თავში

"წლის ბოლომდე ყვითელი ჯართი ქალაქში აღარ ივლის"

"წლის ბოლომდე ყვითელი ჯართი ქალაქში აღარ ივლის"
წლის ბოლომდე ყვითელი ჯართი ქალაქში აღარ ივლის

"წლის ბოლომდე მთლიანად ახალი ავტობუსების პარკი გვეყოლება და ქალაქში ყვითელი ჯართი აღარ ივლის", - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლებაზე საუბრისას განაცხადა.

„დავიწყეთ ავტობუსების ჩანაცვლება-განახლების პროცესი, წლის ბოლომდე მთლიანად გვეყოლება ახალი ავტობუსების პარკი და ეს ყვითელი ჯართი ქალაქში აღარ ივლის, რომელიც სერიოზულ დისკომფორტს წარმოადგენს და ამასთან მიმართებითაც სერიოზული კითხვები ისმოდა - "რა ვქნათ, ყვითელი ავტობუსებით ვიაროთ?" არა, არ იაროთ ყვითელი ავტობუსებით, ივლით ახალი ეკოლოგიურად სუფთა ევრო ექვსის ტიპის ავტობუსებით, თუმცა არც ავტობუსებით სიარული არ არის სავალდებულო, ჩვენ, რა თქმა უნდა, კერძო ავტომობილებს არ და ვერ ავკრძალავთ“, - განაცხადა კახა კალაძემ და განმარტა, რომ თბილისის მერია ავტომობილებით გადაადგილებას კი არ კრძალავს, არამედ მოქალაქეებს საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობისკენ მოუწოდებს.

„მოწინააღმდეგეები საუბრობენ და მიზანმიმართულად ცდილობენ, რომ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში თითქოს ჩვენ ვკრძალვთ კერძო ავტომობილით გადაადგილებას. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვკრძალავთ კერძო ავტომობილით გადაადგილებას, პირიქით, ხელი გვინდა შევუწყოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას და ეტაპობრივად მოვახერხოთ საკუთარ ავტომობილზე უარის თქმა და საზოგადოებრივ ტრანსპორტს მივანიჭოთ პრიორიტეტი. საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა იყოს ყველაზე პოპულარული, ყველაზე კომფორტული და ყველაზე სწრაფი დედაქალაქში“, - აღნიშნა თბილისის მერმა და დასძენა, რომ თბილისის გაზრდილ ავტოპარკს სწორი და გონივრული მართვა უნდა, რასაც სწორი სატრანსპორტი პოლიტიკა სჭირდება.

"სატრანსპორტო პოლიტიკაზე ბევრჯერ გვითქვამს ის, რომ რაც დღეს დედაქალაქში ხდება, ამის ასე გაგრძელება შეუძლებელია. შესაბამისად, წამოვიწყეთ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა, საზოგადოებას წარვუდგინეთ ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა და ვაჩვენეთ, თუ რა მიმართულებით მივდივართ და რის გაკეთებას ვაპირებთ. სტატისტიკას თუ შევხედავთ, თბილისში დაახლოებით, 500 000 ავტომობილზე მეტი გადაადგილდება, ყოველწლიურად ახალი, შემოყვანილი ავტომანქანების რაოდენობა 5, 6 და 7%-ით იზრდება, რაც ერთი მხრივ კარგია, რომ ადამიანებს შესაძლებლობა უჩნდებათ ახალი ავტომობილი შეიძინონ. თუმცა, მეორე მხრივ, ეს ცუდია, რადგან ეს ქალაქი ავტომანქანების გარკვეულ რაოდენობას იტევს და უფრო მეტის შემთხვევაში, გადაადგილება შეუძლებელი იქნება, ჩვენი რელიეფიდან და არსებული ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე. ასევე, ისმის კითხვები რატომ არ შეიძლება გზების გაფართოვება? ეს მიუღებელია, რადგან პირდაპირ წახალისება გამოდის და ჩვენ არ გვაქვს ქალაქში იმის შესაძლებლობა, რომ ყველა გზა გაფართოვდეს და კერძო ავტომანქანებს მოერგოს. ეს დამღუპველი იქნება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system