თავში

მკვლელი მძღოლები - სპეციალისტები საგზაო უსაფრთხოების არარსებობაზე საუბრობენ

სპეციალისტები საგზაო უსაფრთხოების არარსებობაზე საუბრობენ
მკვლელი მძღოლები - სპეციალისტები საგზაო უსაფრთხოების არარსებობაზე საუბრობენ

ავტოსაგზაო მოძრაობაში ჩართული მძღოლების უმრავლესობა დედაქალაქში ქაოსულ მოძრაობაზე ჩივის. ტაქსით, ტრანსპორტით ან თუნდაც საკუთარი ავტომობილით მგზავრობისას ყოველდღიურადაც და დღეში რამდენჯერმე გაიგებთ ფრაზას "ვინც შენ პრავა მოგცა..." რეალურად ამ ფრაზის მიღმა სერიოზული პრობლემა დგას. ფაქტობრივად, მძღოლების ხელშია როგორც თავიანთი, ისე სხვების სიცოცხლეც.

საქართველოს მთავრობამ საგზაო უსაფრთხოების რეფორმა 2 წლის წინ დაიწყო. იმ მოტივით რომ გზებზე საფრეს ქმნიდნენ, მაქსიმალურად შეიზღუდა მარჯვენასაწიანი ავტომობილების შემოყვანა, დაინერგა სავალდებულო ტექსინსპექტირება, ამოქმედდა ქულათა სისტემა, მსხვილი ქალაქების ქუჩებში განთავსდა "ჭკვიანი" კამერები, გაამკაცრეს სანქციები მოძრაობის წესების და ავტომობილის მართვის დარღვევებზე, თუმცა საგზაო უსაფრთხოებაში წინსვლა მაინც არ შეინიშნება. სპეციალისტების შეფასებით, ავტოსაგზაო შემთხვევებში გარდაცვლილთა და დაშავებულთა რაოდენობა საგანგაშოდ მაღალია.

საგზაო და საავტომობილო სფეროს სპეციალისტები საგზაო უსაფრთხოებისთვის მთავრობის მიერ გატარებულ ღონისძიებებს არასრულყოფილად და არასაკმარისად მიიჩნევენ და ამბობენ რომ უნდა გამკაცრდეს მართვის მოწმობის აღება, რითაც საგზაო მოძრაობაში ჩაერტვება მეტად მომზადებული მძღოლები.

საკითხზე report.ge გამოცდილ ინსტრუქტორს, ერთ-ერთი ავტოსკოლის დირექტორს, თამაზ თოფაძეს ესაუბრა. მისი თქმით მოსახლეობის 30%- ს  მართვის მოწმობა აქვს, რაც ძალიან ბევრია ისეთი ინფრასტრუქტურულად მოუწყობელი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, სადაც  გზებიც გაუმართავია.

"ავტოსაგზაო შემთხვევების სიმრავლე პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ მოქალაქეებს ავტომობილების მართვის პრობლემა აქვს. მანქანის მართვას საფუძვლიანი სწავლა უნდა. დღეს კი მისი შესწავლა თვითნებურად კომპიუტერით ყველას შეუძლია. ავტოსკოლის კურსების საბუთი გამოცდაზე სავალდებულო სულაც არაა. არადა, ავტოსკოლა საბუთს უნდა გასცემდეს რეკომენდაციითურთ. ის რეკომენდაციას უნდა უწევდეს მოსწავლეს, მზადაა თუ არა, ან რა დონეზეა მზად როგორც თეორიულ,ისე პრაქტიკულ ნაწილში. მე ლიცენზირებული ავტოსკოლა მაქვს და პასუხისმგებელი ვარ, ერთის მხრივ, მომსახურების სააგენტოს და, მეორე მზრივ, მოსწავლის წინაშე. ბილეთში შეიძლება უბრალოდ გაუმართლოს მოსწავლეს. არც პრაქტიკული გამოცდის ჩაბარებაა იმის გარანტორი, რომ ქალაქში მოზრაობა მართვის მოწმობის აღების შემდეგ უსაფრთხოდ შეეძლება პირს. ამიტომ პრაქტიკულ გამოცდაზე აუცილებელია ქალაქის სიმულაციური ლოკაციის დამატება. გამოცდის ჩაბარების შემდეგ, უცნობია, შეუძლია თუ არა პირს მოძრაობაში ჩართულ ელემენტებთან(მანქანები, ადამიანები) დისტანციის დაცვა, რამდენად აღიქვამს ის მანქანის მოცულობას ანუ "გაბარიტს". არადა რეალურად ეს ის უნარებია, რაც აუცილებელია მძღოლისთვის. ცალკე საკითხია საცობში მოძრაობის კულტურის სწავლა, რაც საერთოდ არ ხდება და არც მოწმდება. არ მოწმდება ასევე მძღოლის უნარები ინტენსიურ მოძრაობაში. არადა თბილისი და ახლა უკვე სხვა მსხვილი ქალაქებიც, ინტენსუიური მოძრაობით გამოირჩევა," - განუმარტა report.ge-ს თამაზ თოფაძემ და დასძინა, რომ მძღოლისთვის მართვის მოწმობის გადაცემა ისეთივე სიფრთხილით უნდა ხდებოდეს, როგორც ექიმისთვის ლიცენზიის გადაცემა ხდება, რადგან მძღოლიც ისეთივე საფრთხეს უქმნის სხვის სიცოცხლეს დაუდევრობითა და არცოდნით, როგორც ექიმი.

მისი რეკომენდაციით, საგზაო ისაფრთხოება გაიზრდება, თუ აიკრძალება საგზაო მოძრაობის თვითნებული სწავლება. სახელმწიფომ ყველა ლიცენზირებული ავტოსკილისთვის უნდა შექმნას საერთო სწავლების პროგრამა, სადაც თანამედროვეობის მოთხოვნები იქნება ასახული და გათვალისწინებული. გარდა ამისა, თოფაძის თქმით, აუცილებელია ავტოსკოლებში, ავტომობილის მართვასთან ერთად, მისი შემადგენლობის და მუშაობის სპეციფიკის მეტ-ნაკლები შესწავლაც.

"მხოლოდ საჭის ტრიალი არ არის საკმარისი იმისთვის რომ გქონდეს საგზაო მოძრაობაში ჩართვის უფლება. უნდა იცოდე და ფლობდე ავტომობილსაც. მართვის მოწმობის გამოცდა იმდენად არასრულყოფილია, რომ ყოველწლიურად იმატებს მკვლელი მძღოლების რაოდენობა. ქალაქი სავსეა გაუამართავი მანქანებით და უვიცი მძღოლებით. ტექდათვალიერებაც გასამკაცრებელია. არ იქნებოდა ცუდი სკოლებში დაბალი კლასებიდანვე იწყებოდეს საგზაო უსაფრთხოების გაკვეთილები, მაღალ კლასებში კი მანქანის მართვის უსაფრთხოების გაკვეთილები უნდა ტარდებოდეს. მარტო ჯარიმები და აკრძალვები საქმეს რომ ვერ შველის, აგერ სტატისტიკაა ნათელი მაგალითი. უნდა ვიზრუნოთ ავტოსპორტის განვითარებაზეც. უნდა დაიხვეწოს და მოწესრიგდეს ინფრასტრუქტურაც, რადგან დღეს ქალაქების ქუჩები ვერარ აუდის ავტოტრანსპორტის გაზრდილ რიცხვს," - გვითხრა თოფაძემ.

ცნობისთვის, შსს-ს მონაცემებით, საქართველოში 2019 წლის განმავლობაში 5839 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა, რა დროსაც 481 ადამიანი დაიღუპა და 7921 დაშავდა. 2019 წელს წინა წელთან შედარებით საქართველოში დაღუპულ პირთა რაოდენობა 5 %-ით გაიზარდა (22 ადამიანით მეტი დაიღუპა), ხოლო საგზაო შემთხვევები 9,5%-ით, დაშავებულობა კი 12 %-ით შემცირდა.

ავტოპსაგზაო შემთხვევეის მიზეზად სახელდება შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლა ან გასწრების წესების დარღვევა; მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება; სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system