თავში

თურნავა: მწვანე ზონის სტატუსს არ დავთმობთ

თურნავა: მწვანე ზონის სტატუსს არ დავთმობთ
თურნავა: მწვანე ზონის სტატუსს არ დავთმობთ

"მწვანე ზონის სტატუსი არის ძალიან მნიშვნელოვანი მონაპოვარი, რომელსაც ასე მარტივად არ დავთმობთ", - ამის შესახებ დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. 

მინისტრი კატეგორიულად არ იზიარებს მოსაზრებას, რომ საქართველო ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო "მწვანე ზონის" სტატუსის დაკარგვის ზღვარზეა.

„ნუ იჩქარებთ, ჩვენ არ დაგვიკარგავს "მწვანე ზონის" სტატუსი. ეს არის ჩვენი მნიშვნელოვანი მონაპოვარი, რომელსაც ასე მარტივად არ დავთმობთ. ევროპული ქვეყნების ლიდერები იმედიანად უყურებენ ჩვენს ქვეყანას, როგორც მწვანე სტატუსის მქონეს, რის გამოც არაერთ ღონისძიებას ვუმასპინძლებთ. ჩვენი ქმედებები გამოიხატება იმაში, რომ პანდემიის პირველივე დღიდანვე, ადეკვატურად და ეფექტურად ვრეაგირებთ. ადრე მთავარი იყო ვირუსის გავრცელების სწრაფი პრევენცია, ახლა მთავარია, ვირუსთან ერთად თანაცხოვრება ვისწავლოთ ისე, რომ ეკონომიკა არ დავაზარალოთ“, - განაცხადა ნათია თურნავამ და დასძინა, რომ ის ლოგიკა, რომ იზრდება ტესტირება და იზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა, აბსოლუტურად არასწორია.

"ტესტირება ემსახურება იმას, რომ როდესაც გავხსენით ეკონომიკა, შიდა ტურიზმი და მოსახლეობის შიდა მობილობა გაიზარდა, წინასწარ ვიცოდით, რომ შემთხვევები გაიზრდებოდა, მოვემზადეთ, გავზარდეთ ტესტირების სიმძლავრეები და ახლა ვატარებთ გაცილებით მეტ ტესტირებას იმისთვის, რომ ადეკვატურად მოვემსახუროთ ამ გაზრდილ გამოწვევას. გამოწვევა რომ გაიზრდებოდა და ინფიცირებულთა რაოდენობა მოიმატებდა, თავიდანვე ვიცოდით, მაგრამ ვერ ჩავჯდებოდით კოლბაში, ვერ ჩავკეტავდით ეკონომიკას უფრო ხანგრძლივი დროით, რადგან ჩვენი ამოცანაა, დროულად დავუბრუნდეთ ეკონომიკის აღდგენას და ეკონომიკის აღმავალ ტრაექტორიას", - განაცხადა თურნავამ.

ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1369-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system