თავში

თბილისის მერია ტაქსების რეფორმის მესამე ფაზას გეგმავს

თბილისის მერია ტაქსების რეფორმის მესამე ფაზას გეგმავს
თბილისის მერია ტაქსების რეფორმის მესამე ფაზას გეგმავს

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ტაქსების რეფორმის პირველი და მეორე ეტაპი წარმატებით შედგა და იგეგმება მესამე ეტაპიც. ამის შესახებ მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი მორგებული იქნება უკეთეს ხარისხზე და ტაქსების ბაზარზე სტაბილურ, ეკონომიკურ პირობებზე.

„ძალიან ბევრი სკეპტიკურად უყურებდა, ბევრს საერთოდ არ სჯეროდა ამ რეფორმის. ამ სკეპტიციზმს ნერგავდნენ თვითონ ტაქსის მფლობელებში და ზოგადად საზოგადოებაში. კარგია, რომ ამ ადამიანებს ეს არ გამოუვიდათ და ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ ამისთვის. გვქონდა ძალიან აქტიური კომუნიკაცია ნებართვის მფლობელ ტაქსის მძღოლებთან და ვფიქრობ, ეს არის რეფორმა, რომელიც ქალაქის ისტორიაში შევა და აუცილებლად თავის როლს შეასრულებს ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაში. როგორც იცით, არსებობს ტაქსის ორი კატეგორია - A და B. დღეის მდგომარეობით, A კატეგორიაში, დაახლოებით, 7700 ლიცენზიაა გაცემული, ხოლო B-ში - 8800. ეს არის რეფორმის მხოლოდ ორი ეტაპი, რომელთაგან მეორე მხოლოდ ახლა დავიწყეთ. ამ რეფორმას აუცილებლად ექნება მესამე ეტაპი, რომელიც მორგებული იქნება უკეთეს ხარისხზე და ტაქსების ბაზარზე სტაბილურ, ეკონომიკურ პირობებზე. რაც შეეხება მესამე ეტაპს, რა მოთხოვნები იქნება, ამის შესახებ ინფორმაციას აუცილებლად მივაწვდით საზოგადოებას, რომ მათ ჰქონდეთ დრო და შესაძლებლობა, რომ რეფორმისთვის მოემზადონ“, - განაცხადა თბილისის მერმა. 

დედაქალაქის მერმა ტაქსების რეფორმის მნიშვნელოვან ასპექტებზე ისაუბრა, და აღნიშნა, რომ რეფორმა ხელს შეუწყობს ქალაქში ტრანსპორტის მოწესრიგებას.

„სამწუხაროდ, გვყავს ისეთი ტაქსის მძღოლები, რომელთა ავტომობილებმა ვერ შეძლეს შემოწმების იმ მოთხოვნებში ჩაჯდომა, რაც კანონშია გაწერილია. დაახლოებით, ასეთი იყო 30%. მთავარი ამოცანა არის ის, რომ ნებართვა, რომელიც ტაქსის მძღოლებს გააჩნიათ, არ იყოს უბრალოდ ფურცელი. გარწმუნებთ, ეს იქნება მათთვის ღირებული და ვფიქრობ, რომ რეფორმა, რომელიც ჩვენ წამოვიწყეთ, ხელს შეუწყობს ტრანსპორტის მოწესრიგებას ქალაქში. ასევე, სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში, შემოვიღეთ ზონალურ-საათობრივი პარკირება. ჯერ გვაქვს რამდენიმე ლოკაცია, სადაც პროექტის დანერგვა წარმატებით მიმდინარეობს. ეტაპობრივად, ცენტრალურ უბნებშიც გადავალთ და ანალოგიურ მიდგომებს იქაც შემოვიღებთ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system