თავში

წყალქვეშა ზღვის ფერმამ წარმადობა გაზარდა

წყალქვეშა ზღვის ფერმამ წარმადობა გაზარდა
წყალქვეშა ზღვის ფერმამ წარმადობა გაზარდა

სახელმწიფოს ფინანსური ხელშეწყობით, "მარიკულტურა გეორგიას"  წყალქვეშა ზღვის ფერმამ წარმადობა გაზარდა. ამის შესახებ report.ge-ს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში განუცხადეს. 

კომპანია „მარიკულტურა გეორგია“ ორ ობიექტს - აჭარაში საზღვაო ფერმას და გადამამუშავებელ საწარმოს და თბილისში შოკური მეთოდით გაყინვის საწარმოს აერთიანებს. საზღვაო ფერმისა და გადამმუშავებელი საწარმოს მოსაწყობად, კომპანიამ შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა. სახელმწიფოს დაფინანსებამ 470 000 ლარი შეადგინა. 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, შავ ზღვაში, სოფელ კვარიათთან, ფუნქციონირება შარშან დაიწყო კომპანიის „მარიკულტურა გეორგია“ წყალქვეშა ზღვის ფერმამ, სადაც ზღვის პროდუქტების კულტივირება და მოყვანა ხორციელდება. ძირითადი აქცენტი კეთდება შავი ზღვის მიდიებზე (mutilus galaprovinciale) და ხამანწკებზე (oyster grasoteria gigas). კომპანიის წყალქვეშა საზღვაო ფერმა 70 ჰა ზღვის აკვატორიას მოიცავს. მისი წარმადობა, სეზონზე, 30 ტონა მიდიას და 10-15 ტონა ხამანწკას შეადგენს. მიდიის ზრდასრულ ასაკამდე გაზრდას 2 წელი, ხოლო ხამანწკის - 4 წელი სჭირდება. წარმოებული პროდუქციის ცოცხალი სახით რეალიზება მაისიდან ოქტომბრამდე გრძელდება, ხოლო წლის დანარჩენ პერიოდში, კომპანია მომხმარებლებს შოკური მეთოდით გაყინულ პროდუქციას სთავაზობს.

სამინისტროს ცნობით, „მარიკულტურა გეორგიას“ პროდუქციის რეალიზება ადგილობრივ ბაზარზე ხდება. იგეგმება პროდუქციის გატანა ექსპორტზე; შემოთავაზება აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან, ჰონ-კონგიდან და კანადიდან მიღებულია. მიდიებისა და ხამანწკების წარმოების გაზრდის მიზნით, სახელმწიფო პროგრამების მხარდაჭერით, კომპანია სპეციალური გემის შეძენას გეგმავს.

ქვეყანაში თევზჭერის კონტროლი მკაცრდება.

ცნობისთვის, საქართველომ აკვაკულტურის კანონი 2020 წელს მიიღო. სოფლის მეურნეობის მინისტრი დარწმუნებულია, რომ 2021 წელი აკვაკულტურის პროექტების განხორციელების მიმართულებით იქნება გარდამტეხი და მომავალ წლებში საქართველო უფრო მეტი მაღალი ხარისხის, მაღალი ღირებულებების თევზის და აკვაკულტურის სხვა პროდუქტის წარმოებას შეძლებს.

საქართველოში ნაწარმოები აკვაკულტურა ევროპულ ბაზრებზე გავა.

შეგახსენებთ, საქართველო თევზის ადგილობრივი წარმოების ზრდაზე მუშაობს. ქვეყანამ საზღვაო თევჭერის ფლოტის აღდგენა დაიწყო. და მიმდინარე წლის განმავლობაში საქართველოს საზღვაო თევზჭერის ფლოტი 10 გემით გაიზარდა. თევზჭერის სექტორში სახელმწიფომ 38 მილიონ ლარზე მეტის ინვესტიცია ჩადო. 2020 წელს სააგენტოს “აწარმოე საქართველოში“ საზღვაო თევზჭერის მიმართულებით სულ დაფინანსდა 10 თევზსაჭერი გემის შესყიდვა. აღნიშნული პროექტების სესხის მოცულობა 37.6 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს, ხოლო ჯამური ინვესტიციის რაოდენობა 38 მილიონ ლარს აჭარბებს. პროექტების ფარგლებში სულ შეიქმნება 161 დამატებითი სამუშაო ადგილი. თევსაჭერი გემების მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამა ერთდროულად იძლევა 5 მლნ. ლარამდე საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმით (90 %-იანი უზრუნველყოფა) და საბანკო სესხის რეფინანსირების განაკვეთს პლიუს 3%-იანი თანადაფინანსების შესაძლებლობას. ასევე, შესაძლებელია გემის ლიზინგი, რომლის შემთხვევაში რეფინანსირების განაკვეთს პლიუს 5%-იანი თანადაფინანსების მექანიზმი ხორციელდება.

საქართველოში მეთევზეობის დიდი პოტენციალია.

ცნობისთვის, შავ ზღვაში თევზის მოპოვებაზე კვოტები განისაზღვრა. 2020-2021 წლის თევზის მოსაპოვებელი რესურსის კვოტების რაოდენობა ქაფშიის შემთხვევაში 109 000 ტონას შეადგენს.

მთავრობა აკვაკულტურის გააქტიურებას გეგმავს.

მზადაა საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც კერძო ინვესტორებისთვის განვითარების ახალ შესაძლებლობებს შექმნის. ახალი კანონით აკვაკულტურის ადგილობრივ კოოპერატივებს ეძლევათ გარკვეული ბენეფიტები. კანონპროექტის ინიციატორების განმარტებით, დღეს საქართველოში თევზის 22000 ტონამდე იმპორტი შემოდის, ქვეყნის რეალური შესაძლებლობა კი 30-დან 50 ათას ტონამდე თევზისა და ზღვის პროდუქტების წარმოებაა. მათივე მტკიცებით, ახალი კანონპროეექტით, აკვაკულტურის დარგი დასტიმულირდება და პირველ ეტაპზე ჩანაცვლდება იმპორტი, მეორე ეტაპზე ქართული თევზი გავა ექსპორტზე და შედარებით გრძელვადიან პერსპექტივაში განავითარებს ეკოტურიზმს.

ცნობისთვის, 2024 წლამდე აკვაკულტურის ინდუსტრიაში ჩართული პირები ყველა გადასახადისაგან გათავისუფლდნენ.

წყლის ორგანიზმების მოშენება მხოლოდ აკვაკულტურის ნებართვის საფუძველზეა დასაშვები. აკვაკულტურის განხორციელების უფლება პირს მიენიჭა 20 წლამდე ვადით. აკვაკულტურის საქმიანობის ნებართვის გაცემა 2024 წლიდან 200 ლარი ეღირება. კანონპროექტი, რომელიც მიმდინარე წლის 25 ივნისს დამტკიცდა, 2021 წლიდან ამოქმედდება.

ცნობისთვის, საქართველოში 26 ათასზე მეტი მდინარეა, 860-მდე ტბა და 12 წყალსაცავია. გარდა ამისა, ქვეყანაში არის უამრავი შესაძლებლობა ხელოვნური წყალსატევების შექმნის.

2019 წელს საქართველოს აკვაკულტურის მეურნეობებში წარმოებული თევზი, წინა წელთან შედარებით, 3.5 პროცენტით გაიზარდა და 2 464.7 ტონა შეადგინა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system