თავში

თურნავა: პირველ ეტაპზე რეგიონის ტურისტებს ველოდებით

თურნავა: პირველ ეტაპზე რეგიონის ტურისტებს ველოდებით
თურნავა: პირველ ეტაპზე რეგიონის ტურისტებს ველოდებით

"ყველა უსაფრთხო დერეფნის დაცვით, პირველ ეტაპზე ალბათ, რეგიონის ქვეყნების ტურისტების შემოსვლას ველოდებით, თუმცა არ დავკარგავთ არცერთ შანსს უახლოეს პერიოდში ევროპელი ტურისტებიც შემოვიყვანოთ," - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის პროგნოზით, მარტივი იქნება აღდგეს ფრენები იმ ტრადიციული მიმართულებებით, რომელიც აქამდე გვქონდა და მოლაპარაკებები როგორც ავიაკომპანიებთან, ისე ქვეყნის მთავრობებთან უკვე აქტიურად მიმდინარეობს.

ვსაუბრობთ „აირზენასთან“, რომ სულ მცირე 2 მიმართულებით რეგულარული ფრენები განახლდეს და ჩვენ საჭიროების შემთხვევაში მათაც მხარდაჭერის პაკეტს შევთავაზებთ. „აირზენას“ შემთხვევაში ეს სულ მცირე 2 მიმართულებაა, „ვიზეარის“ შემთხვევაში ჩვენ ველოდებით იმ მიმართულებების ჩამონათვალს, სადაც უკვე დაფრინავდნენ და მიაჩნიათ, რომ ყველაზე სწრაფად შეიძლება ტურისტები შემოიყვანონ საქართველოში. პარალელურად საგარეო საქმეთა სამინისტრო აწარმოებს მოლაპარაკებებს ევროკავშირის მთელ რიგ ქვეყნებთან და ახლო კავშირში ვართ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან, საიდანაც ბოლო დროს საკმაოდ ბევრი ტურისტი გვსტუმრობდა.

თუმცა, ყველაზე რეალისტურია, რომ ყველაზე მეტი ტურისტები რეგიონიდან შემოვიდნენ, ეს კოვიდამდეც ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მიმართულება იყო და მათთვის უფრო მარტივია იმიტომ, რომ არამხოლოდ საჰაერო, არამედ სახმელეთო გზებითაც შეუძლიათ შემოვიდნენ. ჩვენ ყველა უსაფრთხო დერეფნის დაცვით, პირველ ეტაპზე, ალბათ, რეგიონის ქვეყნების ტურისტების შემოსვლას ველოდებით, თუმცა არ დავკარგავთ არცერთ შანსს უახლოეს პერიოდში ევროპელი ტურისტებიც შემოვიყვანოთ,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

შეგახსენებთ, მთავრობა აპირებს საავიაციო პოლიტიკა ახალ რეალობას მოარგოს. ეკონომიკის მინისტრის თქმით,  მთავრობა დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და ადგენს სიას, თუ ვის აქვს მეტი ტურისტის მოზიდვის პერსპექტივა ქვეყანაში. გადაწყვეტილება, თურნავას თქმით, სწორედ ამის ანალიზის საფუძველზე მიიღება.

საქართველოში ტურიზმი სამ ეტაპად გაიხსნება.

ტურიზმში ახალი მოთხოვნები ჩნდება და მთავრობა ცდილობს ეკონომიკის ამ სეგმენტს შეუწყოს ხელი ამ მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

როგორც დღეს პრემიერმა გახარიამ განაცხადა, საქართველო უსაფრთხო ტურისტულ ზონებს გამოყოფს, როგორიცაა, წყალტუბო, გუდაური, საირმე, აბასთუმანი, ბორჯომი და სხვა.

მთავრობის მეთაურის თქმითვე, ჯანდაცვის სამინისტროს აქვს მიღებული დავალებები, რომ საზღვრებზე უნდა გაძლიერდეს თითოეული შემომსვლელი ადამიანის კონტროლი.

გახარიას ინფორმაციით, 15 ივნისიდან საქართველო გაიხსნება ადგილობრივი ტურიზმის სერვისებისმიწოდებისთვის,ხოლო პირველი ივლისიდან კი, საქართველო იქნება მზად იმისთვის, რომ მიიღოს უცხოური ტურისტები.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ გიდებისთვის მთავრობა ცალკე სპეციფიკურ პროგრამას ამუშავებს, რომელიც სულ მალე გასაჯაროვდება. ამ ეტაპზე ცნობილია, მხოლოდ ის, რომ გიდებისთვის შეღავათები და სპეციალური პლატფორმა ამოქმედდება.

ტურიზმის გახსნის პროგრამის პრეზენტაციაზე გაცხადდა, რომ მთავრობა საბანკო გარანტიის პროცენტს ტურისტულ კომპანიებს 6 თვე დაუსუბსიდირებს.

ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, სასტუმროების სესხების სუბსიდირებისთვის მთავრობას 60 მილიონი ლარი აქვს გამოყოფილი.

მთავრობის გადაწყვეტილებითვე, გადასახადები 6 118-მა ტურისტულ ბიზნესს გადაუვადდა.

კერძოდ, მთავრობის გადაწყვეტილებით, ტურინდუსტრიის კომპანიებს საშემოსავლო გადასახადი წლის ბოლომდე გადაუვადდებათ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ტურიზმის სექტორი სრულად გათავისუფლდა ქონების გადასახადისგან.

პოსტკრიზისული გეგმის ფარგლებში, სარესტორნე ბიზნესის ახალ სესხებს მთავრობა 90%-ით თანაუზრუნველყოფს, ხოლო უკვე არსებული სესხების რესტრუქტურიზაციის დროს სარესტორნე ბიზნესს სახელმწიფო 30%-ის თანაუზრუნველყოფაში დაეხმარება.

მთავრობა სესხებს უსუბსიდირებს სასტუმროების ნაწილსაც.კერძოდ, ყველა სასტუმროს, რომლის წლიური ბრუნვაც 20 მილიონ ლარამდე იყო, დაუსუბსიდირებათ საბანკო სესხის პროცენტის 80%-ს სესხის პირველ 5 მილიონ ლარზე.

შეგახსენებთ, დღესვე ცნობილი გახდა, რომ 11 მაისიდან ყველა სახის წარმოება და ყველა მაღაზია გაიხსნება, გარდა ფეხსაცმლისა და ტანსაცმლისა.

ცნობისთვის, 10 დღის განმავლობაში 4 სექტორის მხარდაჭერის გეგმა გასაჯაროვდება. ესაა: ტურიზმი, სოფელი, მშენებლობა და განათლება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system