თავში

წელს ლარი დოლართან მიმართებით 3%-ით გამყარდება - სებ-ის პროგნოზი

წელს ლარი დოლართან მიმართებით 3%-ით გამყარდება - სებ-ის პროგნოზი
წელს ლარი დოლართან მიმართებით 3%-ით გამყარდება - სებ-ის პროგნოზი

სებ-ის ოპტიმისტური გათვლებით, წელს, დარჩენილ პერიოდში დოლარის მიმართ ეროვნული ვალუტის 3%-იან გამყარებას ელის, მომავალ 2022 წელს და დამატებით 3%-იან გამყარებას პროგნოზირებს. 

მოვლენების პესიმისტური სცენარით განვითარების შემთხვევაში კი მოსალოდნელია ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან 2021 წლის განმავლობაში მიმდინარე დონესთან შედარებით 10%-ით, ხოლო 2022 წელს დამატებით 5%-ით გაუფასურდეს.

"ოპტიმისტურ სცენარში აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემისა და ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ საპროცენტო განაკვეთების ცვლილება საბაზო სცენარის ანალოგიურია. ვინაიდან განვითარებულ ქვეყნებში ეკონომიკური აქტივობის ზრდას საწარმოო პოტენციალის გაუმჯობესება ახლავს თან, ინფლაციური წნეხები უმნიშვნელოა და მონეტარული პოლიტიკის ნაადრვი გამკაცრების საჭიროება დღის წესრიგში არ დგება. შესაბამისად, კაპიტალის ბაზრებზე ნარჩუნდება შერბილებული ფინანსური პირობები, რაც მზარდი და განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებისთვის ფინანსური რესურსების შეუფერხებელ ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.

აღნიშნული სცენარის პირობებში, სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში მზარდი ეკონომიკური აქტივობა სავაჭრო და საინვესტიციო ნაკადებს მიმდინარე წლიდან ზრდის. საერთაშორისო ტურისტული ნაკადების აღდგენა კი 2022 წლიდან იძენს დინამიკას. გაუმჯობესებული საბაზრო განწყობა და განვითარებულ ქვეყნებში შერბილებული მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნება ადგილობრივ ეკონომიკაში პორტფელური ინვესტიციების შემოდინებასაც ზრდის. შედეგად, ლარის გაცვლითი კურსი, როგორც ეფექტური, ასევე აშშ დოლართან, გამყარების ტენდენციას აჩვენებს. აღნიშნულ სცენარში, სავალუტო ნაკადების მოსალოდნელი აღდგენის კვალდაკვალ, მიმდინარე წლის დარჩენილ პერიოდში ლარი აშშ დოლართან 3%-ით, ხოლო 2022 წელს დამატებით 3%- ით მყარდება. ლარის აქტივებზე მზარდი
მოთხოვნის პირობებში ქვეყნის რისკის პრემია საბაზო სცენართან შედარებით კიდევ უფრო მცირდება",
- აღნიშნულია ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკურ სცენარში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system