თავში

ელექტროენერგიის ტარიფის სუბსიდირებისთვის განაცხადი ბიზნესმა 27 იანვრამდე უნდა შეავსოს

სუბსიდირებისთვის განაცხადი ბიზნესმა 27 იანვრამდე უნდა შეავსოს
ელექტროენერგიის ტარიფის სუბსიდირებისთვის განაცხადი ბიზნესმა 27 იანვრამდე უნდა შეავსოს

გარკვეული კატეგორიის კვების პროდუქტების მწარმოებელმა მეწარმეებმა, რომლებიც ელექტროენერგიის ტარიფის ნაწილობრივი სუბსიდირებით ისარგებლებენ, განაცხადი ელექტრონულ პლატფორმაზე უნდა შეავსონ.

ამის შესახებ report.ge-ს ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს. 

სამინისტროს განცხადებით, გარკვეული კატეგორიების კვების პროდუქტების მწარმოებელმა მეწარმეებმა, ელექტროენერგიის ტარიფის ნაწილობრივი სუბსიდირების სარგებლობისთვის, 2021 წლის 13 იანვრიდან 27 იანვრის ჩათვლით პერიოდში განაცხადი უნდა შეავსონ ელექტრონულ პლატფორმაზე: https://registration.gov.ge/electricity

გარკვეული კატეგორიების კვების პროდუქტების მწარმოებელი მეწარმე სუბიექტებისთვის სახელმწიფო განახორციელებს 2021 წლის განმავლობაში მოქმედ ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფსა და 2020 წელს მოქმედ ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფს შორის წარმოქმნილი სხვაობის 50 პროცენტის სუბსიდირებას.

მეწარმე სუბიექტებს, რომლებიც ექვემდებარებიან ნაწილობრივ სუბსიდირებას და გადახდილი აქვთ/ექნებათ 2021 წლის განმავლობაში მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური, გადახდილი თანხა აესახებათ პირად სააბონენტო ბარათზე. ამასთან, ნაწილობრივი სუბსიდირება არ უნდა იქნეს მიმართული მეწარმე სუბიექტის მიერ 2021 წლის 1-ელ იანვრამდე წარმოშობილი დავალიანებების დასაფარად.

სუბსიდირება ვრცელდებაიმ მეწარმეებზე, რომლებიც საქმიანობას ახორციელებენ შემდეგ სექტორებში: მეფრინველეობა; ხორცის გადამუშავება და კონსერვირება; შინაური ფრინველის ხორცის გადამუშავება და კონსერვირება; ხორცის პროდუქტების წარმოება; თევზის, კიბოსნაირებისა და მოლუსკების გადამუშავება და კონსერვირება; კარტოფილის გადამუშავება და კონსერვირება; ხილისა და ბოსტნეულის გადამუშავების და კონსერვირების სხვა სახეები; ზეთებისა და ცხიმების წარმოება; მარგარინისა და მსგავსი საკვები ცხიმების წარმოება; რძის გადამუშავება და რძის პროდუქტების წარმოება; საფქველ-ბურღულეული პროდუქტების წარმოება; სახამებლებისა და სახამებელი პროდუქტების წარმოება; პურის წარმოება, არახანგრძლივი შენახვის ცომეული საკონდიტრო ნაწარმის, ნამცხვრების და მისთ. წარმოება; ორცხობილებისა და მშრალი ნამცხვრის წარმოება; მაკარონის, ატრიის, კუსკუსისა და მსგავსი ცომეული პროდუქტების წარმოება; შაქრის წარმოება; სუნელ-სანელებლებისა და საკაზმ-სანელებლების წარმოება; ჰომოგენიზებული საკვები პრეპარატებისა და დიეტური საკვები პროდუქტების წარმოება; მზა საკვების წარმოება ფერმისა და შინაური ცხოველებისთვის.

ცნობისთვის, საქართველოში კომერციული ელექტროენერგიის ტარიფი კილოვატ საათზე საშუალოდ 10-13 თეთრით გაძვირდა, ანუ, ბიზნესი კილოვატ საათზე საშუალოდ 6.5-6.5 თეთრის სუბსიდიას მიიღებენ.

შეგახსენებთ, სემეკმა ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების კომპანიებს ახალი ტარიფები დაუდგინა, რომლის შედეგადაც, საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის ტარიფი 3.5 თეთრით იზრდება. წყალი კი სამ ქალაქში გაძვირდა.

ხელისუფლების განმარტებით, მოსახლეობა და ბიზნესი კომუნალური ტარიფების ზრდას ვერ იგრძნობს, რადგან 2021 წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობა სხვაობას დღევანდელ ტარიფსა და გაზრდილ ტარიფს შორის, სრულად დაასუბსიდირებს 300 კილოვატამდე მოხმარების მქონე აბონენტებისთვის. ხელისუფლება ირწმუნება, რომ ასეთია საქართველოს მოსახლეობის 95%-ი.

სახელმწიფო წყალმომარაგების ტარიფის სხვაობას დაუსუბსიდირებს სოციალურად დაუცველებსაც,

ელექტროენერგიის დღევანდელსა და გაზრდილ ტარიფს შორის სხვაობის 50% დაუსუბსიდირდებათ საკვები პროდუქტების პირველად, ადგილობრივ წარმოებაში მოქმედ კომპანიებს, 2021 წლის განმავლობაში.

ექსპერტების დათვლით 2021 წელს ბიუჯეტს საყოფაცხოვრებო ელ.ენერგიის 3.5 თეთრით სუბსიდირება 80 - 90 მილიონი ლარი დაუჯდება.

კომუნალური გადასახადების სუბსიდირებისთვის ბიუჯეტიდან 165 მილიონი ლარი გამოიყოფა.

მთავრობა ელექტროენერგიის ტარიფის სუბსიდირებას მხოლოდ ერთი წლით გეგმავს.

სპეციალისტების შეფასებით, გაძვირების მიუხედავად, ელექტროენერგია საქართველოში ბევრად იაფია სხვა ქვეყნებთან შედარებით. ეკონომისტ იოსებ არჩვაძის ინფორმაციით, მეზობელ თუ არამეზობელ ქვეყნების უმრავლესობასთან საქართველოს განსხვავება დენის ტარიფით დაახლოებით 1.5-2.0-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე ეკონომიკური განვითარების დონით. ასე მაგალითად, მშპ-ის წარმოებით მოსახლეობის ერთ სულზე ევროკავშირი საქართველოს უსწრებს 2.9-ჯერ, დენის ტარიფით კი - 4.3-ჯერ, დანია (ევროკავშირში დენის ყველაზე მაღალი ტარიფის მქონე ქვეყანა), შესაბამისად - 3.8-ჯერ და 5.8-ჯერ; ჩვენი სამხრეთელი მეზობელი თურქეთი, შესაბამისად, 1.9-ჯერ და 2.1-ჯერ. თვით კოსოვოშიც კი, სადაც ცხოვრების დონე საქართველოზე თითქმის 30 პროცენტით დაბალია, დენის ტარიფი ჩვენთან შედარებით 22 პროცენტით უფრო მაღალია. არჩავძე ამბობს, რომ დენის მომატებული ტარიფითაც კი საქართველო საშუალო ევროპულ დონეს მხოლოდ უმნიშვნელოდ მიუახლოვდება და, ამჟამინდელი 23 პროცენტის ნაცვლად, დაახლოებით 25-26 პროცენტი იქნება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system