თავში

წელს საქართველოში შავი ხიზილალის წარმოება დაიწყება

წელს საქართველოში შავი ხიზილალის წარმოება დაიწყება
წელს საქართველოში შავი ხიზილალის წარმოება დაიწყება

წელს საქართველოს შავი ხიზილალის წარმოების შესაძლებლობა ექნება. ადგილობრივ ბაზარზე პროდუქტი მარტიდან გავა, წელსვე იგეგმება ექსპორტზე გატანა, რის დეტალებსაც მწარმოებლები ჯერჯერობით არ აკონკრეტებენ. თუმცა, როგორც სოფლის მეურნეობის სანეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეცხოველეობის და საკვებწარმოების კვლევის დეპარტამენტის სპეციალისტი ელდარ კაშია აცხადებს, პროექტი უკვე მზად არის. წარმოება გურჯაანსა და საგარეჯოში იგეგმება.

კაშიამ report.ge-თან საუბრისას აღნიშნა, რომ დღეს შავი ხიზილალის ერთი გრამის ფასი, პირდაპირი მნიშვნელობით, ოქროს ფასს უტოლდება. უცხოურ ბაზრებზე 1 კგ. -ის ღირებულება, სულ მცირე, 1000 დოლარის ფარგლებშია.

report.ge დაინტერესდა რამდენად შესაძლებელია საქართველოში გამდიდრება ზუთხის ფერმის გაშენებით.

როგორც სპეციალისტი განმარტავს, შავი ხიზილალა თევზის ქვირითის დამუშავებით მიღებული საკვები პროდუქტია. იგი ზუთხისებრთა თევზების ქვირითისაგან მზადდება.

,,ზუთხი მომწიფებამდე რომ მივიდეს, 10 წელია საჭირო, როცა კალმახისთვის, რომლისგანაც წითელი ხიზილალა მზადდება, 2 წელი საკმარისია. შესაბამისად, ზუთხის მოშენებისა და მოვლა-პატრონობის ხარჯი ძალიან მაღალია და შავი ხიზილალის ფასიც ძირითადად ამით არის განპირებული. საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ხაშმში უკრაინელები წლიურად 300 ტონა ზუთხს აწარმოებენ. აქედან ხიზილალა შეიძლება 30 ტონის ოდენობით მივიღოთ, ეს საერთო წონის 10%-ია. ფასს თუ გავითვალისწინებთ, ძალიან დიდი მოგების მიღებაა შესაძლებელი, რაც ქვეყნის ეკონომიკას და ბიზნესსაც დიდ სარგებელს მოუტანს", - აცხადებს ელდარ კაშია.

ელდარ კაშიას ინფორმაციით, შავი ხიზილალას ფასზე თევზის ასაკიც მოქმედებს. ზუთხი 80 წლამდე ცხოვრობს, თუმცა, მთელი ცხოვრების მანძილზე მხოლოდ რამდენჯერმე დებს ქვირითს. ამით განსხვავდება იგი ქაშაყისგან – იგი უფრო სწრაფად იზრდება, ცოტა ხანს ცხოვრობს და მისი ხიზილალის ფასი შედარებით დაბალია – 1 კგ. დაახლოებით 80-100 ლარი ღირს.

ცნობისთვის, ყველაზე ძვირადღირებული შავი ხიზილალა მსოფლიოში ბელუგა-ალბინოსის პროდუქტია და ფერით ნაზი ოქროსფერია. დელიკატესს 100-გრამიან ოქროს ქილებში აფასოებენ და დაახლოებით 2000 დოლარად ყიდიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system