თავში

სოჭის გირჩის რა მარაგი აქვს საქართველოს

სოჭის გირჩის რა მარაგი აქვს საქართველოს
სოჭის გირჩის რა მარაგი აქვს საქართველოს

2020 წელს თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მეთოდების საშუალებით განხორციელდა სოჭის გირჩის მარაგების კვლევები, რომლის საფუძველზეც 2022 წლიდან, სახელმწიფოსათვის მაქსიმალურად მისაღები პირობებით დაგეგმილია ახალი, გრძელვადიანი (10 წლით) ლიცენზიების გაცემა. 

ამის შესახებ აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყოველთვიური გამოცემის „ჩვენი სოფლის“ დეკემბრის ნომერში. 

უწყების განმარტებით, აღნიშნული კვლევების საფუძველზე განისაზღვრება რაჭა-ლეჩხუმსა და სამცხე-ჯავახეთში სოჭის გირჩის მარაგების ზუსტი მონაცემები, არა მხოლოდ სატყეო კვარტლების და უბნების, არამედ ლიტერების ფონზე. 

2020 წელს გირჩის რთველი მეტ-ნაკლებად წარმატებული იყო. 2020 წელს ექსპორტზე, საქართველოდან ევროპის ბაზარზე დაახლოებით 300-400 ტონა ნედლი გირჩი გავიდა. რაჭული გირჩის საპროგნოზო მაჩვებელი 400 ტონას შეადგენდა. ნედლი გირჩის საშუალო ფასი 5-8 ლარი ღირს ხარისხის მიხედვით.

გირჩის 2019 წლის სეზონი ნაკლებმოსავლიანი იყო. ჯამბული ლობჟანიძის ინფორმაციით, შარშან დაახლოებით 120 ტონა გირჩის თესლი მიიღეს, რაც 2018 წელთან შედარებით, 15-20%-იან კლებაზე მიანიშნებდა.

ევროპაში გირჩის თესლი 50-70 ევროს ფარგლებში იყიდება. მას სხვადასხვა დანიშნულებით იყენებენ. დანიამ, მაგალითად, ამ თესლით მთელ ევროპაში საახალწლო ნაძვის ხეების ბიზნესი დაიწყო. ჩვენებური სოჭის თესლიდან ხე 7-8 წელიწადში იზრდება. მწიფე გირჩაში დაახლოებით 25 ცალი თესლია. ზოგიერთ ქვეყანაში გირჩის თესლს პარფიუმერიასა და კულინარიაში იყენებენ. თუმცა ძირითადად მაინც რაჭიდან გირჩი ევროპელების საყვარელი ნაძვის ხეების გასამრავლებლად გააქვთ და ნერგები ევროპაშიც გამოყავთ.

როგორც დარგის სპეციალისტები აღნიშნავენ, ევროპაში საშობაოდ გაყიდული ნაძვის ხეების 90% საქართველოდან გატანილი სათესლე მასალითაა მოყვანილი.

ამ ბიზნესიდან საქართველომ 2018 წელს 335 000 ლარი მიიღო მაშინ, როცა მარტო შობა-ახალ წელს გაყიდული ხეების საერთო ოდენობა ევროპაში 2.4 მლრდ ევროს აღწევს.

კავკასიური სოჭი ხარობს, რომელიც შეუფასებელია მათთვის, ვისაც საახალწლოდ ”ცოცხალი” ნაძვის ხის მორთვა უყვარს. რაჭაში მოყვანილ კავკასიურ სოჭს განსაკუთრებული, ვერცხლისფერი შეფერილობა და სიმეტრიული, იარუსებიანი ფორმა აქვს.

ეს ჯიში ნორდმანის სოჭის სახელითაცაა ცნობილი და ძირითადად, კავკასიაში ხარობს. გირჩის თესლის თითქმის ყველა მწარმოებელიც ამ ადგილებში მუშაობს. ნორდმანის ჯიში, სოჭის სხვა ჯიშებისგან განსხვავებით, უფრო მალე იზრდება – 6-7 წელიწადში მათი საშობაო ნაძვის ხეებად გაყიდვა შეიძლება.

გირჩის ბიზნესი საქართველოში საბჭოთა პერიოდში დაიწყო და 90-იანი წლების მდგომარეობით, ქვეყნიდან 20 ტონა გირჩის თესლი გადიოდა ექსპორტზე. აქედან 2 ტონა ბორჯომის გირჩია, დანარჩენი 18 ტონა კი რაჭიდანაა, რომელიც საუკეთესო ჯიშად ითვლება.

"საქართველოს ნამდვილად აქვს რესურსი თავად მოახდინოს კულტივაცია, მცენარის გაზრდა და შემდეგ ექსპორტზე გატანა. ამისათვის კი სახელმწიფოსთან ერთად კერძო სექტორის ინტერესი და სწორი გათვლაა საჭირო. სწორი და კოორდინირებული მუშაობით შესაძლებელია, რომ არა მხოლოდ ადგილზე მოხდეს ტყის გაშენება, არამედ საექსპორტოდაც გავიტანოთ ქართული ჯიშის ნერგები, რომელიც ასე პოპულარულია მთელ მსოფლიოში", - აცხადებს ყოფილი მეტყევე report.ge-თან საუბრისას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system