თავში

წინასაახალწლოდ თხილის ფასმა მოიმატა

წინასაახალწლოდ თხილის ფასმა მოიმატა
წინასაახალწლოდ თხილის ფასმა მოიმატა

რეგიონებში წინასაახალწლოდ 1 კგ. თხილის ფასმა 6-7 ლარს მიაღწია. სამეგრელოში ამბობენ, რომ წელს ყველაზე მაღალი ფასი ფიქსირდება, თუმცა წლის მარაგი, ფაქტობრივად, ამოწურულია. შარშან ამ დროს თხილი 5 ლარი ღირდა. დაახლოებით ამდენივე იყო თხილის ფასი შემოდგომის დასაწყისშიც. თუმცა დეკემბრიდან ტენდენციამ ზრდისკენ აიღო გეზი და მასიურად ყველგან ფასმა 1,50-2 ლარის ფარგლებში მოიმატა.

ზუგდიდში მდებარე თხილის მიმღებ პუნქტებში  report.ge-ს განუცხადეს, რომ ფასი ნაყოფის ხარისხზეა დამოკიდებული. ჩამბარებლები თხილის ხარისხს ადგილზე ამოწმებენ, რის მიხედვითაც ადგენენ ფასს. 

,,ხარისხიანი თხილი 7 ლარი ღირს, თუკი პროდუქტი უხარისხოა, ამდენს არავინ გადაიხდის. თუმცა ბოლო 2-3 თვის განმავლობაში  5 ლარზე იაფად თხილი არ გაყიდულა. ახლა მარაგი მცირეა, რადგან მოსახლეობის უმეტესობამ მოსავალი ზაფხულშივე გაყიდა. რაც შეეხება ფასის დადგენის მექანიზმს: 10 ცალ თხილს ვტეხთ, თუ აქედან ათივე გული კარგი იქნება, 7 ლარს ვიხდით, თუ 2-3 ცუდი გამოერია, თითო ლარს ვაკლებთ. თუმცა ამის საჭიროება ნაკლებადაა, წელს გაცილებით კარგი თხილია, ვიდრე წინა წლებში იყო", - ამბობს ლადო ცირამუა, ზუგდიდში მდებარე ერთ-ერთი თხილის ქარხნის თანამშრომელი.

შედარებით ნაკლებია თხილის ფასი ოზურგეთში. ადგილობრივების ინფორმაციით, ხარისხიდან გამომდინარე, 5-6 ლარზე ძვირად პროდუქტს ვერ ჰყიდიან.

ამის შესახებ report.ge-ს ოზურგეთში მცხოვრებმა ლეილა სიორიძემ აცნობა.

,,როგორც სახელმწიფოს, ასევე ფერმერების მხრიდან ზომები დროულად იყო მიღებული. ზედმეტი არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ ხარისხიანი მოსავლის მისაღებად ყველაფერი გაკეთდა, მაგრამ ფაროსანას ცუდი გავლენა მაინც შეიმჩნევა. ახლა მოსავლის დარჩენილ მარაგს ვაბარებთ. წინა წელთან შედარებით, მეტი თხილია, მაგრამ ხარისხის პრობლემა მაინც არის, ამიტომ  1 ლარით ნაკლებს გვიხდიან", - ამბობს ლეილა სიორიძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system