თავში

სოფლად მცირე ბიზნესი 30 ათას ლარით დაფინანსდება

სოფლად მცირე ბიზნესი 30 ათას ლარით დაფინანსდება
სოფლად მცირე ბიზნესი 30 ათას ლარით დაფინანსდება

სოფლად მცხოვრები ადამიანისთვის, რომელიც გადაწყვეტს ელემენტარული, მცირე ბიზნესის წამოწყებას, 30 ათას ლარამდე დაფინანსდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საქართველოს მთავრობის ეკონომიკის ანტიკრიზისული გეგმის პროექტის წარდგენისას განაცხადა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, სოფლის მეურნეობაზე ზრუნვა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია.

„ეს გახლავთ ის ნაწილი, რომლის მნიშვნელობაც დღეს კიდევ უფრო დიდია. ეს შეგრძნება გააჩნია თითოეულ ჩვენს მოქალაქეს. ეს შეგრძნება გააჩნია თითოეულ ფერმერს, რამეთუ მათი ფუნქცია და როლი დღეს აშკარად გამოჩნდა, თუნდაც იმ ნაწილში, რომ მათ დააკმაყოფილონ ქვეყანაში გენერირებული მოთხოვნა ელემენტარულ სასურსათო პროდუქტებზე, მაშინ როდესაც ყველა ჩვენი მეზობელი, ასე თუ ისე, პროტექციონალურად უკვე კი არ იცავს ბაზარს, არამედ იცავს ექსპორტს, იცავს თავის წარმოებას, ქვეყანაში წარმოებულ პროდუქტებს. ამიტომ ჩვენთვის ადგილობრივი წარმოების განვითარება, რათა დავაკმაყოფილოთ ადგილობრივი მოთხოვნა, უკიდურესად მნიშვნელოვანი ხდება და აქ სოფლის მეურნეობის ფუნქცია არის ერთ-ერთი წამყვანი. მოგეხსენებათ, რომ მიკრო საგრანტო სისტემა სახელმწიფომ დაიწყო რამდენიმე წლის წინ და ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროგრამა. თუ არ ვცდები, ის დაიწყო ხუთ ათასი ლარით და შემდგომ გახდა 15, 20 ათასი ლარი. დღეს ჩვენ გადავწყვიტეთ, ეს ზღვარი აგვეწია 30 000 ლარამდე და ამ პორტფელის რაოდენობაც გაგვეზარდა 40 მილიონამდე. ეს არის რეალური დახმარება სოფლად მცხოვრები ადამიანისთვის, რომელიც გადაწყვეტს ელემენტარული, მცირე ბიზნესის წამოწყებას. ჩვენ მას პირდაპირ, გრანტის სახით, ფინანსური რესურსით ვეხმარებით, პირველ რიგში იმისთვის, რომ მან აიღოს პასუხისმგებლობა თავის თავზე და შემდგომ შექმნას დამატებითი სამუშაო ადგილები ერთი, ორი, სამი, ათი, ან წარმატების შემთხვევაში, კიდევ უფრო მეტი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, მთავრობამ ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა. დახმარება შესთავაზა, როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს.

კრიზისული მენეჯმენტისთვის ხელისუფლება 3 მილიარდ ნახევარს დახარჯავს.

მთავრობა ბანკებს 600 მილიონ ლარს მიაწვდის.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ეკონომიკა ექვს ეტაპად გაიხსნება.

მთავრობამ მეწარმეების მეტი მხარდაჭერისთვის "აწარმოე საქართველოს" პროგრამაში თანადაფინანსების მექანიზმი შეიცვლება და სახელმწიფოს მონაწილეობა პროცენტის დაფინანსებაში გაიზარდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system