თავში

სოჭის გირჩის მოპოვებაზე კვოტები და ფასი გადაიხედება

სოჭის გირჩის მოპოვებაზე კვოტები და ფასი გადაიხედება
სოჭის გირჩის მოპოვებაზე კვოტები და ფასი გადაიხედება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტმენტის ინფორმაციით, ამჟამად საქართველოში სოჭის გირჩის მოპოვების 19 ლიცენზიანტია. უწყება განმარტავს, რომ ლიცენზიები დიდი ხნის წინაა გაცემული და გადასახედია როგორც კვოტების, ისე ფასის საკითხიც. ახალი სალიცენზიო პირობების ფორმირებაზე მუშაობა მიმდინარეობს.

„ჩვენ გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში ჩავატარეთ კვლევა, რომელიც ახლა შესწავლას გადის სამინისტროს უწყებებში. სავარაუდოდ, გადაიხედება როგორც გარემოს დაცვის არამერქნული მოსაკრებელის ოდენობა, რომელიც ახლა 0.60 ლარს შედაგენს, ასევე სალიცენზიო მოსაკრებელიც. აკონსულტაციებს გავივლით ლიცენზიანტებთან,“ - განუცხადეს report.ge-ს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

2020 წელს საქართველოდან 35 315 კილოგრამი სოჭის თესლი გავიდა. მისი ექსპორტი განხორციელდა ევროკავშირის ქვეყნებში, მათ შორის: დანია, ჩეხეთი, საფრანგეთი, ავსტრია, დიდი ბრიტანეთი და აშშ. საქართველოდან 2019 წელს 14 964 (1.7 მლნ ლარი) კილოგრამი სოჭის თესლი იქნა ექსპორტზე გატანილი, ხოლო 2018 წელს - 51 161 კილოგრამი (3.2 მლნ ლარი).

ყოველწლიურად, საქართველოდან 45 მილიონი ნაძვის ხე იყიდება ევროპაში, ნაძვების 90% რაჭიდან წაღებული კავკასიური სოჭის თესლიდან არის აღმოცენებული. ძირითადი ექსპორტიორი ქვეყნები არიან: გერმანია, ჰოლანდია, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი.

კავკასიური სოჭი ხარობს, რომელიც შეუფასებელია მათთვის, ვისაც საახალწლოდ ”ცოცხალი” ნაძვის ხის მორთვა უყვარს. რაჭაში მოყვანილ კავკასიურ სოჭს განსაკუთრებული, ვერცხლისფერი შეფერილობა და სიმეტრიული, იარუსებიანი ფორმა აქვს. ეს ჯიში ნორდმანის სოჭის სახელითაცაა ცნობილი და ძირითადად, კავკასიაში ხარობს. გირჩის თესლის თითქმის ყველა მწარმოებელიც ამ ადგილებში მუშაობს. ნორდმანის ჯიში, სოჭის სხვა ჯიშებისგან განსხვავებით, უფრო მალე იზრდება – 6-7 წელიწადში მათი საშობაო ნაძვის ხეებად გაყიდვა შეიძლება.

გირჩის ბიზნესი საქართველოში საბჭოთა პერიოდში დაიწყო და 90-იანი წლების მდგომარეობით, ქვეყნიდან 20 ტონა გირჩის თესლი გადიოდა ექსპორტზე. აქედან 2 ტონა ბორჯომის გირჩია, დანარჩენი 18 ტონა კი რაჭიდანაა, რომელიც საუკეთესო ჯიშად ითვლება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system