თავში

ტურიზმი - როგორც მოდა

ტურიზმი - როგორც მოდა
ტურიზმი - როგორც მოდა

,,ტურიზმი მოდაა და კურორტზე დასვენების საშუალებაზე ადამიანს უარის თქმა ყოველთვის გაუჭირდება", - ასე ამბობს ტურიზმის სფეროს სპეციალისტი, პროფესორი ნიკა კვარაცხელია. აგვისტოს ტურიზმთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ კვლევას იგი report.ge-ს საშუალებით გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სასტუმროების საშუალოდ 30%-ით დატვირთვა ჩვეულებრივ პირობებში კატასტროფა იქნებოდა, თუმცა არსებულ ეპიდსიტუაციაში ძალიან კარგი შედეგია.

,,არ მოველოდი, რომ ზაფხულის ტურიზმი სასიცოცხლო ძალას შეინარჩუნებდა. სასტუმრიოების მესამედი მაინც მუშაობს და უდავოდ კარგია. ვინც თბილისში ვცხოვრობთ, ტურისტებს ხშირად ვერ ვხვდებით, მაგრამ რეგიოენების მიმართ მეტი მოთხოვნაა. ეპიდემიის თვალსაზრისით, კახეთში საკმაოდ სტაბილური სიტუაციაა და შიდა ტურისტების მხრიდან ინტერესი დიდია. ზღვაზეც ისვენებს ხალხი,  ცოტა უფრო იმედიანად განვეწყე ტურიზმის სექტორის მიმართ, თანაც ამას ხელს უწყობს დამოკიდებულებაც - ერთგვარი მოდაც კი, რომ კურორტზე აუცილებლად უნდა დაისვენო. როგორც წესი, არსებობს მოდური და არამოდური კურორტები, თანაც ტურიზმი კლასობრივია - დიფერენცირებული ჯიბის, შემოსავლების მიხედვით: მდიდართა, საშუალო ფენის და ღარიბთა ტურიზმი. როცა მდიდარი ადამიანი პრესტიჟულ კურორტზე ვერ მიდის, ხშირად მალავს, სად დაისვენა, ესეც შესამჩნევი ტენდენციაა. ტურიზმი მოდაა და ამ მომსახურებით ყველა ფენამ უნდა ისარგებლოს. გარდა ამისა, არის განწყობაც - დასვენებას ადამიანის მიდრეკილებები და სურვილიც განსაზღვრავს", - ამბობს კვარაცხელია და დასძენს, რომ როგორ გაგრძელდება ტენდენცია და მოთხოვნა ზამთრის კურორტების მიმართ, რეგულაციებზე იქნება დამოკიდებული.

,, ჯერ არ ვიცით, ეპიდსიტუაცია როგორი იქნება ქვეყანაში. მკურნალობის უნიკალური ხერხი თუ აღმოჩენილ იქნა, ზამთრის ტურიზმი იმუშავებს. საქართველოში ზამთრის კურორტების 5 ლოკაცია გვაქვს, რაც არ არის ცოტა. ყოველთვის გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც ცივ კლიმატში დასვენების გარეშე ვერ გაძლებენ. აქედან გამომდინარე, ველოდები, რომ ზამთრის კურორტებზე დატვირთულობა 40%-ს მიაღწევს. თანაც მიღების კარგი პირობებია და ხალხმა პირადი ჰიგიენის წესების დაცვით ხელი თუ შეუწყო, საშიშროება არ გველის", - ვარაუდობს პროფესორი.

როგორც დღეს გახდა ცნობილი, აგვისტოს ფაქტობრივი დატვირთლობა მსხვილ სასტუმროებში სხვა რეგიონებისთვის 24%-ს შეადგენდა, ზღვისპირეთისათვის 28%-ს და კახეთისთვის 39%-ს. თბილისში კი დატვირთულობამ მხოლოდ 4% შეადგინა. ამის შესახებ აღნიშნულია "თიბისი კაპიტალის" ყოველკვირეულ მიმოხივაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system