
სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე გიორგი ჯიბლაძე აშშ-ში საექსპორტო პროდუქტის მზადების პროცესს დაესწრო. ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენატკოცაში ხილ-ბოსტნეულის შემნახველი ახალი საწარმო მოქმედებს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, აქ 1,200 ტონა სხვადასხვა ნედლეულის შენახვაა შესაძლებელი. სამაცივრო კომპლექსს გადამამუშავებელი ინფრასტრუქტურაც აქვს, სადაც, შოკური გაყინვის მეთოდის გამოყენებით, დღეში 10 ტონა ხილ-ბოსტნეულის გადამუშავებაა შესაძლებელი.
„კომპანია დღეს უკვე ქართული პროდუქციის ექსპორტს აშშ-ში ახორციელებს“, - განაცხადა გიორგი ჯიბლაძემ.
წელს პირველად, კომპანიამ 100 ტონა სხვადასხვა სახის კენკროვანი ხილი აშშ-ში ექსპორტით გაიტანა. მომავალ წელს რაოდენობის 3-ჯერ გაზრდა იგეგმება. ამასთანავე, კომპანია მზად არის პირველადი პროდუქცია ადგილობრივი ფერმერებისგან ჩაიბაროს და წარმოება გაზარდოს.
საწარმოში, ჯამურად, 5,000,000 ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 600,000 ლარი გრანტია, ხოლო დანარჩენი თანხა ბენეფიციარის ინვესტიცია.