
თბილისის უძრავი ქონების ბაზარი მკვეთრად გაუმჯობესდა 2020 წლის სექტემბერში ეკონომიკის აღდგენის კვალდაკვალ.
ამის შესახებ აღნიშნულია უძრავი ქონების ბაზრის "გალტ&თაგარტის" ყოველკვარტლურ მიმოხილვაში.
კვლევის მიხედვით, ბაზარზე შემდეგი ტენდენცია ფიქსირდება:
1. სექტემბერში გაყიდვები წლიურად 14.4%-ით გაიზარდა, ივლისსა (- 14.9% წ/წ) და აგვისტოში (-16.3% წ/წ) შემცირების შემდეგ.
2. 2020 წლის მე-3 კვარტალში გარეუბანში გაყიდვები კვლავ ჭარბობდა, რადგან იპოთეკური სესხების სუბსიდიის პროგრამა ძირითადად ბიუჯეტურ/ეკონომ სეგმენტში გაყიდვებს უწყობს ხელს. შესაბამისად, 4 გარეუბნის წილი ჯამური გაყიდვების 56.2%-ს შეადგენდა 2020 წლის მე3 კვარტალში (52.0% 3კვ19-ში).
3. ლარში გაცემულ იპოთეკურ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 11.2%-მდე შემცირდა 2020 წლის მე-3 კვარტალში (-2.2პპ 2კვ20-თან შედარებით), მაშინ როცა უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებში საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი მცირედით გაიზარდა 5.7%-მდე (+0.5პპ 2კვ20- თან შედარებით). შედეგად, იპოთეკების გაცემა მკვეთრად გაიზარდა 2020 წლის სექტემბერში 437 მლნ ლარამდე (+63.9% წ/წ გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით).
4. 2020 წლის ივლისში ახალი ბინების საშუალო ფასი აშშ დოლარში წლიურად 8.3%-ით შემცირდა, ხოლო აგვისტოსა (-7.6%) და სექტემბერში (-5.8% წ/წ) შემცირება შედარებით ნაკლები იყო. თუმცა, ფასების შემცირება მეტწილად ბიუჯეტურ/ეკონომ სეგმენტში გაყიდვების ზრდას უკავშირდება და საბაზრო ფასების კორექცია დიდწილად არ მომხდარა.
5. სპეციალისტების მოლოდინით, 2020 წლის მე-4 კვარტალში უძრავი ქონების გაყიდვები ზომიერად გაიზრდება სექტემბერში მაღალი ზრდის შემდეგ, რადგან Covid-19-ის მზარდმა შემთხვევებმა და ლარის გაუფასურებამ შესაძლოა იმოქმედოს მყიდველების გადაწყვეტილებაზე.
6. უძრავი ქონების ქირის ინდექსი აშშ დოლარში 18%-ით შემცირდა 2020 წლის დასაწყისიდან (13 წლის მინიმუმი), მაშინ როცა ფასები შედარებით სტაბილურია და მხოლოდ 6%-ით შემცირდა იგივე პერიოდში. ქირების შემცირება შეიძლება აიხსნას ტურიზმის შეჩერებისა და სტუდენტების მხრიდან შემცირებული მოთხოვნის გამო. შედეგად, ქირის უკუგება 7.7%-მდე შემცირდა 2020 წლის მე-3 კვარტალში, მაშინ როცა წინა წლის შესაბამის პერიოდში იგივე მაჩვენებელი 8.9% იყო.
ბელა გელაშვილი
ავტორი