თავში

ტაქსოპერატორები ტაქსების რეფორმას აფასებენ

ტაქსოპერატორები ტაქსების რეფორმას აფასებენ
ტაქსოპერატორები ტაქსების რეფორმას აფასებენ

კომპანია „ბოლტი“ (Bolt) ტაქსების რეგულაციების მეორე ფაზის ამოქმედებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 1-2 ოქტომბერს მგზავრობის საშუალო ფასმა მხოლოდ ხუთი პროცენტით მოიმატა.

„საზოგადოებაში ინტერესი კონკრეტულად ტაქსების მომსახურების ფასის ზრდასთან იყო დაკავშირებული, ამიტომ გადავწყვიტეთ, გაგვეზიარებინა ჩვენი დაკვირვება. რა თქმა უნდა, პირველი ოქტომბრიდან ჯერ ცოტა დროა გასული, რათა ურყევი დასკვნები გამოვიტანოთ. თუმცა, პირველი რამდენიმე დღის დაკვირვებით შემდეგი ტრენდები შევამჩნიეთ:

1) მგზავრობის საშუალო ფასმა 1-2 ოქტომბერს, წინა კვირის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მხოლოდ 5%-ით მოიმატა, თუმცა მომატებული ფასის პირობებში უფრო მეტი მძღოლი ჩაერთო აპლიკაციაში და საშუალო ფასი 3-4 ოქტომბერს ისევ წინა კვირის ნიშნულს დაუბრუნდა.

2) ქალაქში ავტომობილით გადაადგილების სისწრაფემ მოიმატა. წინა კვირის იგივე დღესთან შედარებით მთელი დღის განმავლობაში ჩვენი პარტნიორი მძღოლების მიერ ერთ წუთში დაფარული მანძილი 3-5%-მდე გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ გზებზე გამტარიანობა გაიზარდა.

3) საგრძნობლად შემცირდა პარტნიორი მძღოლების უმგზავროდ გადაადგილება. მას შემდეგ, რაც B კატეგორიის ტაქსებს ქუჩაში მგზავრის აყვანა აეკრძალათ, ჩვენი მძღოლების უმეტესობა მგზავრობის დასრულებისთანავე ახდენს პარკირებას შემდგომ გამოძახებამდე.

Bolt-ი ოპერირებს 30-ზე მეტ ქვეყანაში და ჩვენი გამოცდილებით, ასეთი მცირე მასშტაბის ფასის გადახრები ხშირია სხვა ქალაქებშიც და შეიძლება ბევრ ფაქტორზე იყოს დამოკიდებული (მათ შორის ამინდზე, გზებზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება/დამთავრებაზე, და ასე შემდეგ). ამიტომ, ვვარაუდობთ, რომ რეგულაციის მეორე ფაზაში გადასვლას მნიშვნელოვანი ცვლილებები ჩვენს (B კატეგორიის ტაქსების) ბაზარზე არ გამოუწვევია.

ისიც გვესმის, რომ პიკის საათებში, როდესაც მოთხოვნა უკიდურესად გაზრდილია, ერთეულ მგზავრებს შეიძლება მგზავრობის ფასი საგრძნობლად გაეზარდოთ. თუმცა, ეს ახალი მოვლენა არ არის და დინამიური საფასო სისტემა ბოლოს ამოქმედებულ რეგულაციამდეც მოქმედებდა და არ უკავშირდება ამ უკანასკნელს. ჩვენ ყოველდღიურად ვმუშაობთ იმაზე, რომ მეტი მძღოლი დავამატოთ ჩვენს სისტემაში და საკმარისად წავახალისოთ ისინი, რათა პიკის საათში ყველას მოთხოვნა დისკომფორტის გარეშე დავაკმაყოფილოთ“, – აცხადებენ კომპანია „ბოლტში“.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system