თავში

ტურისტებისთვის COVID-დაზღვევა შეიძლება სავალდებულო გახდეს

ტურისტებისთვის COVID-დაზღვევა შეიძლება სავალდებულო გახდეს
ტურისტებისთვის COVID-დაზღვევა შეიძლება სავალდებულო გახდეს

სადაზღვეო ინდუსტრიაში საქართველოში შემოსული ტურისტებისთვის სავალდებულო COVID-დაზღვევის აუცილებლობაზე საუბრობენ. მთავრობის ეკონომიკურ გუნდში მხოლოდ მსჯელობის დონეზეა იდეა, რომ ტურისტებს სავალდებულო კოვიდ-დაზღვევა დაუწესდეს. 

სადაზღვევო ასოციაციაში აცხადებენ, რომ ვაქცინაცია ტურიზმის აღდგენის პროცესის დასაწყებად აუცილებელი პირობაა, თუმცა მნიშვნელოვანია ისიც რა შედეგები ექნებათ ვაქცინაციის კუთხით მეზობლებსაც, საიდანაც ტურისტების დიდი ნაკადი შემოდის. 

ასოციაციის ხელმძღვანელი დევი ხეჩინაშვილი ამტკიცებს, რომ „სპუტნიკის“ ვაქცინის ეფექტურობა საქართველოსთვის რუსეთის ტურისტულ ბაზარს გახდის რუსეთი უსაფრთხოს. ხეჩინაშვილის აზრით, ეს ვაქციანა სწრაფად შევა სომხეთსა და, დიდი ალბათობით, აზერბაიჯანშიც და ამ ქვეყნების ტურისტებიც უსაფრთხო გახდება საქართველოსთვის. ეს ის ქვეყნებია, რომელთა ტურისტები ყველაზე დიდ ინტერესს იჩენენ საქართველოსადმი. 

"სტრატეგია მთავრობამ სწრაფად უნდა შეიმუშაოს. რაც შეეხება, დაზღვევის პრინციპს, ტურისტი, ვინც შემოვა, უნდა იყოს დაზღვეული. შესაბამისი პოლისი კი კოვიდის ხარჯებს დაფარავს საქართველოში თუ დაზღვეულს კოვიდი აღმოაჩნდება, სამედიცინო სისტემა კი მიიღებს სწრაფად დაფინანსებას.მზღვეველებისთვის მნიშვნელოვანია ტურისტების ნაკადის პასუხისმგებლიანი პროგნოზი გვქონდეს. ფინანსური ჩარჩოც უნდა მოიხაზოს," - აცხადებს სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელი დევი ხეჩინაშვილი.

ტურინდუსტრია ქვეყანაში ვაქცინების კომერციული გზით, საკუთარი ხარჯებით, შემოტანას საკუთარ თავზე იღებს და ხელისუფლებისგან მხოლოდ "ვაქცინა ტურების" ორგანიზების ნებართვას ითხოვს.

საქართველოს ტურიზმის აღდგენის გეგმა მუშავდება. უკვე მომზადდა ტურიზმის მარკეტინგული სტრატეგია, რომლის ძირითადი ხაზი უსაფრთხოდ მოგზაურობის შეთავაზებაა. “იმოგზაურე უსაფრთხოდ” - ესაა ძირითადი სლოგანი, რითაც პანდემიურ რეალობაში საქართველოს მსოფლიო ტურიზტულ ბაზრებზე პოზიციონირება მოუწევს. საქართველო პოსპანდემიური ტურიზმის სტანდარტების დანერგვაზეც მუშაობს.

ტურინდუსტრია ქვეყნის მწვანე სტატუსის აღდგენას ითხოვს., თუმცა ტურიზმის სფეროს სპეციალისტი, პროფესორი, მანანა ალადაშვილი, ფიქრობს, რომ ტურისტული ინდუსტრიის დიდი მონდომების მიუხედავად, ქვეყანა ,,მწვანე სტატუსის" მისაღებად ჯერჯერობით მზად არ არის. მისი განმარტებით, ამ სტატუსის აღსადგენად, გარდა ვაქცინაციის პროცესისა, მნიშვნელოვანია მარკეტინგული ღონისძიებების გააქტიურება, რა მიმართულებითაც ქვეყანა ჯერ კიდევ პასიურია. მთავრობას ზაფხულის ტურიზმისთვის სამზადისს ურჩევენ.

შეგახსენებთ, საქართველომ ვაქცინირებული ტურისტებისთვის საზღვერი გახსნა.

ტურიზმის შესახებ საქართველო კანონს უკვე მესამედ იღებს. ახალი კანონმდებლობაზე მუშაობა უკვე დაიწყო.

მსოფლიო ტურიზმი პრიორიტეტად აგროტურიზმს ასახელებს, თუმცა პარლამენტმა „აგროტურიზმის შესახებ“ ინიცირებული კანონპროექტის განხილვა შეწყვიტა. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა ეს იმით ახსნა, რომ ქვეყანა მუშაობს ტურიზმის შესახებ კანონზე, რომელშიც აგროტურიზმიც შევა.

სოფლებს პანდემიური ტურიზმის განვითარებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. ტურიზმის საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით, ტურინდუსტრიაში წამყვანი როლი აგროტურიზმმა უნდა შეასრულოს. აგროტურიზმის განვითარებისთვის ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაცია სპეციალური აკადემიას ქმნის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system