თავში

წელს ფუტკრის ოჯახების თითქმის 70% განადგურდა

წელს ფუტკრის ოჯახების თითქმის 70% განადგურდა
წელს ფუტკრის ოჯახების თითქმის 70% განადგურდა

მეფუტკრეების ინფორმაციით, წელს ფუტკრის ოჯახების დიდი ნაწილი, დაახლოებით 70% განადგურდა. ამის მიზეზი, როგორც კომპანია ,,მეთაფლიას" დამფუძნებელი როლანდ ზირაქიშვილი report.ge-თან განმარტავს, ტკიპა ვაროატოზი, ასევე ფაროსანას წინააღმდეგ გამოყენებული პრეპარატებია, რამაც ფუტკრის იმუნიტეტის დასუსტება, შემდეგ უკვე სიკვდილიანობა გამოიწვია. მეფუტკრე ასევე აცხადებს, რომ აღდგენის ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს, რაშიც მეფუტკრეებს სახელმწიფოს მხარდაჭერა არ აქვთ.

,,ბოლო საუკუნეში წელს ყველაზე მძიმე წელია მეფუტკრეობაში. ფუტკრის ოჯახების დაახლოებით 70% დაღუპულია. აქამდე ეს მაჩვენებეი 15%-ს არ აჭარბებდა. ახლა მიდის აღდგენის პროცესი, რაშიც აქტიურად ვმონაწილეობთ. თუმცა სახელმწიფომ ამ მიმართულებით ფაქტიურად ვერაფერი გააკეთა. ვერ გადაწყდა, რომ რამე ხელშემწყობი ღონისძიებები განეხორციელებინათ. გვეუბნებიან, რომ რესურსი არ აქვს, როცა სარეზერვო რესურსი ამ დროს ყველა ქვეყანას მოეპოვება. შარშანწინ დაიწყო ფუტკრის განადგურების პროცესი და წლევანდელ გაზაფხულზე პიკს მიაღწია. რაც შეეხება მიზეზს, ვაროატოზის გავრცელებას უკავშირდება, თუმცა ფუტკარი ძირითადად ფაროსანასთან ბრძოლაში გამოყენებულ პრეპარატების გამო განადგურდა. ამან იმუნიტეტის დაქვეითება გამოიწვია და ბოლოს სიკვდილიანობით დასრულდა ეს პროცესი" -ამბობს ზირაქიშვილი report.ge-თან.

მისი თქმით, ამ ეტაპზე ფუტკრის აღდგენის პროცესი მიმდინარეობს, სადაც კი გადარჩა, აქტიურ ზომებს იღებენ მეფუტკრეები, რომ მაისის თაფლი მიიღონ. 

საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების დამფუძნებელი ლეკო პაპავა აცხადებს, რომ დარგის გადარჩენისთვის აუცილებელია სამინისტროსთან ერთად ახლებური მიდგომების შემუშავება, მეფუტკრეების დატრენინგება, ვეტერინარების გაძლიერება და შესაბამისი კვალიფიციური კვლევების ჩატარება.  მისი თქმით, პრობლემა მარტო საქართველოში არ არის, ფუტკრის დიდი ნაწილი განადგურდა სხვა ქვეყნებშიც, ყველაზე მეტად - ჩინეთში.

,,საკმაოდ დიდი დანაკარგი ვაქვს, 10-20%-ს არ აჭარბებდა ბუნებრივი სიკვდილიანობა და უკვე 70%-ს მიაღწია, რაც კატასტროფული მაჩვენებელია. ფუტკრის ოჯახების დაღუპვა ლარებში რომ გადავიყვანოთ, დაახლოებით 5 მლნ ლარია, მთლიანი შემოსავალი კი რასაც მივიღებდით, ჩვენი გათვლებით 50 მლნ ლარს აღწევს. თუმცა ზარალი მხოლოდ ეს არ არის, იცით, რომ ის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის 80%-ზე მეტს მტვერავს და ამ მიმართულებითაც ზარალი თვალსაჩინოა", - ამბობს პაპავა.

შეგახსენებთ, რომ 20 მაისი ფუტკრის მსოფლიო დღეა. როგორც გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ოფისში განმარტავენ, ორგანიზაცია უკვე წლებია ეხმარება ქართველ მეფუტკრეებს. ჩვენი მხარდაჭერა ეყრდნობა სხვადასხვა პროგრამას, რომლებიც ხორციელდება ევროკავშირის, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის და ავსტრიისა და შვეიცარიის მთავრობების დაფინანსებით. მათი განმარტებით, დღეს მეფუტკრეობა არა მხოლოდ გარემოსადმი ყველაზე მეგობრული, არამედ საკმაოდ სარფიანი ბიზნესია. მათივე ცნობით მსოფლიოში ბევრი სოფლად მცხოვრები ახალგაზრდა სწორედ ამ საქმიანობას ირჩევს და წარმატებასაც აღწევს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system