თავში

თურქეთ-რუსეთის ტვირთბრუნვა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზზე გადმოდის

თურქეთ-რუსეთის ტვირთბრუნვა ბაქო-თბილისი-ყარსის
თურქეთ-რუსეთის ტვირთბრუნვა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზზე გადმოდის

სარკინიგზო ტრანსპორტი რუსეთსა და თურქეთს შორის ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო კავშირების გაფართოებას, მათ შორის სოფლის მეურნეობისა და მეტალურგიის სექტორებში. ამის შესახებ რუსეთის რკინიგზის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე სერგეი პავლოვი აცხადებს.

თურქეთიდან რუსეთში პირველი საკონტეინერო მატარებლის გაგზავნა ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) სარკინიგზო მაგისტრალზე, რომელმაც მარშრუტი 9 თებერვალს დაასრულა, მნიშვნელოვან ნაბიჯად შეფასდა სარკინიგზო ვაჭრობის გაფართოებისთვის.

მისივე თქმით, თურქეთსა და რუსეთს შორის რკინიგზით საკონტეინერო გადაზიდვები სტაბილურად მზარდია და 2020 წელს რუსეთ-თურქეთის სატვირთო გადაზიდვების მოცულობამ 20 მილიონ ტონას გადააჭარბა, რაც წინა წელთან შედარებით 10 პროცენტით მეტია.

პავლოვმა გაახმოვანა რუსული მხარის მზადყოფნა, გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი, ტვირთის რეგულარული გადაზიდვისთვის  BTK სარკინიგზო მარშრუტით.

რუსეთის რკინიგზის გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ გაიხსენა, რომ ახალი სარკინიგზო მარშრუტი BTK ხაზის გასწვრივ 2017 წელს გაიხსნა, ხოლო 2019 წლის მაისში რუსეთმა და თურქეთმა ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს სარკინიგზო ტრანსპორტირების განვითარებაში.

"ჩვენი შეფასებით, დროისა და ტარიფების თვალსაზრისით, ეს მარშრუტი უფრო მომგებიანი იქნება, ვიდრე სხვა სატრანსპორტო მარშრუტი. თუ არ გავითვალისწინებთ დატვირთვისა და გადმოტვირთვის დროს, მიწოდების დრო იქნება 10 დღე, რაც საშუალოდ ორჯერ უფრო სწრაფია. გარდა ამისა, სარკინიგზო ტრანსპორტი არ ექვემდებარება ამინდთან დაკავშირებულ რისკებს. იგი ასევე უსაფრთხოა ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისითაც,"- თქვა პავლოვმა.

რაც შეეხება ტრანსპორტირებული საქონლის ასორტიმენტის გაფართოებას, რუსეთის რკინიგზის წარმომადგენელი ამბობს, რომ თურქული სამომხმარებლო საქონლის ტრანსპორტირებასთან ერთად, რუსეთში ხილისა და ბოსტნეულის პროდუქტების ექსპორტი მაცივარ-კონტეინერებითაც იქნება შესაძლებელი.

სერგეი პავლოვის განმარტებით, რუსულ გადამზიდავებთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები რუსეთიდან ხის, ქაღალდის პროდუქტებისა და მარცვლეულის კონტეინერებით გადასაზიდად.  მისივე განმარტებით, რუსული მეტალურგიული კომპანიები ასევე დაინტერესებულნი არიან თურქეთში პირდაპირი სარკინიგზო ტრანსპორტით. გასულ წელს მაგნიტოგორსკის მეტალურგიული ქარხნის მიერ BTK– ით 45 ათას ტონაზე მეტი ლითონი გადაიზიდა.

"ჩვენ ამჟამად ვმუშაობთ რუსეთსა და თურქეთს შორის საგარეო ვაჭრობაში სარკინიგზო ტრანსპორტის წილის გაზრდაზე. რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყნებს შორის პირდაპირი სარკინიგზო ტრანსპორტის დაწყებამ ხელი შეუწყო ამ ამოცანას", - თქვა პავლოვმა.

შეგახსენებთ, 2020 წლის ბოლოს თურქეთმა ჩინეთში ექსპორტი რკინიგზით დაიწყო. აქამდე ქვეყანა ამისთვის საზღვაო გზას ირჩევდა. თურქეთის ვაჭრობის მინისტრი რკინიგზით ექსპორტის შედეგით კმაყოფილია.

"ტრანსპორტირების დრო შემცირდა 13 დღემდე რკინიგზის გამო, ხოლო ტვირთის მიწოდება საზღვაო გზით ხდებოდა 35-40 დღეში," - განაცხადა რუხსარ პეკჟანმა.

მინისტრის თქმითვე, თურქეთი აქტიურად მონაწილეობს რეგიონულ პროექტებში. ქვეყანა 5,582 რეგიონალურ პროექტშია ჩართული, რომელთა ღირებულება $ 201,9 მილიარდია.

შეგახსენებთ, 2020 წლის დეკემბერში თურქეთმა ჩინეთში სარკინიგზო მაგისტრალით BSH-მაცივრებით დატვირთული რამდენიმე საექსპორტო მატარებელი გაგზავნა.

სატვირთო მატარებელი სტამბოლიდან ჩინეთში ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით მივიდა.

მატარებელმა გადალახა 2 კონტინენტი, 2 ზღვა, გაიარა 5 ქვეყანა. ჯამში მას 8 ათას 693 კილომეტრის გავლა მოუწია.

თურქეთიდან მატარებელი საქართველოში შემოდის და აქედან აზერბაიჯანის სარკინიგზო სისტემაში გადადის. თურქულ-ჩინურმა საექსპორტო მატარებელს საქართველოში, დაახლოებით, 21-საათიანი დაყოვნება უწევს.

ცნობისთვის, ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე ჩინეთისკენ საექსპორტო მატარებელმა გაიარა.

საქართველოში ამტკიცებენ, რომ ამ მაგისტრალზე ჩინური იმპორტის გადაზიდვა ხელს შეუწყობს ტვირთბრუნვის და ეკონომიკური ეფექტის ზრდას.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე ჩინეთიდან/კენ გადაზიდვები 371.9%-ით გაიზარდა.

"ბაქო-თბილისი-ყარსის" რკინიგზით ექსპორტი აზერბაიჯანმაც დაიწყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system