თავში

რატომ? როდის? ვის? რამდენად? - სპეციალსიტების კითხვები კაპიტალის ბაზარზე

სპეციალსიტების კითხვები კაპიტალის ბაზარზე
რატომ? როდის? ვის? რამდენად? - სპეციალსიტების კითხვები კაპიტალის ბაზარზე

ქართული კაპიტალის ბაზარი რომ განვითარდეს, პირველ რიგში მისი რეგულირება ეროვნული ბანკის კომპეტენციიდან უნდა გამოვიდეს და ცალკე ორგანოს დაევალოს, – ამის შესახებ „საქართველოს ვენჩურული კაპიტალის ასოციაციის“ თავმჯდომარემ აიეტ კუკავამ განაცხადა. მისი აზრით, საქართველოს რეგიონული საფონდო ბირჟის ჩამოყალიბების სრული პერსპექტივა აქვს, რაც განხორციელების შემთხვევაში ეკონომიკას უზარმაზარ ბიძგს მისცემს.

„კაპიტალის ბაზარი არის ჩვენი უნიკალური შანსი, რომ რეგიონში ადგილი დავიმკვიდროთ. პირველ რიგში, ეროვნულ ბანკს უნდა გამოეყოს კაპიტალის ბაზრის მარეგულირებელი. დღეს ეროვნული ბანკია რეგულატორი და ცოტა რთულია, იმიტომ რომ ის 16 ბანკს კურირებს, რაც მისი ძირითადი მიზანია და ამ დროს აკეთებს დიამეტრალურად განსხვავებულ საქმეს, რაშიც საქართველოში ძალიან ცოტას აქვს გამოცდილება და განათლება. შესაბამისად, ეს ეროვნული ბანკის საქმე არ არის. არის ქვეყნები, სადაც ეს ხდება, მაგრამ იქ ბაზარი განვითარებულია. ჩვენ შემთხვევაში ეს უნდა გამოეყოს“, – განაცხადა კუკავამ.

მისი განმარტებით, მას შემდეგ რაც 2008 წელს კაპიტალის ბაზრის მარეგულირებელი ორგანო ეროვნულ ბანკს შეუერთდა, საბანკო სფერო 40-ჯერ გაიზარდა, საფონდო ბირჟის აქტივობა კი უკან-უკან წავიდა, ამიტომ უმჯობესია, თუ კაპიტალის ბაზრის რეგულირება ისევ ცალკე იქნება. განცალკევებულმა მარეგულირებელმა კი, საფონდო ბირჟის რეგიონულ ჰაბად გარდაქმნაზე უნდა იზრუნოს, რადგან ქართული ბაზარი ძალიან პატარაა და დამოუკიდებლად ვერ განვითარდება.

„მეორე რიგში უნდა მოვიზიდოთ მენეჯმენტი, რომელსაც მსოფლიოს წამყვან ბირჟებზე და მარეგულირებლებში მუშაობის გამოცდილება აქვთ. მესამე ნაბიჯი ის იქნება, რომ ამ ხალხს ვუთხრათ, აქცენტი საქართველოზე კი არ გააკეთონ, არამედ რეგიონზე, რომელიც 20 ქვეყანას მოიცავს და სადაც 600 მილიონი მოსახლეობა ცხოვრობს. უნდა მივცეთ გეგმა, რომ ათიათასობით ინვესტორი მთელი მსოფლიოდან მოიზიდონ და ამ რეგიონში მოქმედმა ასობით კომპანიამ ფასიანი ქაღალდები საქართველოში განათავსონ. ეს ეკონომიკას უზარმაზარ ბიძგს მისცემს“, – განაცხადა კუკავამ.

„საქართველოს ვენჩურული კაპიტალის ასოციაციის“ თავმჯდომარე თვლის, რომ რეგიონული ბირჟის წარმატებული მაგალითი თურქეთის სტამბოლის ბირჟაა, რომლის გამოცდილების გაზიარება საქართველოსაც გამოადგება.

„ფასიანი ქაღალდების განთავსების ხარჯები აქ გაცილებით დაბალი უნდა იყოს, ხოლო ტრანზაქციები – გაცილებით მარტივი, ისე რომ მცირე კომპანიებმაც შეძლონ განთავსება. ამით საქართველო შეძლებს რესურსი მოიზიდოს, გახდეს რეგიონის ჰაბი. შესაბამისად, ყველაზე იაფი ფული რეგიონში საქართველოში იქნება, რაც ქართულ ეკონომიკას უზარმაზარ ბიძგს მისცემს“, – განმარტა კუკავამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system