თავში

წლის ბოლომდე ტექდათვალიერების პირობები უფრო გამკაცრდება

წლის ბოლომდე ტექდათვალიერების პირობები უფრო გამკაცრდება
წლის ბოლომდე ტექდათვალიერების პირობები უფრო გამკაცრდება

ავტომობილების ტექდათვალიერებასთან დაკავშირებით კანონმდებლობაში ცვლილება, შესაძლოა, წლის ბოლომდე ვერ მოესწროს. წესით, სექტემბრის ბოლოს ინსპექტირების პირობები უნდა გაემკაცრებინათ, მაგრამ ამ ეტაპზე ინსპექტირების ორგანოებში ისიც კი არ არის ცნობილი, ცვლილება კონკრეტულად რა ნაწილს შეეხება და მძღოლებს მანქანების წესრიგში მოსაყვანად რა პირობების დაკმაყოფილება მოუწევთ.

მთავრობა ცდილობს, რომ ცვლილება კანონმდებლობაში მთლიანად ევროდირექტივებს დაეფუძნოს.

ბოლო დროს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეგლამენტში თითქმის მუდმივად შედის ცვლილებები, რისი მიზანიც ავტოპარკის განახლებაა. თუკი აქამდე ვიზუალურ ეფექტს ნაკლები ყურადღება ექცეოდა, ამიერიდან ეს პირობაც გამკაცრდება. ე.წ. "დაშპაკლული" და ნაავარიები მანქანები, თუკი ჩაითვლება, რომ საგზაო უსაფრთხოების რისკს ქმნიან, ტექდათვალიერებას ვერ გაივლიან.
ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის ხელმძღვანელი ვაჟა იორდანაშვილი ამბობს, რომ რეგლამენტში ცვლილება უსაფრთხოების მიზნით ხორციელდება და ავტოპარკის განახლების თვალსაზრისითაც, აუცილებელია.

,,რეგლამენტში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით ტექნიკური ჯგუფი მუშაობს. სავარაუდოდ, სექტემბრისთვის ვერ მოესწრება, მაგრამ მაქსიმუმ, წლის ბოლომდე მოხერხდება.
ეს იქნება ევროდირექტივის ბაზაზე შექმნილი დოკუმენტი, რის შესაბამისადაც არსებული რეგლამენტი მთლიანად შეივსება, რა თქმა უნდა, საქართველოს რეალობის გათვალისწინებით. მანქანის მცირე გარეგნული დეფექტის შემთხვევაში, ავტომობილი არ დაიბლოკება, მაგრამ გამოსწორების ვადა მიეცემა, გააჩნია რა ტიპის დაზიანება იქნება. თუკი საგზაო მოძრაობას საფრთხეს არ შეუქმნის, ტექინსპექტირებას ჩვეულებრივ გაივლის, მაგრამ სერიოზულ დაზიანებაზე თვალს აღარ დახუჭავენ. ვფიქრობ, ეს საუკეთესო გადაწყვეტილებაა, რომ ავტოპარკის განახლება მოხდეს. რეალურად ავტომობილები ძალიან მოძველებულია, რაც ქმნის პრობლემას უსაფრთხოების კუთხით. რეგლამენტი ტაქსებისთვის ცვლილებას არ ითვალისწინებს. მათთვის პირობები უკვე შეიცვალა. ძალაში რჩება 6-თიანი პერიოდულობა ანუ ამ დროში უნდა გაიარონ ტექდათვალიერება", - განაცხადა იორდანიშვილმა.

სპეციალისტების მოთხოვნაა, რომ განსაკუთრებული ყურადღება საწვავის ხარისხს მიექცეს. ხოლო იმისთვის, რომ მძღოლების მხრიდან დაუდევრობის ფაქტები გამოვლინდეს, უკვე შემოწმებული მანქანების მონიტორინგი პერიოდულად უნდა ტარდებოდეს.

ასე ფიქრობს სატრანსპორტო სფეროს სპეციალისტი გელა კვაშილავა, რომლის შეფასებითაც, სისტემა ცვლილებისთვის მზად ჯერ კიდევ არ არის. სისტემა მზად არ აღმოჩნდა.

,,მნიშვნელოვანია, რომ შემოწმებული მანქანების მონიტორინგი ქუჩებშივე ჩატარდეს. უამრავმა ადამიანმა ტექდათვალიერება ნასესხები ავტონაწილებით გაიარა. დაუდევრობის ფაქტები მომრავლდა და რამდენად არის ამისთვის სისტემა მზად, ვერაფერს გეტყვით. ინსპექტირებისთვის სათადარიგო ნაწილების თხოვება ან ქირაობა ერთგვარ ბიზნესად იქცა, ხალხი შავ ხვრელს ეძებს საამისოდ, რომ სიტუაციიდან იოლად გამოვიდეს. შემოწმებულ მანქანებზე პერიოდულად თუ არ ჩატარდება მონიტორინგი, რეფორმა ვერ იმუშავებს. მთავარია, რომ გამონაბოლქვს მიექცეს ყურადღება. საბაჟოზე შემოსვლისას მანქანები კატალიზატორებზე ადგილზე უნდა შემოწმდეს, რადგან უსაფრთხოებასთან ერთად, მთავარი პრობლემა გარემოს დაბინძურებაა“, - განუცხადა report.ge-ს გელა კვაშილავამ და დასძინა, რომ პერიოდულად უნდა შემოწმდეს საწვავის ხარისხიც, რათა გარემოს დაბინძურების რისკი მინიმუმამდე იქნას შემცირებული.

,,საუბარი მიდის, რომ ევრო 5-ის სტანდარტთან დაკავშირებით კანონი 1 წლით გადავადდეს, მაგრამ ამავდროულად საფუძვლიანად უნდა შემოწმდეს ევრო 4 სტანდარტის დიზელი - რეალურად პასუხობს თუ არა მისი ხარისხი მოთხოვნას. არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს მოთხოვნა სრულდება“, - დასძინა გელა კვაშილავამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system