თავში

პრემიერი: ტურისტის ფასად ქვეყნის უსაფრთოებას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დავაყენებთ

ტურისტის ფასად ქვეყნის უსაფრთოებას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დავაყენებთ
პრემიერი: ტურისტის ფასად ქვეყნის უსაფრთოებას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დავაყენებთ

"ტურიზმი კარგია, თუმცა აქ ინფექციის იმპორტის რისკი მაღალია და უნდა ვიყოთ უკიდურესად ფრთხილი, რომ ქვეყანა ტურიზმს არ გადავაყოლოთ. ამიტომ შიდა ტურიზმს უნდა მივხედოთ," - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, სოფელ ნიქოზის სანერგე მეურნეობაში შიდა ქართლის რეგიონის ფერმერებთან შეხვედრისას განაცხადა.

"ჩვენ ვერც ერთ შემთხევაში ვერანაირი ტურისტის ფასად ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დავაყენებთ," - განაცხადა პრემიერმა და დასძინა, რომ ეს საერთაშორისო ტურიზმის გახსნის დროს ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება.

„ტურიზმიდან შემოსული იმპორტირებული ინფიცირება შემდგომ ქვეყანას შეიძლება იმდენი დაუჯდეს, რომ არანაირი ფასი იმ ტურისტს არ ექნება. ამიტომ, აქ ფრთხილი, დაბალანსებული, გონივრული ნაბიჯები, როგორც ეპიდემიოლოგიური რისკების დასაზღვევად, ასევე ეკონომიკის აღსადგენად, ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა, რომ ასე ფრთხილად, გონივრულად, ყველამ ერთად სამშვიდობოს გავიაროთ ეს ყველაფერი“, - აღნიშნა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა დღესვე ფერმერებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს ბალტიის ქვეყნებთან, პოლონეთთან, ჩეხეთთან და ავსტრიასთან.

„ახლა არის შიდა ევროპული პროცესი, რომლის გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში იქნება მიღებული და აქედან გამომდინარე, ჩვენ ჩვენს ნაბიჯს გადავდგამთ. მაგრამ ხაზგასმით აღვნიშნავ, ჩვენთვის, პირველ რიგში, ყველაზე დიდი ფასეულობა არის ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობა, მისი უსაფრთხოება, ის, რაც ჩვენ შევძელით და ეკონომიკა ფრთხილად, ნაბიჯ-ნაბიჯ გავხსენით, ამ მიღწევებს ჩვენ რისკის ქვეშ ვერ დავაყენებთ“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

გიორგი გახარიას თქმით, მოსახლეობამ შემქნილი ვითარებით უნდა ისარგებლოს და ქვეყნის ღირშესანიშნაობები დაათვალიეროს, რათა შემდეგ უფრო კარგად დახვდეს უცხოელ სტუმრებს.

„იმდენი ადგილია, რაც არ გვინახავს. იმდენი ადგილია, რომ ხანდახან სირცხვილია. გვაქვს ამის შესაძლებლობა ახლა და მოდით მოვიაროთ მთელი საქართველო და ვნახოთ ყველა ის კუთხე, რომელიც იმსახურებს ისტორიულად და ვალდებულებიც ვართ, რომ ჩვენც ვნახოთ, ჩვენს შვილებსაც ვანახოთ და შემდეგ უკეთესად მოვემზადოთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო ეფექტურად, კარგად და ხალისიანად დავხვდეთ უცხოელ სტუმრებს“, - განაცხადა პრემიერმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system