თავში

ტყვია, ქრომი და სხვა მავნე ნივთიერებები თუთუნში - ჰამბურგის ლაბორატორიის კვლევა

ტყვია, ქრომი და სხვა მავნე ნივთიერებები თუთუნში

საქართველოდან გაგზავნილი თუთუნის შემადგენლობაში ჰამბურგის ლაბორატორიამ დიდი ოდენობით ტყვია, ქრომი და სხვა მავნე ნივთიერებები აღმოაჩინა.ლაბორატორიაში საქართველოში სარეალიზაციო ქსელიდან ამოღებული 20 სხვადასხვა სახეობის შესაფუთი თამბაქოს ნიმუში შეამოწმეს. აგრეთვე, ანალიზი ჩაუტარდა, 15 სხვადასხვა სახეობის ყველაზე გაყიდვად სიგარეტსაც. ანალიზმა შეუფუთავი თამბაქოს 20 ნიმუშიდან 11-ში პესტიციდების კვალი აჩვენა, რაც დასაშვებ ნორმას აჭარბებდა. სიგარეტთან შედარებით, შესახვევი თამბაქო შეიცავდა სამჯერ მეტი ოდენობით ბენზპირენს (პოლიციკლური ნახშირწყალბადების ჯგუფის მომწამვლელი ნივთიერება). თუთუნის შემადგენლობაში ბევრად მეტი ოდენობით იყო ქრომი (Cr) და თამბაქოსთვის სპეციფიკური ნიტროზამინების უფრო ფართო სპექტრი. გასახვევი თუთუნის შემადგენლობაში დაფიქსირდა მძიმე მეტალები - სიგარეტთან შედარებით ორჯერ მეტი ტყვია (Pb), და კადმიუმის (Cd) უფრო ფართო სპექტრი.შესახვევი თუთუნის შვიდ ნიმუშში აღმოაჩინა მწერსაწინაღმდეგო პრეპარატის(DDT - დიქლორ-დიფენილ-ტრიქოლოეთანი) კვალი, რომლის გამოყენება განვითარებულ ქვეყნებში აკრძალული ან მკაცრად შეზღუდულია. ჩვეულებრივი სიგარეტის ნიმუშებში ასეთი ნარჩენები არ დაფიქსირდა.

საქართველოდან გაგზავნილი თუთუნის სამ სინჯში აღმოჩნდა გენმოდიფიცირებული თამბაქოც. გენმოდიფიცირებული ნედლეულის გამოყენება ბრენდული სიგარეტის წარმოებაში მკაცრად კონტროლდება, რადგან მომხმარებლები მასში განსაკუთრებულ საფრთხეს ხედავენ. ამიტომ განსაკუთრებით საყურადღებოა ის ფაქტი, რომ შემოტანილი თუთუნის შემთხვევაში ამის გაკონტროლება შეუძლებელია.

ცნობისთვის, პირველი იანვრიდან იმპორტირებულ ფილტრიან სიგარეტზე ადვალური გადასახადი გაიზარდა – კომპანიებს კოლოფის ღირებულების 10%-ის ნაცვლად, 30%-ის გადახდა უწევთ. გარდა ამისა, ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე აქციზის განაკვეთი გათანაბრდა და 20 ღერზე 1.70 ლარი გახდა. გადაწყვეტილება პარლამენტში ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობით ახსნეს. იყო მოლოდინი, რომ სიგარეტის გაძვირება მის მოხმარებას შეამცირებდა. მაგრამ ეს მოლოდინი არ გამართლდა. ჯანდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ სიგარეტზე აქციზის განაკვეთის ზრდამ მოხმარება 3%-ით შეამცირა, თუმცა, რამდენად ზუსტია ეს მონაცემი, ამის თქმა რთულია, რადგან მწეველების დიდმა ნაწილმა გაძვირებული სიგარეტი შედარებით დაბალფასიანი ე.წ. გასახვევი თუთუნით ჩაანაცვლა.

იმის გამო, რომ გასახვევი თუთუნი აქციზით არ იბეგრება, მისი ზუსტი აღრიცხვა შეუძლებელია. რა ხარისხის თუთუნი შემოდის ქვეყანაში, არც ამის შემოწმება ხდება. ხშირ შემთხვევაში იმპორტირებული ნედლეული ჯანმრთელობისთვის საშიშ ნივთიერებებს შეიცავს, რაც ჰამბურგის აკრედიტირებულმა ლაბორატორიამაც დაადასტურა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system