თავში

წელს სიმინდის ხარისხიც და რაოდენობაც გაუმჯობესდა

წელს სიმინდის ხარისხიც და რაოდენობაც გაუმჯობესდა
წელს სიმინდის ხარისხიც და რაოდენობაც გაუმჯობესდა

დასავლეთ საქართველოში წელს სიმინდის კარგ მოსავალს ელოდებიან. ადგილობრივების ინფორმაციით, ხარისხიც და რაოდენობაც, შარშანდელთან შედარებით,  აშკარად უკეთესია. მოსავლის აღების აქტიური სამუშაოები დაახლოებით 1 თვეში დაიწყება. თუმცა, როგორც ადგილობრივები ამბობენ, ფაროსანასთან გამკლავება ხალხმა შეძლო, რაც სიმინდის მოსავალზე დადებითად აისახა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ კახათში მცხოვრები ვახო ბესელია ამბობს, რომ მოსავლის დაახლოებით 80% შეინარჩუნეს. 

,,როგორც თხილის შემთხვევაში, აქაც ფაროსანას გავლენა მინიმალურია. როგორც წესი, გაზაფხულიდან მოყოლებული, ყანა 18 დღეში ერთხელ უნდა შეიწამლოს. ეს მარტივი არ არის, თუმცა 4-ჯერ მაინც მოვახერხე შეწამლვა. რეკომენდაციას ბოლომდე რომ მივყოლოდი, უკეთესი შედეგი მექნებოდა, მაგრამ არც ახლა ვარ უკმაყოფილო, მთავარია, ეს მოსავალი ავიღო, თითქმის ბოლო ეტაპზე ვართ და არ მგონია, რამემ შეგვაფერხოს. შარშან 1 ტონამდე სიმინდი ავიღე, წელს ცოტათი მეტი არის, ხარისხიც აშკარად უკეთესია. ალბათ, სიმინდის ყიდვა არ დამჭირდება. შარშანდელი მოსავალი არ მეყო, 1 თვეა სიმინდს ვყიდულობ როგორც ოჯახის წევრებისთვის, ასევე პირუტყვის საკვებადაც", - ამბობს ვახო ბესელია.

მოსავლის მხრივ კარგი მდგომარეობაა გურიაში. ადგილობრივების თქმით, ვინც მოვლა შეძლო, მოსავალმა ყველგან გაამართლა.

,,ხალხმა მოსავლის მოვლა თანდათან ისწავლა. სიმინდი დიდ შრომას ითხოვს, თუმცა აგროტექნიკური ღონისძიებები ხშირად წესების დარღვევით ტარდებოდა. სასოფლო-სამეურნეო კულტურების მიმართ მოსახლეობა ახლა მეტ ყურადღებას იჩენს, გამოცდილებაც მეტი დაგროვდა. შარშან მარაგი სეზონის დასაწყისშივე გავაკეთე, სიმინდის ყიდვა დამჭირდა, რადგან მიწა არ დამიმუშავებია. წელს, ცოტა არ იყოს, შევშინდი, სიმინდთან ერთად, ლობიოც დავთესე, მოსავალს კარგი პირი უჩანს", - აღნიშნა report.ge-თან ოზურგეთში, სოფელ კონჭკათის მცხოვრებმა ჯუმბერ სირაძემ. 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სიმინდის საყანე ფართობები ცივი შესხურების ტექნოლოგიითა და მსოფლიო ექსპერტების მიერ რეკომენდებული პრეპარატებით მუშავდება. წამლობა უსაფრთხოების წესების მაქსიმალური დაცვით მიმდინარეობს. ტყისპირა პერიმეტრებზე მონტაჟდება „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურები. დღეისათვის, სამეგრელოს რეგიონში ცივი შესხურებით დამუშავებულია 25 000-მდე ჰექტარი ფართობი, დამონტაჟებულია 7000 „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგური.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system