თავში

თამბაქოს კონტროლის ხარვეზები საქართველოში

თამბაქოს კონტროლის ხარვეზები საქართველოში
თამბაქოს კონტროლის ხარვეზები საქართველოში

"მართალია, მიღებული შედეგები იმედისმომცემია, მაგრამ საქართველომ უნდა გადაჭრას თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონმდებლობაში არსებული ხარვეზები, თუ გვინდა, რომ ამ პოლიტიკის ეფექტიანობა კიდევ უფრო გაიზარდოს. მაგალითად, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების ნაწილში მოწევა ჯერ კიდევ დაშვებულია. ასეთებია კაზინოები, კერძო ტაქსები, სასჯელაღსრულების დაწესებულებები და აეროპორტის სატრანზიტო ზონები," - ასე ფიქრობენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) კვლევით ინსტიტუტში.  ორგანიზაციამ შეაფასა თამბაქოს კონტროლის საკანონმდებლო და საგადასახადო პოლიტიკა საქართველოში და დაასკვნა, რომ თამბაქოს კონტროლის პოლიტიკით მიღწეული შედეგები (რომელიც თამბაქოს მხოლოდ ლეგალური ბაზრისთვის ვაჩვენეთ ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით) შეიძლება გააუარესოს არალეგალური (შავი) ბაზრის განვითარებამ. 

"ზოგადად, თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის ზრდა არალეგალურ ვაჭრობას ახალისებს, რაც ამცირებს თამბაქოს კონტროლისა და დაბეგვრის პოლიტიკის ეფექტიანობას, რადგან ასეთ ბაზრებზე თამბაქოს ნაწარმი ბევრად იაფი ღირს. დამატებით, თამბაქოს ნაწარმის კონტრაბანდა, არალეგალური წარმოება და ფალსიფიკაცია თავს არიდებს სახელმწიფო გადასახადებს, რაც ამცირებს სახელმწიფო შემოსავლებსაც. მსოფლიო ბანკის კვლევის მიხედვით, ამჟამად რუსეთის მიერ ოკუპირებული და კონტროლირებადი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიები შეიძლება არალეგალური თამბაქოს ნაწარმის წყარო გახდეს. ამ თემაზე ჩატარებული კვლევების თანახმად, საქართველოში სიგარეტით არალეგალური ვაჭრობის მაჩვენებელი დაბალია და 2019 წელს მთლიანი ვაჭრობის მხოლოდ 1.5%-ს შეადგენდა. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ტენდენცია შეიძლება სწრაფად შეიცვალოს, პოლიტიკის გამტარებლებმა განსაკუთრებული ძალისხმევა უნდა მიმართონ თამბაქოს ნაწარმით არალეგალური ვაჭრობის წინააღმდეგ," - აცახდებენ ორგანიზაციაში და კიდევ ერთ მნიშვნელოვანი საკითხად მიიჩნევენ მოწევისთვის თავის დანებების მხარდაჭერის პროგრამების ხელმისაწვდომობის დაბალ დონეს.

"დღეისთვის ეს სერვისი მხოლოდ რამდენიმე კერძო ჯანდაცვის დაწესებულებას აქვს. ამას ისიც ემატება, რომ ასეთი პროგრამების ღირებულებას ჯანმრთელობის საყოველთაო დაზღვევა მხოლოდ ნაწილობრივ ანაზღაურებს. პრობლემაა ისიც, რომ მთავრობის მოწევის წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკა არ მოიცავს თამბაქოს მავნე ზემოქმედების შემცირების ღონისძიებებს. მაგალითად, კანონმდებლობა ერთმანეთისგან არ განასხვავებს თამბაქოს მავნე ზემოქმედების შემამცირებელ პროდუქტებს (მაგ. ელექტრონულ სიგარეტს, გასახურებელ თამბაქოს), ტრადიციულ სიგარეტსა და შესახვევ თუთუნს. მსოფლიოში სულ უფრო მეტი ქვეყანა აღიარებს, რომ თამბაქოს ნაკლებად მავნებელ ნაწარმზე (მაგ. ელექტრონულ სიგარეტზე, საღეჭ ან საყნოს თამბაქოზე, გასახურებელ თამბაქოს ნაწარმზე) შედარებით მეტი წვდომის მიცემა ეფექტური ღონისძიებაა თამბაქოს მავნე ზემოქმედების შემცირებისა და მოწევისთვის თავის დანებებისთვის. სწორედ ამიტომ, სასურველია, ვიფიქროთ თამბაქოს ნაკლებად მავნებელ ნაწარმზე და სიგარეტის განსხვავებულად რეგულირებაზე," - ვკითხულობთ ორგანიზაციის კვლევაში. 

დაბოლოს, ISET-ში ევობენ, რომ გატარებული საგადასახადო პოლიტიკით მიღებული ჯანმრთელობის სარგებელი შეიძლება შეაფერხოს დაბეგვრის ბუნებამ. მათი აზრით, არსებული მიდგომა სიგარეტის უფრო იაფ ალტერნატივებზე გადასვლას უფრო ახალისებს, ვიდრე მოწევის შემცირებას. ამიტომ, მათივე მტკიცებით, როდესაც თამბაქოს ნაწარმის აქციზის გადასახადის მომავალ გაზრდაზეა საუბარი, ეს ფაქტორიც გასათვალისწინებელია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system