თავში

ტურობიექტებს, რომელთაც აცრილი თანამშრომლები ჰყავთ, რეკლამირებაში დაეხმარებიან

ტურობიექტებს, რომელთაც აცრილი თანამშრომლები ჰყავთ
ტურობიექტებს, რომელთაც აცრილი თანამშრომლები ჰყავთ, რეკლამირებაში დაეხმარებიან

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის, მედეა ჯანიაშვილის, ინფორმაციით, ტურიზმის სექტორში ამ დროისთვის, დაახლოებით, 100 ათასამდე ადამიანია დასაქმებული, თუმცა რამდენია აცრილი, ამაზე ზუსტი ინფორმაცია არ აქვს. 

"ზოგადად, ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება ეფექტიანად მოვახდინოთ ტურიზმის სექტორის აღდგენა, ვაქცინაცია და ტურისტული სექტორის პრიორიტეტულ ჯგუფად გამოცხადება ამის წინაპირობაა. დღეს განვიხილავთ ვაქცინაციის პროცესს. ვცდილობთ, ეფექტიანი კოორდინაციით რაც შეიძლება დროულად მოხდეს სექტორში დასაქმებულების ნებაყოფლობითი ვაქცინაცია. ეს კი საშუალებას მოგვცემს, საერთაშორისო ბაზარზე უსაფრთხო მოგზაურობის პოზიციონირება გავაკეთოთ და იმ ობიექტებს, რომლებიც ნებაყოფლობითი ვაქცინაციის პროცესს გაივლიან, ხელი შევუწყოთ, რომ თავიანთ ობიექტებს, როგორც უსაფრთხოს, რეკლამა გაუკეთონ ", - განაცხადა მედეა ჯანიაშილმა და დასძინა, რომ იმ კომპანიების სია, რომელთაც აცრილი თანამშრომლები ჰყავთ, ტურისტულ ვებ-პლატფორმაზე განთავსდება და დაინტერესებულ პირებს მისი ნახვის შესაძლებლობა ექნებათ.

"კომპანიების სია დაინტეგრირდება ჩვენს ტურისტულ ვებ-პლატფორმასა და ყველა სოციალურ ქსელში, მათ შორის მარკეტინგულ კამპანიებში, რომელსაც მსოფლიო ბაზარზე ვახორციელებთ და ამ სიას დაინტერესებული პირები გაეცნობიან", - ამბობს ჯანიაშვილი. 

ტურიზმის აღდგენის უმთავრეს წინაპირობად ვაქცინაცია სახელდება, თუმცა რესტორატორთა ასოციაციის შეფასებით, ვაქცინაცია ტურიზმის აღდგენას ხელს ვერ შეუწყობს, თუ შეზღუდვები არ შემსუბუქდება. შოთა ბურჯანაძის თქმით, აცრებს მნიშვნელობა დაეკარგება თუ სფერო აღარ იარსებებს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ტურისტული სექტორში მომუშავე ასოციაციებისა და სასტუმროების წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრაზე სექტორის ნებაყოფლობითი, მაგრამ ორგანიზებული ვაქცინაციის შესაძლებლობები და აგრეთვე დარგის წინაშე არსებული სხვა გამოწვევები განიხილება.

ტურინდუსტრია ვაქცინაციისას პრიორიტეტული ჯგუფი იქნება. ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაცია, მათ შორის, ტურიზმის სექტორის, უფრო გაამყარებს აღნიშნული სექტორის სწრაფად აღდგენის პერსპექტივებს.

რეგიონში ყველაზე მკაცრი შეზღუდვები საქართველოშია. წინა შეზღუდვების შედეგად (პირველი ლოკდაუნი) ეკონომიკა დღეში 16 მლნ ლარს კარგავდა. საქართველოში შეზღუდვების მეორე ტალღა "ზედმეტად მკაცრად" შეფასდა. საქართველო COVID შეზღუდვების სიმკაცრით მე-15 ადგილზე იყო მსოფლიოს 184 ქვეყნიდან. შეზღუდვების გამო საქართველოს ეკონომიკა დღეში საშუალოდ კარგავს 16 მლნ ლარს. ქვეყანას ჯამურად 2020 წელს 1.0 მლრდ ლარის დანაკარგი უფიქსირდება. საქართველოს ეკონომიკა 2020 წელს 6.1%-ით შემცირდა, ყველაზე დიდი დარტყმა ტურიზმს მიადგა. ქვეყნის ეკონომიკის 74 პროცენტს შეადგენს. სპეციალისტების განმარტებით, პანდემიური ეკონომიკური კრიზისი არ წარმოადგენს არც ციკლურ და არც სტრუქტურულ მოვლენას. ეს არის სრულიად ახალი ფენომენი, რომელიც ასახავს სიცოცხლისათვის უაღრესად საშიში დაავადების - COVID-19-ის „ტყვეობაში“ მოქცეული ეკონომიკის რეაქციას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system