თავში

სპექტაკლი სახელწოდებით "ჰესები" გვანადგურებს და უნდა დასრულდეს - ჭარაია

​სპექტაკლი სახელწოდებით "ჰესები" გვანადგურებს
სპექტაკლი სახელწოდებით ჰესები გვანადგურებს და უნდა დასრულდეს - ჭარაია

"სპექტაკლი სახელწოდებით "ჰესები" გვანადგურებს და უნდა დასრულდეს," - ასე ეხმიანება ეკონომიკის დოქტორი, თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის პრეზიდეტი, ვახტანგ ჭარაია საქართველოში ბოლო დროს გააქტიურებულ საპროტესტო აქციებს "ნამახვანი ჰესის" მშენებლობის წინააღმდეგ.ექსპერტის განმარტებით საყურადღებო და დასაფასებელია, რომ  პანდემიის მიუხედავად ინვესტორი მზად არის საქართველოში ისტორიული პროექტი განახოციელოს და მხოლოდ ერთმა ნამახვანის ჰესმა:

- ქვეყანაში შემოიტანოს 800 მილიონი აშშ დოლარი;

- შექმნას 2000 მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილი, რომლის მინიმუმ 80% ადგილობრივი მოსახლეობა იქნება;

- შეავსოს ქართული ენერგოდეფიციტი (შესაბამისად შეამციროს დაწოლა ლარის კურსზეც) და შეამციროს დამოკიდებულება მეზობელ ქვეყნებზე;

- ჩაანაცვლოს "კეთილმეზობლების" 7-9 ცენტიანი პიკური დენი, 6.2 ცენტიანი ადგილობრივით;

- ჭარბი ენერგია გაიტანოს ექსპორტზე და ქართულ ბიუჯეტს ყოველწლიურად ათეულობით მილიონი ლარის ახალი შემოსავალი გაუჩინოს.

"ყველაფერთან ერთად, როგორც იქნა სახელმწიფომ გადაწყვიტა სტრატეგიული პროექტის ბოლომდე მიყვანა და ინვესტორთან თავისი წილი ვალდებულების შესრულება. ალბათ მოწინააღმდეგების უდიდესი ნაწილი სწორედ ამ ფაქტითაცაა გაღიზიანებული და საკითხი პოლიტიკურ ველში გადააქვთ, რადგანაც ეკონომიკურად პროექტს ვერაფერს აკლებენ. რა თქმა უნდა გულწრფელად ანთებული ადამიანებიც აპროტესტებენ, თუმცა ზღვა ინფორმაციულ ნაკადში ყველას ვერ მოთხოვ დეტალურად ერკვეოდეს ყველა საკითხში, რასაც ზოგიერთები ოსტატურად იყენებენ. გავეცანი კლიმატის ცვლილებაზე მოსალოდნელ შედეგებსაც და გარდა ზეპირი მოსაზრებისა, რომ ამ პროეტქმა შეიძლება ადგილობრივი სიკეთეები მოშალოს არაფერს გადავაწყდი, როდესაც მეორე მხარეს კონკრეტულად მეცნიერულად დასაბუთებული არგუმენტებია... ჰესების მშენებლობა, რომ ასეთი დამანგრეველი იყოს, შვეიცარია არ იქნებოდა ერთ-ერთი ლიდერი სწორედ კაშხლოვანი ჰესებით. ამერიკაში არ ააგებდნენ მსოფლიოში ყველაზე დიდ კაშხლებს. ბოლო ბოლო ენგურჰესის გამოცდილება გვაქვს ჩვენსავე ქვეყანაში და რა თქმა უნდა გარკვეული ცვლილებები მან შეიტანა სამეგრელოში, თუმცა ის უარყოფითი მოვლენები ნამდვილად ვერ გადაფარავს იმ სიკეთეებსს რომელსაც თითოეული ჩვენგანი მისგან იღებს," - ამბობს ვახტანგ ჭარაია.

მისივე მტკიცებით, ჰესების საწინააღმდეგო თეორიები იგივეა, რაც თავი დავირწმუნოთ და ვამტკიცოთ, რომ  თავის დროზე თბილისში მეტრო არ უნდა გაეყვანათ, რახან ისტორიული სამარხები შეიძლება დაზიანებულიყო; სასტუმროები არ აეშენებინათ (განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში), იმიტომ რომ ტურისტები წაგვბილწავდნენ; აკვატორიაში გემები არ შემოგვეშვა, იმიტომ რომ სანაპიროს გვიბინძურებენ; ინტერნეტი, ტელეფონი და თუნდაც ტელევიზორი არ გამოვიყენოთ რახან გამოსხივება აქვს და ვიყოთ ახალი გვინეის კუნძული ვაიგეოსავით, რომელსაც უკანასკნელ სამოთხეს ეძახიან დედამიწაზე.ჭარაია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მეტი ნდობის საფუძველი მეტი გამჭვირვალობაა, ეს უნდა ახსოვდეს ინვესტორსაც და სახელმწიფოსაც.

შეგახსენებთ, საქართველოში ჰესების მშენებლობის წინააღმდეგია მოსახლეობის ნაწილი. ბოლო დროს ქვეყანაში პერმანენტული აქციები იმართება ნამახვანი ჰესისი მშენებლობის წინააღმდე. ექსპერტებს აქვთ ეჭვი, რომ საპროტესტო აქციები ხელოვნურად არის მართული და მიაჩნიათ, რომ მოსახლეობასა და ინვესტორს შორის მთავარი კომუნიკატორის როლი ხლისუფლებამ უნდა იტვირთოს.

ნამახვანის ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები წყალტუბოს რაიონის სოფელ ჟონეთში ნოემბრიდან დაიწყო. ადგილობრივები ჰესის მშენებლობაზე 2015 წელს გაცემული ნებართვის გაუქმებას ითხოვენ.

ნამახვანის ჰიდროელექტროსადგური, რომელსაც "პიკურ სადგურს" უწოდებენ, შენდება მდინარე რიონის ხეობაში, წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში. კასკადი ხეობაში ორი კაშხლის აგებას ითვალისწინებს. ერთის სიმაღლე, სოფელ ტვიშთან, 50 მეტრს აღემატება, მეორის, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, 111 მეტრი იქნება. მათი საერთო სიმძლავრე 433 მეგავატია, სავარაუდო წლიური გამომუშავება - 1496 გგვტ.სთ. ნამახვან-ჰესის ექსპლუატაციაში შესვლის თარიღად 2025-2026 წელია მითითებული.

ნამახვანისა და ონის ჰესების მშენებლობაზე მორატორიუმის გამოცხადებას ითხოვენ.

გამოითქვა მოსაზრება , რომ ჰესმა შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ქართული ექსკლუზიური ღვინის "ტვიშის" წარმოებასაც, თუმცა მოგვიანებით გარემოს დაცვის სპეციალისტებმა ამ ეჭვს უსაფუძვლო უწოდეს. სპეციალისტები უარყოფენ იმასაც, რომ "ნამახვანი ჰესი" წყალტუბოს ბალნეოლოგიურ წყლებს რაიმენაირ საფრთხეს უქმნის.

გარემოსდამცველებისა და დარგის სპეციალისტების ნაწილის აზრით, ჰესების კასკადი საფრთხეს შეუქმნის რეგიონის კლიმატს და ეკოსისტემას; ნამახვანის ჰესი დატბორავს მიმდებარე სოფლებს, საფრთხეს უქმნის რეგიონის ბიომრავალფეროვნებას და, დაზიანების შემთხვევაში, სეისმოლოგების თქმით, დამანგრეველი იქნება ქუთაისისთვისაც."გარემოზე ზემოქმედების შესახებ კანონით მოთხოვნილი სათანადო კვლევების სრულად წარდგენის გარეშე, სახელმწიფომ ჰესის წინასამშენებლო სამუშაოების წარმოების ნებართვა გასცა. მიუხედავად ამისა, კომპანიებმა სამშენებლო სამუშაოები, მათ შორის მთების ბურღვა და აფეთქება დაიწყეს, რაც წინამოსამზადებელი სამუშაოს ფარგლებს სცდება და ადგილზე მიმდინარე სამუშაოები სანებართვო პირობების დარღვევად მიიჩნევა.

ნამახვანის ჰესების კასკადთან დაკავშირებულ პროტესტს გამოეხმაურა სახალხო დამცველიც. ნინო ლომჯარია იზიარებს ბუნებრივი რესურსებისა და ენერგეტიკული პოტენციალის განვითარების სახელმწიფოებრივ მნიშვნელობას. თუმცა აქვე აცხადებს, რომ ენერგორესურსებით რაციონალური სარგებლობისა და მდგრადი განვითარების მიზნით, სახელმწიფოს ამ დრომდე არ დაუგეგმავს გრძელვადიანი ენერგეტიკული პოლიტიკა, რომელიც ამასთან, ფართო საზოგადოებრივი დისკუსიებისა და გამჭვირვალობის პრინციპის მაქსიმალური უზრუნველყოფის შედეგად იქნება შექმნილი და პრაქტიკაში დანერგილი.

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ პროექტი ძალიან კარგადაა გათვლილი უსაფრთხოების თვალსაზრისით, ინვესტორს სერიოზული განხილვები ჰქონდა გარემოზე ზემოქმედების შეფასების კუთხით და დიდი გეგმა აქვს.

შპს „ენკა რინიუებლზის" განმარტებით, ნამახვანის ჰესების 430-მეგავატიანი კასკადის წლიური გამომუშავება 1,500 გგვთ.სთ-ს მიაღწევს, რაც 2019 წელს საქართველოს მთლიანი მოხმარების 11.7%-ის ტოლია.

შეგახსენებთ, ნამახვანჰესის უნებართვო მშენებლობაზე დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბრის ბოლოს იუწყეობა და საკითხზე საკანონმდებლო ორგანოში ეკონომიკის მინისტრის მისვლასა და მისგან ახსნა-განმარტებას ითხოვდა.

ცნობისთვის, ნამახვანის ჰესი $800 მილიონიანი თურქული ინვესტიციით შენდება. ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები ჰესის ასაშენებლად 4 ლოკაციაზე მიმდინარეობს და ნათია თურნავა პოცესს რამდენიმე დღის წინ თავად გაეცნო. ნათია თურნავა ნამახვანი ჰესის პროექტს ენერგეტიკაში საუკუნის პროექტად მიიჩნევს. მისი თქმოით, ნამახვანი ჰესის გაშვების შემდეგ ადგილობრივი ენერგოგენერაცია მოთხოვნის 12%-ის დაკმაყოფილებას შეძლებს.

პროექტში ამ დროისთვის 370-მდე ადამიანია ჩართული. ჯამში ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტში საქართველოს 1600-მდე მოქალაქე იქნება დასაქმებული.

გეგმის მიხედვით, ნამახვანის ჰესების კასკადი ექსპლუატაციაში 2024 წელს შევა.

იმისთვის, რომ გაიგოთ, რა გზა გაიარა ნამახვანჰესის პროექტმა საბჭოთა პერიოდიდან დღემდე, იკითხეთ report.ge-ს ეკონომიკური ანალიტიკა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system