თავში

თებერვალში ექსპორტი შემცირდა

თებერვალში ექსპორტი შემცირდა
თებერვალში ექსპორტი შემცირდა

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2020 წლის თებერვალში საქონლის რეგისტრირებული საგარეო ვაჭრობის დეფიციტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14.8 პროცენტით გაიზარდა და 440.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

საანგარიშო თვეში საქონლის რეგისტრირებულმა ექსპორტმა წლიურად -0.5 პროცენტით დაიკლო და 263.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 8.6 პროცენტით 703.7 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა.

ექსპორტი - 2020 წლის თებერვალში საქონლის რეგისტრირებული ექსპორტი წლიურად 0.5 პროცენტით შემცირდა. 

ეროვნული ბანკის განმარტებით, საექსპორტო შემოსავლების კლებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა რუსეთში ექსპორტის შემცირებამ, რაც დიდწილად ფეროშენადნობებისა და მინერალური წყლების ექსპორტს უკავშირდება. 

რეგიონის ქვეყნებიდან აღსანიშნავია ასევე უკრაინაში შემცირებული ექსპორტი მინერალური სასუქებისა და სპირტიანი სასმელების გავლენით, ხოლო სომხეთში ექსპორტმა დაიკლო მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის მკვეთრი შემცირების გამო. 

ამის საპირისპიროდ, აზერბაიჯანში ექსპორტმა მოიმატა მსუბუქი ავტომობილებისა და მინერალური სასუქების რეექსპორტის გავლენით. 

ევროკავშირის ქვეყნებს შორის ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა ბულგარეთში სპილენძის მადნისა და კონცენტრატების გამო. 

ექსპორტმა მოიმატა ასევე  რუმინეთსა და მოლდოვაში.

დანარჩენი ქვეყნებიდან აღსანიშნავია ექსპორტის მატება ჩინეთში როგორც სპილენძის, ასევე ძვირფასი ლითონების მადნებისა და კონცენტრატების რეექსპორტის გამო. 

2020 წლის თებერვალში ძირითადი საექსპორტო ქვეყნები იყო: აზერბაიჯანი, რუსეთი, ბულგარეთი, ჩინეთი, სომხეთი, უკრაინა და თურქეთი. ჯამურად 7 ძირითადი სავაჭრო პარტნიორის წილი მთლიანი ექსპორტის 69 პროცენტი შეადგინა. 

ეროვნული ბანკის შეფასებით, წინა წელთან შედარებით ქვეყნების მიხედვით ექსპორტი მეტად დივერსიფიცირებული იყო.

2020 წლის თებერვალში ექსპორტიდან მიღებული შემოსავლების 3.3 პროცენტიან კლებაში ყველაზე დიდი წვლილი დაფასოებული სამკურნალო საშუალებების (3.7 პროცენტული პუნქტი) ექსპორტმა შეიტანა. 

ექსპორტის მოცულობაზე უარყოფითად აისახა ასევე ფეროშენადნობებზე, სპირტიან სასმელებზე, ყურძნის ნატურალურ ღვინოებსა და მინერალურ წყლებზე საგარეო მოთხოვნის კლება. 

აღსანიშნავია, რომ კვლავ მაღალი შემცირება აჩვენა მინერალურ და ქიმიურ სასუქების ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავლებმა (ჯამურად 2.4 პროცენტული პუნქტის წვლილი მთლიანი ექსპორტის კლებაში). 

ამის საპირისპიროდ, მკვეთრად მოიმატა მსუბუქი ავტომობილებისა და სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების რეექსპორტზე საგარეო მოთხოვნამ. 

ეროვნული ბანკის შეფასებით, წინა წელთან შედარებით სასაქონლო ჯგუფების მიხედვით ექსპორტი უფრო ნაკლებად დივერსიფიცირებული იყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system