თავში

ცხინვალსა და ახალგორში სურსათი მასიურად გაძვირდა - Exclusive

ცხინვალსა და ახალგორში სურსათი მასიურად გაძვირდა
ცხინვალსა და ახალგორში სურსათი მასიურად გაძვირდა - Exclusive

ახალგორთან ე.წ. საზღვარის ჩაკეტვიდან 2 თვე გადის და მოსახლეობა რთული პრობლემის წინაშე აღმოჩნდა. ადგილობრივების ინფორმაციით, საკვების დეფიციტი არ არის, მაგრამ სიძვირის გამო ხალხს პროდუქტის ყიდვა უჭირს. მართალია, რეგიონში სურსათი და მედიკამენტები რუსეთიდან შედის, მაგრამ ამ წამლებით მხოლოდ ცხინვალი მარაგდება. ამიტომ გაცილებით მძიმე ვითარებაა ახალგორში, სადაც მოქალაქეებს ცენტრთან ინტენსიური მიმოსვლა არ აქვთ და არც ჯანდაცვის სერვისზე მიუწვდებათ ხელი. 

როგორც report.ge-ს ადგილობრივმა სანდო წყარომ ცხინვალიდან აცნობა, ავადმყოფები სამკურნალოდ ახალგორიდან ცხინვალში გადაჰყავთ. ,,წითელი ჯვრის" შუამდგომლობის შემთხვევაში, მათი ტრანსპორტირება თბილისშიც შესაძლებელია. ეს ერთადერთი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც ახალგორში თავისუფლად გადაადგილდება.

,,ცხინვალში არც სურსათის და არც წამლის დეფიციტი არ შეიმჩნევა. უფრო მეტიც, ახლახან ახალი სუპერმარკეტიც გაიხსნა, რომელიც სავსეა პროდუქტით, ძალიან დიდი არჩევანია. ანალოგიური ვითარებაა აგრარულ ბაზრებშიც, დახლები სავსეა და ხალხიც ბევრია.  სიტუაცია შეიცვალა და ვისაც აქამდე თბილისიდან შემოჰქონდა საკვები, ახლა რუსეთიდან ეზიდება. ცხადია, ეს ფასებს დაეტყო, აბსოლუტურად ყველაფერი გაძვირდა, პურიც კი, ფასმა ბოლო დღეების განმავლობაში 3-5 რუბლით მოიმატა.  სიძვირის გამო პროდუქტის ყიდვა უჭირთ, ადგილზე ბევრი სოციალურად შეჭირვებული მოსახლეა, რომელთა მდგომარეობაზეც საზღვრის ჩაკეტვა მძიმედ აისახა. რაც შეეხება მარაგს, მჭიდრო ურთიერთობა მაქვს ახალგორთან და დანამდვილებით ვიცი, რომ საკვების პრობლემა არც იქ აქვთ. თუმცა წამლების დეფიციტი ახალგორში საზღვრის ჩაკეტვამდეც იყო. ხალხს  ადმინისტრაციულ ცენტრთან მიმოსვლა წარამარა უჭირს. ეს ბუნებრივიცაა - თბილისთან უფრო მჭიდრო კავშირი აქვთ, თან ცხინვალთან შედარებით, უფრო ახლოა. პრობლემა მრავალმხრივია, რადგან მიმოსვლა უჭირთ სტუდენტებსაც და სასწავლო პროცესის გაცდენა უწევთ. საერთო ჯამში, ახალგორელებისთვის ჰუმანიტარული კატასტროფა არა, მაგრამ დიდი დისკომფორტია, რაც საზღვრის ჩაკეტვამ გამოიწვია", - განუცხადა სანდო წყარომ report.ge-ს.

მისი ვარაუდით, ახალგორში შექმნილი პრობლემა დროებითია და გზა აუცილებლად გაიხსნება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system