თავში

ტყის ეკონომიკური სარგებლიანობა იზრდება

ტყის ეკონომიკური სარგებლიანობა იზრდება
ტყის ეკონომიკური სარგებლიანობა იზრდება

"ტყის ახალი კოდექსი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2020 წელს დაამტკიცა, სატყეო სექტორის რეფორმის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს," - ამის შესახებ აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2020 წლის საქმიანობის შემაჯამებელ ანგარიშში. 

დოკუმენტის მიხედვით, ახალი კოდექსის მთავარი მიზანია მრავალმიზნობრივი ტყითსარგებლობის დამკვიდრება, ტყის ეკოსისტემების შენარჩუნება და დაცვა, სოციალური და ეკონომიკური სარგებლის გონივრული გამოყენება. ე.წ „საქმიანი ეზოს“ მოწყობა, კოდექსით გათვალისწინებულ სხვა სიახლეებთან ერთად, წარმოადგენს ტყის მდგრადი მართვის დანერგვის ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტს.

"ტყის ახალი კოდექსის ეფექტიანი აღსრულების ხელშეწყობის, მოსახლეობისა და კერძო სექტორის მერქნულ რესურსზე ხელმისაწვდომობის გამარტივებისა და სატყეო მეურნეობის განვითარების მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, ქვეყნის მასშტაბით, თითქმის ყველა რეგიონში (იმერეთი; გურია, სამცხე-ჯავახეთი; მცხეთა-მთიანეთი; კახეთი, შიდა ქართლი) მოეწყო 26 „საქმიანი ეზო“, რაც უზრუნველყოფს ტყესთან დაკავშირებული ყველა ინფორმაციისა და მომსახურების მიწოდების გამარტივებას.  ეროვნული სატყეო სააგენტო ხე-ტყის დამზადების პრაქტიკას ცვლის. სოციალური ჭრები ეტაპობრივად გაუქმდება, სააგენტო ორგანიზებულად განახორცილებს ხე-ტყის დამზადებას, დახარისხებასა და დასაწყობებას ე.წ. „საქმიან ეზოებში“. აღნიშნული ცვლილება გაუადვილებს მოსახლეობას და კერძო სექტორს ხე-ტყის შეძენას და ტრანსპორტირებას მათთვის სასურველ პერიოდში. შედეგად, მერქნული რესურსის დამზადების მიზნით ტყითსარგებლობა გაცილებით ეფექტიანად განხორციელდება, შემცირდება უკანონო ჭრები და ტყეზე უარყოფითი გავლენა," - განმარტებულია ანგარიშში. 

აქვე აღნიშნულია, რომ გასული საუკუნიდან საქართველოში, წაბლის დაავადების გამოჩენის შემდეგ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, პირველად განხორციელდა სრულყოფილი და თანმიმდევრული სამეცნიერო და სატყეო ღონისძიებები დაავადების წინააღმდეგ ბიოლოგიური მეთოდების გამოყენებასთან დაკავშირებით

აქვე საუბარია  ტყის ინვენტარიზაციაზეც, რომელიც ტყის მდგრადი მართვის წინაპირობაა და რომლის მეშვეობით ტყეების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების შეფასება და ყველა სახის სატყეო სამეურნეო ღონისძიების დაგეგმვა ხდება. ანგარიშში ვკითხულობთ, რომ მას ათწლიანი სარევიზიო პერიოდი აქვს. პროცესის აღდგენა ეროვნულმა სატყეო სააგენტომ 2013 წლიდან შეძლო. 

"დღეისთვის ტყეების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების შესახებ ინფორმაცია განახლებულია სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული 232 316 ჰა ფართობისთვის და მომზადებულია ტყის მართვის ათწლიანი გეგმები. 2020 წელს, ტყის ინვენტარიზაცია და 10 წლიანი მართვის გეგმების მომზადება განხორციელდა 150 000 ჰა-ზე მეტ ფართობზე, რაც წინა წლების წლიურ მაჩვენებელს თითქმის 2-ჯერ აღემატება. აღსანიშნავია, რომ ახმეტისა და დედოფლისწყარო-სიღნაღის სატყეო უბნის ტყის ინვენტარიზაცია ახალგაზრდა მეტყევე სპეციალისტების მიერ განხორციელდა, რომლებიც 2019-2020 წლებში ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ მომზადებული სასწავლო პროგრამის გავლის შემდეგ, დასაქმდნენ საველე სამუშაოებზე. სააგენტოს მიერ 2019 წელს ინიცირებულმა ამ პროცესმა ახალგაზრდებში მეტყევის პროფესიისადმი ინტერესის ზრდას შეუწყო ხელი და სასწავლო პროგრამის ფარგლებში 2020 წელს 21 ახალი მეტყევე-ტაქსატორი გადამზადდა, რაც წინა წლის მსურველთა რაოდენობას აღემატება," - განმარტებულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2020 წლის საქმიანობის შემაჯამებელ ანგარიშში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system