თავში

წამლის კონტრაბანდა გახშირდა

წამლის კონტრაბანდა გახშირდა
წამლის კონტრაბანდა გახშირდა

ჯანდაცვის პოლიტიკისა და მართვის სპეციალისტი სერგო ჩიხლაძე აცხადებს, რომ საქართველოში წამლის დაბალი ხარისხის და ფასის გამო კონტრაბანდას გზა გაეხსნა. მართალია, ქართული ფარმაცევტული ბაზრის ეს თავისებურება ახალი არ არის, მაგრამ შემოსავლების კლებისა და უსახსრობის გამო მოსახლეობის უდიდეს ნაწილს წამლებზე ხელი ვერ მიუწვდება. შესაბამისად, როგორც სერგი ჩიხლაძე ამბობს, ბევრი ცდილობს მედიკამენტების ყიდვას იაფად და ამისთვის ყველა საშუალებას იყენებს. 

არადეკლარირებული მედიკამენტები ყველაზე მეტად თურქეთიდან შემოდის, თუმცა სპეციალისტები ეჭვობენ, რომ მათი შემოდინების რისკი არაკონტროლირებადი ტერიტორიებიდან დიდია. როგორც ჩიხლაძე report.ge-თან ამბობს, ხშირ შემთხვევაში მომხმარებელს წამლები პირადი მოხმარებისთვის შემოაქვს, მაგრამ არის შემთხვევები, როცა იაფად შეძენილი წამალი არაავტორიზებულ აფთიაქებში ან ხელზე გადამყიდველებთან იყიდება, რაც მომხმარებელს დიდ საფრთხეს უქმნის.

,,წამლის კონტრაბანდას ასტიმულირებს ფასი და ხარისხი, ერთიც და მეორეც არასახარბიელოა. რადგან წამლები იაფი ღირს მეზობელ ქვეყნებში, გადადიან და გადმოაქვთ როგორც პირადი მოხმარებისთვის, ასევე რეალიზაციის მიზნით. თურქეთთან შედარებით, საქართველოში წამალი საშუალოდ 60-70%-ით ძვირი ღირს, რაც გამაოგნებელი მაჩვენებელია და ასეთ ფონზე მედიკამენტების კონტრაბანდა არ  უნდა გვიკვირდეს. გარდა იმისა, რომ ძვირია საქართველოში წამალი, არის გარკვეული ტიპის მედიკამენტები, რაც ბაზარზე რეალურად არ არსებობს და მისი ყიდვა მოქალაქეებს არარეგალური გზით უწევთ. ამდენად, კონტრაბანდისთვის მრავალმხრივი მიზეზი არსებობს. ცხადია, ამით ბიუჯეტი ზარალდება, მაგრამ საფრთხეშია მომხმარებელიც. საეჭვოა არარეგალურად შემოსული წამლის ხარისხი, პირადი მოხმარებისთვის ყველამ ვიცით, ზუსტად რა გვჭირდება და რას ვყიდულობთ, ხელზე გადამყიდველებთან ყიდვისას, პრობლემა შეიძლება იყოს როგორც შეფუთვა ასევე შიგთავსი, რადგან არ ვიცით, რა წამალია, ზოგ შემთხვევაში, გასაგებ ენაზე ანოტაციაც კი არ ახლავს. არაკონტროლირებადი ტერიტორიებიდან წამლის კონტრაბანდასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ თურქეთიდან არალეგალურად დიდი რაოდენობის მედიკამენტები შემოდის", - აცხადებს ჩიხლაძე.

აღსანიშნავია, რომ გუშინ სარფში არადეკლარირებული მედიკამენტები აღმოაჩინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ 4,700 ლარი შეადგინა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system