თავში

თურნავა ცაგერში ნამახვანიჰესის საკითხზე ადგილობრივ მოსახლეობას ხვდება

თურნავა ცაგერში ნამახვანიჰესის საკითხზე ადგილობრივ მოსახლეობას ხვდება
თურნავა ცაგერში ნამახვანიჰესის საკითხზე ადგილობრივ მოსახლეობას ხვდება

ნამახვანიჰესის ხელშეკრულება საჯაროა და ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს შეუძლია გამოითხოვოს. ეს დოკუმენტი აქამდეც უკვე არაერთგზის გვაქვს მიწოდებული,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, რომელიც ცაგერში „ნამახვანი ჰესის“ საკითხზე ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრას მართავს.

„გარდა ამისა, ჩვენ გამოვაქვეყნეთ სამინისტროს ვებ და ფეისბუქგვერდზე ძალიან დეტალური პასუხი იმ ფსევდოსამართლებრივ ანალიზზე, რომელსაც ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია აქვეყნებს. ძალიან ნათლად ვხედავთ იმას, რომ მათი სურვილია, ანტიჰესების კამპანიას შეუერთდნენ. მათი დასკვნა ძალიან ზედაპირული და არაკომპეტენტურია. ამდენად, როდესაც გაეცნობით ჩვენს დეტალურ განმარტებას, ბევრი კითხვის პასუხს მიიღებთ,“ - აღნიშნა ნათია თურნავამ და მზადყოფნა გამოთქვა „რიონის მცველებთან" შეხვედრაზე.

თურნავა ადგილობრივებს ცაგერის კულტურის სახლში ხვდება. მინისტრის განცხადებით, ხალხთან, რომლებიც „ნამახვანი ჰესის“ მშენებლობას აპროტესტებენ, აუცილებელია დიალოგი, შეხვედრების გამართვა და მეტი განმარტება.

„ვფიქრობ, როდესაც ადამიანები გულწრფელად გამოხატავენ პოზიციას და არ არიან ანგაჟირებულები პოლიტიკურად, არ აქვთ რაღაც ნეგატიური დღის წესრიგი და მე გულწრფელად მჯერა, რომ სწორედ ასეთი ადამიანები არიან „რიონის მცველები“, ვინც იქ გამოხატავს პროტესტს, ყოველთვის მოინახება შეთანხმების კონსტრუქციული პლატფორმა,“ - განაცხადა მინისტრმა და დაამატა, რომ, შეხვედრები უნდა იყოს გულწრფელი, დიალოგი კი - საქმიანი. მისი შეფასებით, შეხვედრებზე უნდა ხდებოდეს კონკრეტული პასუხების მიწოდება და ნაკლები დესტრუქცია და პოპულიზმი - ეს არ უნდა იყოს „შეხვედრა შეხვედრისთვის“

„ვეცდებით ყველანაირად, ყველა დაინტერესებული პირი დავარწმუნოთ, რომ ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობისთვის ნამახვანი და მსგავსი ჰიდროელექტროსადგურები, რომლებიც იმპორტზე ნაკლებდამოკიდებულს გაგვხდიან, აუცილებლად უნდა აშენდეს, მაგრამ ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ პანდემიის გამო, დაწესებული შეზღუდვების გამო, ჩვენ მოვაკელით კომუნიკაცია მოსახლეობას და ამიტომაც დაგროვდა ამდენი შეკითხვა. ჩვენ ვხედავთ ამ პრობლემას. პრემიერ-მინისტრმა მკაფიო დავალება მოგვცა, რომ აღმოვფხვრათ კომუნიკაციის ნაკლებობა და მაქსიმალური განმარტებები გავაკეთოთ. გარდა ამისა, ვეცდებით გავითვალისწინოთ ის, რაც იქნება რაციონალური. ყოველთვის არის პლატფორმა დიალოგისთვის, ამიტომ ყველა დაინტერესებულ ჯგუფს შევხდებით,“ - განაცხადა მინისტრმა.

მინისტრი თურნავა ცაგერში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით იმყოფება.  ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს გარემოს დაცვის მინისტრი ლევან დავითაშვილიც. მოსახლეობასთან შეხვედრების შემდეგ, მინისტრები პროექტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან კანონმდებლებს. დარგობრივი და გარემოს დაცვის გაერთიანებული კომიტეტების სხდომა, სავარაუდოდ, მომავალ კვირას გაიმართება.

გუშინ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკის მინისტრს, ნათია თურნავას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ლევან დავითაშვილს, დაავალა, პირადად ჩავიდნენ ადგილზე და დაიწყონ უშუალო კომუნიკაცია მოსახლეობასთან. მთავრობის მეთაურმა მინისტრებს შესაბამისი საკომიტეტეო მოსმენები გამართვაც დაავალა. მთავრობა ამ ჰესის ავკარგიანობაზე დეტალების მოსახლეობისათვის გასაცნობად ადგილობრივებთან კომუნიკაციას გაააქტიურებს და შეეცდებიან ისინი დაარწმუნონ ნამახვანიჰესის ენერგეტიკულ და ეკონომიკურ სარგებლიანობაში.

შეგახსენებთ, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ (EMC) წარმომადგენლებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ „ნამახვანჰესის“ პროექტზე მთავრობასა და ინვესტორს, შპს „ენკა რინიუებლზს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით ნათელია, რომ პროექტს არათუ ვერ ექნება ის წვლილი ქვეყნის ენერგო უსაფრთხოებაში, რაზეც მთავრობა მიუთითებს, არამედ შეთანხმება ქვეყნის ბიუჯეტისთვის მძიმე და განუსაზღვრელ ფისკალურ ტვირთებს ითვალისწინებს.

ნამახვანი ჰესის მშენებლობას ადგილობრივი მოსახლეობა თვეებია აპროტესტებს. მათი მტკიცებით, რიონის ხეობის დატბორვა იგეგმება, რაც დაუშვებელია და ითხოვენ ჰესის მშენებლობის შეჩერებას. მათ სოლიდფარობას უცხადებს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც საკუთარი პრეზიდენტობის დროს აქტიურად უჭერდა მხარს ჰესების მშენებლობის პოლიტიკას. სააკაშვილი ჯერ კიდევ 2012 წელს ენერგოდამოუკიდებლობისთვისა და სამუშაო ადგილების შექმნის საუკეთესო საშუალებად მიიჩნევდა ჰესების აქტიურ მშენებლობას, უშუალოდ ნამახვანიჰესზე კი ამბობდა, რომ მისი მშენებლკობის დაწყება ეროვნული სიამაყეა. ახლა კი სააკაშვილმა პოზოცია შეიცვალა და ამბობს, რომ, ბუნების გადარჩენა ბევრად აუცილებელია, ვიდრე ენერგოწარმოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის ზრდა.

ექსპერტებს აქვთ ეჭვი, რომ საპროტესტო აქციები ხელოვნურად არის მართული და მიაჩნიათ, სპექტაკლი სახელწოდებით "ჰესები" გვანადგურებს და უნდა დასრულდეს, მოსახლეობასა და ინვესტორს შორის მთავარი კომუნიკატორის როლი კი ხლისუფლებამ უნდა იტვირთოს.

ნამახვანის ჰიდროელექტროსადგური, რომელსაც "პიკურ სადგურს" უწოდებენ, შენდება მდინარე რიონის ხეობაში, წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში. კასკადი ხეობაში ორი კაშხლის აგებას ითვალისწინებს. ერთის სიმაღლე, სოფელ ტვიშთან, 50 მეტრს აღემატება, მეორის, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, 111 მეტრი იქნება. მათი საერთო სიმძლავრე 433 მეგავატია, სავარაუდო წლიური გამომუშავება - 1496 გგვტ.სთ. ნამახვან-ჰესის ექსპლუატაციაში შესვლის თარიღად 2025-2026 წელია მითითებული.

ნამახვანისა და ონის ჰესების მშენებლობაზე მორატორიუმის გამოცხადებასაც ითხოვენ.

გამოითქვა მოსაზრება , რომ ჰესმა შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ქართული ექსკლუზიური ღვინის "ტვიშის" წარმოებასაც, თუმცა მოგვიანებით გარემოს დაცვის სპეციალისტებმა ამ ეჭვს უსაფუძვლო უწოდეს. სპეციალისტები უარყოფენ იმასაც, რომ "ნამახვანი ჰესი" წყალტუბოს ბალნეოლოგიურ წყლებს რაიმენაირ საფრთხეს უქმნის.

მთავრობა ამტკიცებს, რომ პროექტი ძალიან კარგადაა გათვლილი უსაფრთხოების თვალსაზრისით, ინვესტორს სერიოზული განხილვები ჰქონდა გარემოზე ზემოქმედების შეფასების კუთხით და დიდი გეგმა აქვს. შპს „ენკა რინიუებლზის" განმარტებით, ნამახვანის ჰესების 430-მეგავატიანი კასკადის წლიური გამომუშავება 1,500 გგვთ.სთ-ს მიაღწევს, რაც 2019 წელს საქართველოს მთლიანი მოხმარების 11.7%-ის ტოლია.

ცნობისთვის, ნამახვანის ჰესი $800 მილიონიანი თურქული ინვესტიციით შენდება. ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები ჰესის ასაშენებლად 4 ლოკაციაზე მიმდინარეობს და ნათია თურნავა პოცესს რამდენიმე დღის წინ თავად გაეცნო. ნათია თურნავა ნამახვანი ჰესის პროექტს ენერგეტიკაში საუკუნის პროექტად მიიჩნევს. მისი თქმოით, ნამახვანი ჰესის გაშვების შემდეგ ადგილობრივი ენერგოგენერაცია მოთხოვნის 12%-ის დაკმაყოფილებას შეძლებს.

პროექტში ამ დროისთვის 370-მდე ადამიანია ჩართული. ჯამში ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტში საქართველოს 1600-მდე მოქალაქე იქნება დასაქმებული.

გეგმის მიხედვით, ნამახვანის ჰესების კასკადი ექსპლუატაციაში 2024 წელს შევა.

იმისთვის, რომ გაიგოთ, რა გზა გაიარა ნამახვანჰესის პროექტმა საბჭოთა პერიოდიდან დღემდე, იკითხეთ report.ge-ს ეკონომიკური ანალიტიკა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system