თავში

წლის ბოლომდე სებ-ი 200 მილიონ დოლარზე მეტს გაყიდის

წლის ბოლომდე სებ-ი 200 მილიონ დოლარზე მეტს გაყიდის
წლის ბოლომდე სებ-ი 200 მილიონ დოლარზე მეტს გაყიდის

საქართველოს ეროვნული ბანკი დღეს $40 მილიონს გაყიდის. წლის ბოლომდე კი სებ-ი, სავარაუდოდ, $200 მილიონზე მეტ რესურსს გაყიდის. ამის შესახებ განცხადება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ გააკეთა. 

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა სავალუტო ბაზარზე არსებული მერყეობა COVID-19-ის მიერ გამოწვეულ ეკონომიკურ კრიზისთან ერთად, წინასაარჩევნო პერიოდსაც დაუკავშირა.

“ბოლო პერიოდში ლარი, დაახლოებით 2%-ით არის გაუფასურებული. მზარდი ეკონომიკის ქვეყნებში წინასაარჩევნო პერიოდში როგორც წესი, არის ხოლმე დროებითი სავალუტო დაძაბულობა. ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ამ დაძაბულობას რაიმე მატერიალური შედეგი მოჰყვება ინფლაციასთან დაკავშირებით და მოგეხსენებათ, რომ ამ უპრეცედენტო შოკის გამო აქტიურები ვართ სავალუტო ბაზარზე, მთელი მიმდინარე წლის განმავლობაში. არ მინდა, წინ გავუსწრო მოვლენებს, მაგრამ იმხელა დანაკლისის პირობებში, რაც საქართველომ განიცადა და რეზერვების დაგროვების პირობებში, ვფიქრობთ, რომ $200 მილიონზე მეტი თანხა იქნება მიწოდებული ბაზარზე," - განაცხადა კობა გვენეტაძემ და დასძინა, რომ ქვეყანა გაზრდილი სოციალური ხარჯების აუცილებლობის წინაშე მომავალ წელსაც იქნება და ეროვნული ბანკი კურსზე ამ ხარჯების ეფექტის გასანეიტრალებლად, სავალუტო ინტერვენციების განხორციელებას კვლავ გააგრძელებს.

"მთავრობამ ხარჯვა აუცილებლად უნდა გააგრძელოს. შეუძლებელია სხვანაირად ის დახმარება, რომელიც არის გამოყოფილი მივიდეს იმ ადამიანებამდე და სექტორებამდე, რომელთაც დახმარება სჭირდება. ფონდის მისიის შეფასებით, ამგვარი დახმარებების აუცილებლობა, დიდი ალბათობით, შემდეგ წელსაც იქნება აუცილებელი. რა თქმა უნდა, ამ დანახარჯებს აქვთ გავლენა გაცვლით კურსზე, მაგრამ ამ დანახარჯების გაწევას არ აქვს ალტერნატივა. სწორედ ამიტომ ის მექანიზმი, რომელზეც მოგახსენეთ, სახელმწიფო იღებს სახსრებს, ეს თანხები შემოდის ვალუტის ფორმით, შემდგომ ვალუტა მოემართება ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვებში და ამ თანხების ხარჯვა ხდება ლარში. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ აუცილებელია დახარჯვა. ამის შემდგომ კი ეროვნული ბანკი ინტერვენციების საშუალებით ახდენს მიწოდებას სავალუტო რეზერვების. ასე რომ, ხარჯვა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს და ჩვენც აქტიური დავრჩებით სავალუტო ბაზარზე. სხვანაირად შეუძლებელი იქნება პანდემიის მიერ გამოწვეული ეკონომიკური ვარდნის შეჩერება", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ამ დრომდე სებ-მა 12 ინტერვენცია განახორციელა, რომლებზეც ჯამურად 380 მილიონი დოლარი გაყიდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system