თავში

სოფლის მეურნეობის ინდუსტრიალიზაციის რეალური შანსი საქართველოსთვის

სოფლის მეურნეობის ინდუსტრიალიზაციის რეალური შანსი საქართველოსთვის
სოფლის მეურნეობის ინდუსტრიალიზაციის რეალური შანსი საქართველოსთვის

აგრარული სექტორის წარმომადგენელთა შეფასებით, სოფლის მეურნეობის ინდუსტრიალიზაცია არის  ობიექტური აუცილებლობა, რაზეც დარგის კეთილდღეობა გადის. თუმცა არის რამდენიმე პრობლემური საკითხი, რომლის გადაწყვეტაზეა დამოკიდებული, რეალურად რა შანსი აქვს მთავრობას ამ ამბიციური გეგმის განსახორციელებლად და რა დაბრკოლებას შეიძლება წაწყდეს სექტორი ინდუსტრიალიზაციის გზაზე.

როგორც აგრარული სფეროს სპეციალისტი პაატა აროშიძე report.ge-თან ამბობს, ყველაზე მეტი პრობლემა სოფლის მეურნეობაში ტექნიკის დეფიციტია. მისი მოგვარების ერთ-ერთ საშუალებად იგი რეგიონებში უკვე არსებული ლოჯისტიკური ცენტრების გაძლიერებას მიიჩნევს.

,,ფერმერი თავისი ძალებით და პრიმიტიული ტექნიკური საშუალებებით ვერ შეძლებს მიწის დამუშავებას და ისეთი მოსავლიანობის მიღებას, რომელიც მსოფლიოში აპრობირებულია და ყველა ნორმსალური ქვეყანა იყენებს. ამიტომ ინდუსტრიალიზაციის პროცესი აუცილებელია. პირველ რიგში, უნდა განისაზღვროს იმ ტექნიკური საშუალებების რაოდენობა და შეიქმნას სპეციალური ლოჯისტიკური ცენტრები. მაგალითისთვის, აჭარაში ასეთი ცენტრები უკვე ჩამოყალიბებულია და რამდენიმე რეგიონშიც მოქმედებს. მათი როლის გაძლიერება აგრარული სექტორის ინდუსტრიალიზაციისთვის მნიშვნელოვანია. საჭიროა მათი ეფექტურად ამუშავება და სოფლის მეურნეობის სამსახურში ჩაყენება", - აცხადებს აროშიძე და აქცენტს აგროტექნიკის ხელმისაწვდომობის გამარტივებაზე აკეთებს.

,,ხშირად ხდება, როცა ლოჯისტიკური ცენტრის მიერ შეძენილი ტექნიკა გაჩერებულია. საჭიროების შემთხვევაში, ფერმერს უნდა შეეძლოს  იქ არსებული ტექნიკით სარგებლობა. რა თქმა უნდა, პირად სარგებლობაში ვერ გადაეცემა, მაგრამ ხელმისაწვდომობა უნდა გამარტივდეს. ეს გაცილებით იოლად მიიღწეოდა მაშინ, როცა დეკლარირებულად  გაცხადდა სოფლის მეურნეობის განვითარების შესახებ. ყოველთვის ვამბობდი, რომ პირდაპირ დოტაციას და თანხების გაცემას სჯობს ლოჯისტიკური ცენტრების მშენებლობა, რაც დარგის განვითარებისთვის საჭიროა. ერთჯერადი აქციები გრძელვადიან პერსპექტივაზე არ არის გათვლილი და შედეგს ნაკლებად იძლევა. გარდა ამისა, ინდუსტრიალიზაციისთვის პრობლემაა ტექნიკური აღსრულების საკითხი, აქ არ არის აუცილებელი სპეციალური უნარ-ჩვევების სწავლება, მნიშვნელოვანია, რომ დაპირება ქაღალდზე არ დარჩეს, სწორად განისაზღვროს ფინანსური რესურსი და მომავალი წლის საგაზაფხულო სეზონს ქართული სოფელი ინდუსტრილებული შეხვდეს, რაც 2021 წლის მოსავლიანობაზე დადებითად აისახება", - აცხადებს პაატა აროშიძე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში „კოვიდ-19“-ის პანდემიის პირობებში, საგანგებო მდგომარეობის დროს მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ანგარიში წარდგენისას განაცხადა, რომ მთავრობის გრძელვადიანი ამოცანა სოფლის მეურნეობის ინდუსტრიალიზაციას გულისხმობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system