თავში

თამბაქოს აქციზით ბიუჯეტი 30-40 მილიონი ლარის შემოსავალს მიიღებს

თამბაქოს აქციზით ბიუჯეტი 30-40 მილიონი ლარის შემოსავალს მიიღებს
თამბაქოს აქციზით ბიუჯეტი 30-40 მილიონი ლარის შემოსავალს მიიღებს

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა "თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტს, რომელიც ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით დამზადებული თამბაქოსა და ნიკოტინის ახალი ნაწარმის რეგულირებას ითვალისიწნებს.


როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები და მსოფლიოს არაერთი ქვეყნის კანონმდებლები დიდი ხანია თანხმდებიან, რომ მიუხედავად განსხვავებისა ტრადიციული თამბაქოს ნაწარმისაგან, თამბაქოს და ნიკოტინის ნაწარმი, რომელიც არაა დაკავშირებული წვის პროცესთან (თამბაქოს ახალი ნაწარმი), აუცილებელია ექვემდებარებოდეს გარკვეულ რეგულირებას და მოექცეს სამართლებრივ რეჟიმში.

"თამბაქოს კონტროლის შესახებ" საქართველოს კანონი, რომელიც უმეტესწილად ამოქმედდა 2018 წლის 1 მაისიდან, ერთნაირად არეგულირებს თამბაქოს და ნიკოტინის ყველა სახის ნაწარმს, თუმცა იგი არ არეგულირებს თამბაქოს ახალ ნაწარმს.

კანონპროექტის მიხედვით, თამბაქოს ნაწარმს ემატება თამბაქოს ნედლეული და თამბაქოს ნარჩენები, ასევე განისაზღვრება ვალდებულება, რომ მითითებული საქონლის მიწოდება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთვევაში, თუ იგი დაფასოებულია ნეტო-მასით 50 ან 100 გრამიან პირველად საფუთავებში, გარდა ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული შემთხვევებისა.

კანონპროექტის თანახმად, განისაზღვრა თამბაქოს ახალი ნაწარმის საქართველოს ბაზარზე განთავსების თაობაზე შეტყობინების წესიც. კერძოდ, თამბაქოს ახალი ნაწარმის მწარმოებლები ან/და იმპორტიორები ვალდებულნი არიან შეატყობინონ სამინისტროს ნებისმიერი თამბაქოს ახალი ნაწარმის შესახებ, რომლის საქართველოს ბაზარზე განთავსებასაც ისინი გეგმავენ. შეტყობინება სამინისტროს უნდა მიეწოდოს ბაზარზე განთავსებამდე 3 თვით ადრე.

წარმოდგენილი კანონპროექტით, თამბაქოს ახალ ნაწარმზე გავრცელდება სამედიცინო გაფრთხილების დატანის განსხვავებული წესი: თამბაქოს ახალი ნაწარმის თითოეულ შეფუთვაზე განთავსდება სამედიცინო გაფრთხილება პიქტოგრამის გარეშე; აღნიშნული სამედიცინო გაფრთხილების 2 ნიმუშს დაამტკიცებს საქართველოს მთავრობა; თამბაქოს ახალ ნაწარმთან მიმართებით ასევე დაზუსტდა, რომ სამედიცინო გაფრთხილება უნდა იყოს განთავსებული შეფუთვის წინა და უკანა დიდ გვერდებზე და არ უნდა იკავებდეს გვერდის საერთო ფართობის 30 პროცენტზე ნაკლებს, რომელშიც შედის შემომფარგვლელი ხაზები;

კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, სახელმწიფო ბიუჯეტი ჯამურად 30-40 მილიონი ლარის საგადასახადო შემოსავალს მიიღებს, რაც მიიღება თამბაქოს ახალი ნაწარმისა და შესაბამისი მოწყობილობების იმპორტისა და რეალიზაციის შედეგად გადახდილი აქციზის, ადვალური და დამატებითი ღირებულების გადასახადების სახით, იმ დაშვებით, რომ დღეისათვის ქვეყანაში თამბაქოს ახალი ნაწარმის 15,000-მდე მომხმარებელია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system