თავში

ჯანდაცვის სამინისტრომ თანამშრომლების გათავისუფლების მიზეზად უწყების რეორგანიზაცია დაასახელა

თანამშრომლების გათავისუფლების მიზეზად უწყების რეორგანიზაცია დაასახელა

გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ჯანდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეორგანიზაციის ფარგლებში დაკავებული თანამდებობიდან 80-ზე მეტი ადამიანი გათავისუფლდა, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია გამოეხმაურა. მისი განმარტებით, სამინისტროში რეორგანიზაცია ორი თვის წინ გამოცხადდა და მათ უკვე ჩაბარდათ რამდენიმე დღის წინ მთავრობის დადგენილება სამინისტროს ახალი სტრუქტურის თაობაზე, სადაც აისახა ის სტრატეგიული მიმართულებები და გადაწყვეტილებები, რა მიმართულებითაც სამინისტრო გააგრძელებს მომავალში მუშაობას. გაბუნიას თქმით, რეორგანიზაციის ფარგლებში მოხდა ზოგიერთი სტრუქტრული ქვედანაყოფის გაერთიანება და ჩამოყალიბდა ერთიანი პოლიტიკის დეპარტამენტი, რომელიც ერთი მენეჯმენტის ქვეშ იმუშავებს ოთხივე მიმართულებით, იქნება ეს ჯანმრთელობა, სოციალური დაცვა, დევნილთა თუ შრომის საკითხები. გაერთინება შეეხო ზოგიერთ სტრუქტურულ ქვედანაყოფს და ამის მიხედვით ჩამოყალიბდა საბოლოო სტრუქტურა და საშტატო განაკვეთი სამინისტროს თანამშრომლებისთვის.

„გაერთიანდა ძირითადი დეპარტამენტები. როგორც იცით, ჩვენი სამინისტრო მუშაობს ოთხი მიმართულებით, აქამდე არსებობდა შრომის, სოციალური დაცვის, ჯანმრთელობის და დევნილთა დეპარტამენტები. ამ დეპარტამენტების ნაცვლად ჩამოყალიბდა სამმართველოები და მათ უხელმძღანელებს ერთიანი პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი. რაც შეეხება გათავისუფლების ნაწილს, როცა რეორგანიზაციის პროცესი დაიწყო და ჩამოყალიბდა სამინისტროს ახალი სტრატეგიული მიმართულება, აქვე განისაზღვრა ის ზოგადი კომპეტენციები და სტანდარტი, რომელიც იქნა მიჩნეული მისაღებად და რეკომენდირებულ სტანდარტთან სამომავლოდ სამინისტროს ცენტრალურ აპარატში დასაქმებისთვის. შედგა კომისია, რომელიც გაესაუბრა რეორგანიზაციის მიზნებისთვის თითოეულ თანამშრომელს“, - აცხადებს გაბუნია.

მისი თქმით, გასაუბრება შეეხებოდა ზოგად კომპეტენციებს როგორც ესაა განსაზღვრული საჯარო სამსახურის კანონმდებლობის ფარგლებში. ამ კომპეტნეციების მიხედვით კომისიამ შეაფასა თანამშრომლების კომპეტენტურობა და რეკომენდაცია ახალ სისტემაში დასაქმებისთვის გაეწია მათ, ვინც აჩვენა საშუალოზე მაღალი სტანდარტი.

„საბოლოო ჯამში, გასაუბრების შედეგებიდან და სტრუქტურული რეორგანიზაციის შედეგებიდან, აქ ვგულისხმობ, რომ ზოგიერთი თანამდებობა გაუქმდა, აღარ არის ახალ სისტემაში, ამ თანამდებობაზე დასაქმებულ ადამიანებს ჩვენ შევთავაზეთ ალტერნატიული თანამდებობა,ზოგიერთი დათანხმდა, ზოგიერთმა უარი განაცხადა. ჯამში, გამოვიდა 51 თანამშრომელი, რომელიც ექვემდებარება მობილობას და ჩვენი ადამიანური რესურსების განყოფილება მუშაობს, რომ თანამშრომლების შემდგომი დასაქმების საკითხი გადაწყდეს დადგენილი კანონმდებლობის შესაბამისად“, - აცხადებს გაბუნია.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, 51 ადამიანია ისეთი, რომელსაც ნაწილობრივ არ გაეწია რეკომედაცია სამინისტროს ცენტრალურ აპარატში დასაქმებაზე, მათ შორის არიან ის ადამიანები, რომელთა პოზიციაც გაუქმდა და უარი თქვეს შეთავაზებულ ალეტრანტიულ პოზიციაზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system