თავში

ცოცხალი ცხვრის ექსპორტი გააქტიურდა

ცოცხალი ცხვრის ექსპორტი გააქტიურდა
ცოცხალი ცხვრის ექსპორტი გააქტიურდა

საქართველოს მეცხვარეთა ასოციაციის ინფორმაციით, ექსპორტზე შექმნილი პრობლემა გამოსწორდა და ამ ეტაპზე ცხვარი ქვეყნიდან აქტიურად გადის. ასოციაციის პრეზიდენტის, ბექა გონაშვილის თქმით, პრობლემა covid-19-ს უკავშირდება, რის გამოც ცხვრის გაყვანა ჭირდა, თუმცა მდგომარეობა გამოსწორდა და ამ ეტაპზე ესპორტიორებს არანაირი დაბრკოლება არ აქვთ.

,,ექსპორტი შეფერხებული იყო ეპიდემიის გამო, ახლა მდგომარეობა გამოსწორდა. კომუნიკაციის პრობლემა შეიქმნა, რის გამოც მყიდველი ვერ შემოდიოდა, ახლა ყველაფერი რიგზეა. სტანდარტის მხრივ განსაკუთრებული მოთხოვნა არ არის, რა პირობითაც გაგვყავდა ცხვარი, ამ ეტაპზეც იგივე სიტუაციაა. წელს ქართული ცხვარი სხვა ქვეყნებში არ გასულა, ძირითადად საუდის არაბეთში ვახდენს ექსპორტს, ცოტაც - აზერბაიჯანში გადის.  ფასი, შარშანდელთან შედარებით, მცირედით გაზრდილია. მესამე თვეა, ექსპორტზე გავდივართ და ახლა ეს პროცესი განსაკუთრებით გააქტიურდა, რადგან მიმოსვლის მეტი შესაძლებლობაა", - ამბობს გონიაშვილი report.ge-თან. 

მისი თქმით, დარგი თანდათან იუმჯობესებს პოზიციებს, რაც კარგია, თუმცა სექტორი რომ მაღალ დონეზე განვითარდეს, მნიშვნელოვანია სრული ციკლი შეიკრას და ცოდნა გაღრმავდეს, კერძოდ,თანამედროვე ტექნოლოგიებზე წვდომა გამარტივდეს.

,,სრული ციკლი უნდა შეიკრას, რაც წარმოების ზრდისთვის განსაკუთრებით არის მნიშვნელოვანი. მთლიანად ხორცის წარმოება ქვეყნაში უნდა გახდეს სისტემატიზებული,  ამის გარეშე წარმატებას ვერ მივაღწევთ. ამისთვის ცოდნა უნდა შევიტანოთ, თანამედროვე ტექნოლოგიები დაინერგოს, სხვა შემთხვევაში, წინ ვერ წავალთ.  ჩემი აზრით, მთავარი პრობლემა მაინც ცოდნასა და ტექნოლოგიებზე გადის. სამწუხაროდ, ადამიანები ისევ ტრადიციული მეთოდებით ახდენენ პროდუქციის წარმოებას და ტექნოლოგიები ნაკლებად გამოიყენება, პირველ რიგში, ეს პრობლემა უნდა გამოსწორდეს“, – ამბობს მეცხვარეთა ასოციაციის პრეზიდენტი.

რაც შეეხება ექსპორტს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წლის იანვარ-სექტემბერში საუდის არაბეთში განხორციელებული ცხვრის ექსპორტის ფასი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 4.5 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. 

საქართველოდან ცოცხალი ცხვრის ექსპორტი ძირითადად არაბულ ქვეყნებში ხორციელდება. 2020 წელს, ძირითად საექსპორტო ქვეყნები საუდის არაბეთი და აზერბაიჯანია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system