თავში

წარმოების გაზრდის ახალი შესაძლებლობა მერძევეებისთვის

წარმოების გაზრდის ახალი შესაძლებლობა მერძევეებისთვის
წარმოების გაზრდის ახალი შესაძლებლობა მერძევეებისთვის

მერძევეობის მიმართულებით ახალი პროგრამის დაწყებას ფერმერები პრობლემის მოგვარების რეალურ შესაძლებლობად მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ ფინანსური რესურსის სწორად გამოყენების შემთხვევაში, წარმოების ზრდის მეტი საშუალება ექნებათ, რაც საბოლოოდ საოჯახო მეურნეოების როლსაც გააძლიერებს.

დედოფლიწყაროში მცხოვრები ფერმერი ბესიკ თოფმაჯიშვილი ამბობს, რომ დღესდღეობით მესაქონელეობა დიდ გასაჭირშია, რადგან ხალხს საქონლის შენახვის ელემენტარული საშუალება არ აქვს და არც სტიმული, რაც საბოლოოდ წარმოებაზე ნეგატიურად აისახება. ამ თვალსაზრისით, როგორც ფერმერი ამბობს, თანადაფინანსების პროექტში მონაწილეობა მოტივაციას გაზრდის და ხალხს სოფლისკენ შემოაბრუნებს.  

,,წარმოება დაბალ დონეზეა იმის გამო, რომ ხალხს ფული არ აქვს, ხოლო მარტო მცდელობა საკმარისი არ არის. შეიძლება ითქვას, რომ არც სტიმული აქვთ,  მოსახლეობა სოციალური დახმარების იმედადაა და წარმოების ზრდით არ არის დაინტერესებული. ეს დამოკიდებულება თუ დაიმსხვრევა და იაფ ფულზე ხელმისაწვდომობა გამარტივდება, სოფელსაც ეშველება, გლეხსაც და ეკონომიკაც მეტ სარგებელს მიიღებს. სამწუხაროდ, იშვიათად მეგულება ოჯახი, სადაც 2-3 სულზე მეტი საქონელი ჰყავთ, ამიტომ ახალი პროგრამა შექმნის მოტივაციასაც, რომ მეტი პირუტყვი იქონიონ, საჭიროების შემთხვევაში მიიღონ დახმარება და საოჯახო მეურნეობები განავითარონ", - ამბობს ბესიკ თოფმაზიშვილი.

ქვემო ქართლში მცხოვრები ფერმერი გიორგი გიორგაძე ,,შეღავათიანი აგროკრედიტის" ბენეფიციარია. ამბობს, რომ ახალი პროგრამითაც ისარგებლებს, რაც წარმოების გაფართოვებისთვის მეტ შესაძლებლობას მისცემს.

,,ახალი პროგრამა არა მარტო სოფლად მცხოვრებლებისთვის არის შეღავათი, აქედან წასული მოსახლეობის დასაბრუნებლადაც მომგებიანი შემოთავაზებაა, რომ ოჯახები ფეხზე დააყენონ, მთავარია, საქმის გამკეთებელი გამოჩნდეს და ჩვენ ყველა სხვა პრობლემას დავძლევთ. ადრე ,,შეღავათიანი აგროკრედიტით" ვისარგებლე და შანსს ვერც ახლა გავუშვებ ხელიდან. პროგრამის პირობებს გავეცნობი და თუკი დავაკმაყოფილებ, აუცილებლად ჩავერთვები", - ამბობს ფერმერი.

ცნობისთვის, მერძევეობის განვითარების ახალ პროგრამას სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD) აფინანსებს. თანადაფინანსება 40-დან 80 პროცენტის ფარგლებში მერყეობს. პროგრამის ფინანსური მხარდაჭერის მინიმალური ზღვარი 8 000 ლარია, მაქსიმალური კი, 195 ათასი ლარი.სამიზნე ჯგუფები ძირითადად მცირე და საშუალო ფერმერები არიან, რომლებსაც ჰყავთ სულ მცირე ხუთი, ხოლო მაქსიმუმ 20 მეწველი საქონელი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system