თავში

ციფრული ეკონომიკის მნიშვნელობას ფინანსთა მინისტრი განმარტავს

ციფრული ეკონომიკის მნიშვნელობას ფინანსთა მინისტრი განმარტავს
ციფრული ეკონომიკის მნიშვნელობას ფინანსთა მინისტრი განმარტავს

"მომავალში, ეკონომიკური პოლიტიკის მთავარი ამოცანა ციფრული ეკონომიკის ხელშეწყობა უნდა იყოს. განსაკუთრებით, ისეთი ტიპის ქვეყნებისთვის, როგორიც საქართველოა, თუკი გვინდა, რომ მივაღწიოთ ეკონომიკური ზრდის უფრო მაღალ ტემპებს," - ასე აფასებს ციფრული ეკონომიკის როლს საქართველოს ფინანსთა  მინისტრი. როგორც ლაშა ხუციშვილმა აზიის განვითარების ბანკის 54-ე წლიურ ვირტუალურ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ჯერ კიდევ სრულად არ არის გამოყენებული ციფრული ეკონომიკის შესაძლებლობები, რაც მისი თქმით, კარგად გამოჩნდა პანდემიის პირობებში.

„ჩვენ დავინახეთ, რომ ციფრულ ეკონომიკას აქვს ძალიან დიდი შესაძლებლობები. ის სულ უფრო მეტ ადგილს დაიკავებს ჩვენს ეკონომიკურ ცხოვრებაში. აქედან გამომდინარე,  ამასთან, მაღალსიჩქარიან ინტერნეტთან წვდომა, ასევე მნიშვნელოვანია ციფრული ეკონომიკის განვითარების დაჩქარებისთვის. საქართველოს მთავრობამ დაიწყო პროექტი „ფართოზოლოვანი ინტერნეტი ყველა მოქალაქეს“, რომლის საშუალებითაც მოხდება საქართველოს დაფარვა მაღალსიჩქარიანი ინტერნეტ ქსელით“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

ხუციშვილმა ასევე ისაუბრა ადამიანური კაპიტალის განვითარების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ აუცილებელია ინვესტირება ამ მიმართულებითაც. თავის გამოსვლაში ფინანსთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, რომელმაც განსაკუთრებული წვლილი უნდა შეიტანოს ეკონომიკის აღდგენის პროცესში.

„პანდემიამ გვიჩვენა, თუ როგორი ურთიერთდამოკიდებულები ვართ, ამიტომ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ არ შევქმნათ ხელოვნური ბარიერები. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი აქვს, როგორც ჩინეთთან, ისე ევროკავშირთან და ჩვენს ყველა მეზობელთან. უკვე მოლაპარაკების აქტიურ რეჟიმში ვართ და მალე დავასრულებთ პროცესს ინდოეთთან. პანდემიის გამო, ახლა იქ ურთულესი ვითარებაა. მსურს, თანადგომა გამოვუცხადო მათ პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში. ვფიქრობ, საერთაშორისო ეკონომიკური თანამშრომლობა და ვაჭრობის ხელშეწყობა – ეს არის სწორი გზა, რომელიც წარმმართველი ძალა უნდა გახდეს ეკონომიკის აღდგენისთვის პოსტპანდემირ ეპოქაში. ვფიქრობ, ეს მიმართულება დაგვეხმარება ეფექტურად დავძლიოთ პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური სირთულეები“, – განაცხადა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

ცნობისთვის, აზიის განვითარების ბანკის 54-ე წლიური შეხვედრა 3 მაისს დაიწყო და 5 მაისს დასრულდება.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკი, ახალი ფინანსური ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობისათვის, საგადახდო სისტემის ეფექტიანობისა და ფინანსური ჩართულობის გაუმჯობესების მიზნით, ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის (CBDC) გამოშვებას განიხილავს. მას გადახდის საშუალების სტატუსი ექნება. პროექტის ფარგლებში, ეროვნული ბანკი მზადყოფნას გამოთქვამს, ფინტექ კომპანიებთან და დაინტერესებულ ფინანსურ ინსტიტუტებთან ითანამშრომლოს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system