თავში

სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის მიზნით ახალი ასოციაცია შეიქმნა

სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის მიზნით ახალი ასოციაცია შეიქმნა
სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის მიზნით ახალი ასოციაცია შეიქმნა

საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ახალი ასოციაცია შეიქმნა. ესაა  „საქართველოს აგრობიზნეს ასოციაცია"(GABA).

როგორც report.ge-ს ახლადშექმნილი ასოციაციიდან აცნობეს, მათი მიზანია ხელი შეუწყოს მსხვილი ბიზნესის სოფლის მეურნეობით დაინტერესებას.

“ასოციაციის ძირითადი მიზნებია: სოფლის მეურნეობაში ბიზნესის წილის გაზრდა, არსებული ბიზნესერთეულების გაფართოება-გამსხვილება, მათი განვითარებისათვის ხელშეწყობა, აგარობიზნესში ჩართული კომპანიების, კოოპერატივების, ფერმერების და სოფლის მეურნეობით და კვების ინდუსტრიით დაინტერესებული ეკონომიკური სუბიექტებისთვის ბიზნეს პლატფორმის შექმნა; ასევე, მოზიდვის, კაპიტალის კონცენტრაციის გაზრდის ხელშეწყობა, სოფლის მეურნეობის და კვების ინდუსტრიის მწარმოებლურობის გაზრდის ხელშეწყობა, პასუხისმგებლიანი აგრობიზნესის მხარდაჭერა გარემოსდაცვითი და სოციალური მიმართულებებით. ამასთან, კონკურენტული ბაზრის პრინციპების მხარდაჭერა, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის გაფართოების მაქსიმალური ხელშეწყობა და მეცნიერულ ცოდნასა და თანამედროვე მიდგომებზე, კვლევებსა და ტექნოლოგიებზე ორიენტირებული ბიზნესის მხარდაჭერა“ , - განმარტავენ ასოციაციაში.

მათივე განმარტებით, ქვეყნის მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფა, საგარეო ვაჭრობის ბაზრების დივერსიფიცირება, დადებითი ნეტო ექსპორტის მაჩვენებლის ზრდა, ქვეყნის უსაფრთხოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა და ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა COVID-19 პანდემიამ. ასოციაციაში აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდში, სექტორში მნიშვნელოვანი ღონისძიებები გატარდა, რამაც ხელი შეუწყო საექსპორტო წარმოების გაზრდას, სოფლის მეურნეობის პროდუქტების უარყოფითი სავაჭრო ბალანსის შემცირებას, ინვესტიციების ზრდას, მათ შორის სახელმწიფო პროგრამების საფუძველზე. თუმცა, გამოწვევები აგრარული სექტორში მაინც ბევრია, მათ შორისაა, ცოდნაზე დამყარებული გადაწყვეტილების დეფიციტი; მიწის რესურსების დაბალი მწარმოებლურობა, საჰექტრო მოსავლიანობა, საგარეო სავაჭრო ბრუნვა.

ამის მისაღწევად მნიშვნელოვანია კაპიტალის კონცენტრაციისა და ინვესტიციების ზრდა, აგროსექტორი კი უნდა გახდეს ბიზნეს ორიენტირებული. მსხვილი კაპიტალის შემოსვლა გაზრდის მწარმოებლურობას, განავითარებს საშუალო და მცირე ბიზნესს, შექმნის ახალი მიწოდების ჯაჭვებს. მსხვილი კაპიტალი და ბიზნესი ძლიერი საბაზრო ძალაა, რომელიც განვითარებაზე, მოგებაზე და ინოვაციებზეა ორიენტირებული და ასეთივე ორიენტირს მისცემს სოფლის მეურნეობას“, - ამბობენ ასოციაციაში.

„საქართველოს აგრობიზნეს ასოციაციაში“ მიიჩნევენ, რომ სოფლის მეურნეობაში არსებული მდგომარეობის შესაცვლელად ქვეყანას სჭირდება მსხვილი ბიზნესი, რომელიც მზად არის სოფლის მეურნეობაში ინვესტიცია განახორციელოს.

კერძოდ, კოოპერატივები, რომლებიც მზად არიან მოახდინონ სოფლად არსებული რესურსების სინერგია და გახდნენ უმნიშვნელოვანესი რგოლი მთლიან ჯაჭვში; ამასთან, ფერმერები, რომლებიც ქმნიან უნიკალურ, ექსკლუზიურ პროდუქტებს და საფუძველს უყრიან ახალ მიმართულებებს.

საუბარია ფინანსურ ინსტიტუტებზე, რომლებიც ქმნიან სექტორზე მორგებულ ახალ და ხელმისაწვდომ ფინანსურ პროდუქტებს, ამასთან, აღნიშნავენ სამეცნიერო და საგანმანათლებლო ინსტიტუტებს ახალი ცოდნის დანერგვისათვის, ახალი იდეების გაცნობისათვის, ახალი კადრების აღზრდისთვის.

ასევე, საუბარია სამთავრობო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებზე რომლებიც ქმნიან ჯანსაღ და სამართლიანი ბიზნესგარემოს, შესაბამისად, მუდმივად სრულყოფენ ინფრასტრუქტურას.

ასოციაციის ინფორმაციით, „საქართველოს აგრობიზნეს ასოციაციის“ პრეზიდენტია მიხეილ ჭკუასელი, პირველი ვიცე პრეზიდენტი - ირაკლი ჩიქავა.

ახალ დაფუძნებული ასოციაცია აერთიანებს აგროსექტორის მსხვილ ბიზნეს ერთეულებს, კოოპერატივებს, საინვესტიციო ფონდებს, საფინანსო ინსტიტუტებს, საკონსულტაციო კომპანიებს, ასოციაციებს და პროფესიულ გაერთიანებებს, სამეცნიერო და საგანმანათლებლო დაწესებულებებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system