მოსალოდნელ კლებას 1 700 000.0 ათასი ლარის ოდენობით.

ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს სახაზინო ვალდებულებების და სახაზინო ობლიგაციების ძირითადი თანხის დაფარვას - 1 660 000.0 ათასი ლარის ოდენობით და სახელმწიფო ობლიგაციების ძირითადი თანხის დაფარვას (სებ-ის მიმართ ვალი) – 40 000.0 ათასი ლარის ოდენობით. სახელმწიფო საშინაო ვალდებულებების პროცენტის მომსახურებისათვის საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებულია 530 000.0 ათასი ლარი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system