თავში

წელს ბანკებმა მოსახლეობისგან ნაკლები ქონება მიისაკუთრეს

წელს ბანკებმა მოსახლეობისგან ნაკლები ქონება მიისაკუთრეს
წელს ბანკებმა მოსახლეობისგან ნაკლები ქონება მიისაკუთრეს

ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონების ღირებულება შემცირდა. ამის შესახებ  ეროვნული ბანკის ,,საფინანსო სექტორის მიმოხილვაშია”  ნათქვამი. ბოლო წლების განმავლობაში პირველი შემთხვევაა, როცა კომერციულ ბანკებს მათ მიერვე დასაკუთრებული ქონებიდან შემოსავალი უმცირდებათ. სპეციალისტების შეფასებით, ცვლილება ამ მიმართულებით სესხებზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვას უკავშირდება. რაც შეეხება ოფიციალურ სტატისტიკას, მიმდინარე წლის ივლისში კომერციული ბანკების მიერ დასაკუთრებულმა ქონებამ 177.9 მლნ ლარი შეადგინა.

სებ-ის მიმოხილვის თანახმად, წლიურად ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონების ღირებულება 22.4 მილიონი ლარით შემცირდა. კერძოდ, 2018 წლის ივლისში ეს მაჩვენებელი 200.3 მილიონი ლარი იყო. ამასთან, სებ-ის ცნობით, მიმდინარე წლის ივლისის მონაცემებით, ჩამოწერილი სესხების მოცულობამ 26.1 მილიონი ლარი შეადგინა, მაშინ როცა გასული წლის ამავე პერიოდში 27.4 მლნ ლარის ოდენობის სესხის ჩამოწერა მოხდა.

საბანკო სფეროს სპეციალისტი, ფინანსისტი ნიკა შენგელია აღნიშნავს, რომ კომერციული ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონების შემცირება საბანკო რეგულაციებს უკავშირდება.

,,სესხებზე ხელმისაწვდომობა საკმაოდ იოლი იყო, მოქალაქეებს შედარებით ადვილად შეეძლოთ სესხის მიღება, ხოლო აღებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ადამიანები ქონებას კარგავდნენ. ამ მხრივ სებ-ის მიერ დაწესებული რეგულაციების შედეგი უკვე აშკარაა. სესხებზე ხელმისაწვდომობა შეზღუდულია და ცხადია, რომ რისკიც შედარებით შემცირებულია.ჩემი აზრით, ტრენდი შენარჩუნდება და ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონების მაჩვენებელი გეზს ისევ კლებისკენ გააგრძელებს", - განუცხადა ფინანსისტმა report.ge-ს. გარდა ამისა, საფინანსო სექტორის მიმოხილვის თანახმად, ივლისში 7.3 მლნ ლარის მოცულობის ჩამოწერილი სესხის ამოღება მოხდა, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მონაცემი 6.3 მლნ ლარი იყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system