თავში

"სოკარი": დიზელი გაძვირდება, თუ ახალი სტანდარტი არ გადავადდა

"სოკარი": დიზელი გაძვირდება, თუ ახალი სტანდარტი არ გადავადდა
სოკარი: დიზელი გაძვირდება, თუ ახალი სტანდარტი არ გადავადდა

ნავთობიმპორტიორები მთავრობას ევრო 5 სტანდარტის დიზელის მოხმარებაზე გადასვლის ერთი წლით გადავადებას სთხოვენ.

საქმე ისაა, რომ საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორ აზერბაიჯანს ევრო-5 სტანდარტის დიზელის წარმოების დაწყებაში ხელი კორონავირუსმა შეუშალა. ქვეყანას ერთი წელი სჭირდება იმისთვის, რომ ევრო 5 სტანდარტის შესაბამისი დიზელის წარმოება შეძლოს.

საქართველოში დიზელის იმპორტის 38%-ი აზერბაიჯანულია. ქვეყანაში აზერბაიჯანიდან საწვავი, ძირითადად, "სოკარს" შემოაქვს. როგორც კომპანიაში report.ge-ს განუცხადეს, დიზელი გაძვირდება, თუ აზერბაიჯანიდან მისი იმპორტი შეწყდება ახალი სტანდარტის დაწესების გამო.

"სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის" დირექტორი ლევან გიორგაძე განმარტავს, რომ გარდა იმ ფაქტორისა, რომ ამ სტანდარტის დიზელი შედარებით იაფი ღირს, ვიდრე ევრო 5-ის, თვითონ ლოჯისტიკური ჯაჭვი აზერბაიჯანიდან ბევრად უფრო მარტივი, მოქნილი და იაფია, ვიდრე იმპორტი საზღვაო გზით. გიორგაძე განმარტავს, რომ  ევრო 5 სტანდარტის დიზელის მოწოდება ძირითადად ზღვიდან მოხდება, რაც დაახლოებით 10-15 თეთრით გააძვირებს მოსახლეობისთვის დიზელს.

„ჩვენი სურვილი და თხოვნაა ვადა გადაიწიოს და 2022 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდეს ახალი სტანდარტი. მიგვაჩნია, რომ გაძვირდება საწვავი მნიშვნელოვნად თუ არ იქნება მოწოდება აზერბაიჯანიდან. ეს საკმაოდ დიდ დარტყმას მიაყენებს ისეთ ინდუსტრიებს, როგორიცაა აგროსექტორი და ტრანსპორტის სექტორი. ტრანსპორტის სექტორში ვგულისხმობ იმას, რომ საკმაოდ დიდი ოდენობის თანხას ხარჯავენ სატრანზიტო მანქანები, რომლებიც თურქეთიდან აღმოსავლეთისკენ მიემართებიან და პირიქით. იმის გამო, რომ თურქეთში ძვირია საწვავი, ხოლო ჩვენ იმის გამო, რომ გვაქვს აზერბაიჯანიდან იაფი წყარო, საკმაოდ კონკურენტულ ფასად ვთავაზობთ სატრანზიტო ავტომობილებს დიზელის საწვავს, შესაბამისად ასხამენ ჩვენთან. ამ კონკურენტულ უპირატესობასაც ვკარგავთ თუ ამ სტანდარტს მივიღებთ ნაადრევად,“- განუცხადა report.ge-ს „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ გენერალურმა დირექტორმა, ლევან გიორგაძემ.

"სოკარი" ფერმერებს დიზელს შეღავათიან ფასში აწვდის. კომპანია აგროდიზელის პროგრამით კმაყოფილია. "სოკარი" ფერმერებს სპეც.პირობებს სთავაზობს და ამისთვის ბიუჯეტის ფული არ იხარჯება. "სოკარის" ბენზინგასამართ სადგურებზე ფერმერებისთვის სპეციალური წესები მოქმედებს.

ბოლო მონაცემებით, აგროდიზელზე ფერმერებმა 4,3 მლნ ლარამდე დაზოგეს.

როგორ აღმოჩნდა "სოკარი" აგროდიზელის პროგრამაში, სოფლის მეურნეობის მინისტრმა განმარტა. ლევან დავითაშვილის თქმით, სამინისტროს გამოცხადებულ ღია კონკურსში "სოკარმა" საუკეთესო პირობები დადო, რის გამოც სამინისტრომ მისი პროგრამაში ჩართვა გადაწყვიტა.

გადავადდება თუ არა დიზელზე ევრო-5 სტანდარტის ვალდებულება, ჯერ უცნობია, თუმცა ნავთობპროდუქტების იმპორტიორებმა მთავრობას თხოვნით უკვე მიმართეს.

ცნობისთვის, დიზელის ხარისხობრივ ნორმად ევრო-5-ის ვალდებულება ერთხელ უკვე გადავადდა. ის 2020 წლის 1 იანვრიდან უნდა ამოქმედებულიყო. რეგულაციის გადავადება ბიზნესგაერთიანებებმა მაშინაც აზერბაიჯანული დიზელის შეზღუდვის პრევენციის მიზნით მოითხოვეს და მთავრობამ ის 2021 წლის 1 იანვრამდე გადააავადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system