თავში

უახლოეს მომავალში საპენსიო სესხებზე ღია ტენდერის ჩატარებას მივესალმებით - ლიბერთი ბანკი"

უახლოეს მომავალში საპენსიო სესხებზე ღია ტენდერის ჩატარებას
უახლოეს მომავალში საპენსიო სესხებზე ღია ტენდერის ჩატარებას მივესალმებით - ლიბერთი ბანკი

„ლიბერთიმ“ არაერთხელ დააფიქსირა მზაობა და დღესაც მიესალმება უახლოეს მომავალში, სრულიად გამჭვირვალე და ღია ტენდერის ჩატარებას, რომელიც გაითვალისწინებს ყველა მხარის - ბენეფიციარების, სახელმწიფოს და ბიზნესის კომერციულ ინტერესებს.

"საპენსიო სერვისების გაუმჯობესებაზე დისკუსია, წინასაარჩევნო პოლიტიკური ველიდან საქმიან და შედეგზე ორიენტირებულ ფორმატში უნდა გადავიდეს. ამ მგრძნობიარე თემით მანიპულირება და ბანკის დისკრედიტაციაზე მიმართული ინფორმაციის გავრცელება სრულიად მიუღებელია ჩვენთვის და დამაზიანებელია პროცესისთვის.

სრული სურათისთვის, ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია საზოგადოებას შევახსენოთ ამ თემის პრეისტორია, თუ როგორ მოვედით დღემდე.

2018 წლიდან "ლიბერთი ბანკს" ყავს ახალი აქციონერები და მენეჯმენტი, რომლებსაც შეხება არ ჰქონიათ საპენსიო მომსახურების მოქმედ კონტრაქტთან - რომელიც გაფორმდა 2011 წელს, ბანკის იმდროინდელ მენეჯმენტსა და სახელმწიფოს შორის.

"ლიბერთი" უსასყიდლოდ ემსახურება 1,1 მლნ ბენეფიციარს, რომლებიც პენსიას და სხვა სოციალურ სარგოს იღებენ. მოქმედი კონტრაქტის მიხედვით ბანკს არც სახელმწიფო უხდის თანხას პენსიების დარიგებაში და არც თავად აქვს უფლება ფასიანი გახადოს მომსახურება ბენეფიციარებისთვის. ამავდროულად, პენსიების დარიგება საკმაოდ დიდ დანახარჯებთან არის დაკავშირებული. კერძოდ, გვაქვს ფილიალები ისეთ ადგილებში, რომლებიც ეკონომიკურად მიმზიდველი არ არის და ამიტომ სხვა ბანკები იქ არ არიან წარმოდგენილნი; შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მომხმარებლებთან პენსიები და სოციალური სარგო უსასყიდლოდ მიგვაქვს სახლში. საქართველოს 1.300 სოფელში, 200 ათასზე მეტ ბენეფიციარს ყოველთვიურად ვემსახურებით მობილური სერვის ცენტრებით.

ამ სერიოზული დანახარჯების ანაზღაურების ერთადერთი წყარო ლიბერთისთვის იყო ე.წ. საპენსიო სესხები, რომელთა საპროცენტო განაკვეთი წლიურ 110%-საც კი აღწევდა.

ახალმა მენეჯმენტმა, 2018 წელს მოსვლისთანავე, მოქმედი კონტრაქტის ფარგლებში, მაქსიმალურად გააუმჯობესა მომსახურების პირობები. სესხის განაკვეთი შეამცირა ეფექტურ 30.65%-მდე, მთავრობასთან და ეროვნულ ბანკთან კოორდინაციით.

პარალელურად, განვავითარეთ ახალი ბიზნეს მიმართულებები, რამაც შესაძლებლობა მოგვცა, დაგვებალანსებინა ე.წ. საპენსიო სესხების პორტფელიდან მიღებული შემცირებული საპროცენტო შემოსავალი.

კოვიდ პანდემიამ განსაკუთრებული პრობლემები შეუქმნა ლიბერთის, რომლის ბენეფიციარები ხშირად მაღალი რისკის ჯგუფებს წარმოადგენენ. რიგების შემცირებისა და მოწესრიგების მიზნით, ლიბერთიმ თავისი სახსრებიდან 100 მლნ ლარი გამოყო და წინასწარ გასცა ბენეფიციარებზე, ასევე მობილიზება გაუკეთა დამატებით პერსონალს, რათა კოვიდ ვირუსით ინფიცირების რისკი შეემცირებინა.

საპენსიო სესხებზე არსებული 30.65% არის ის რეალური ნიშნული, რომელზე ნაკლებადაც ჩვენი შეფასებით, სხვა კომერციული ბანკებიც არ გასცემენ მცირე მოცულობის, არაუზრუნველყოფილ სამომხმარებლო სესხს, უფროსი ასაკის მომხმარებელზე. ამასთან, არსებული კონტრაქტის ფარგლებში, როცა ლიბერთი სხვა არანაირ გადასახადს არ ახდევინებს პენსიის მიმღებ პირებს, 30.65%-დან მიღებული საპროცენტო შემოსავალი სრულად ვერ ანაზღაურებს ბენეფიციარების უფასო მომსახურებასთან დაკავშირებულ დანახარჯებს.

ასე რომ, დღევანდელი მოცემულობა დამაკმაყოფილებელი არ არის არც ერთი მხარისთვის. ამიტომ საჭიროა ახალი, ჯანსაღი მოდელის შემუშავება და მის საფუძველზე, ახალი ტენდერის ჩატარება, ახალი პირობებით. ლიბერთიმ არაერთხელ დააფიქსირა მზაობა და დღესაც მიესალმება უახლოეს მომავალში, სრულიად გამჭვირვალე და ღია ტენდერის ჩატარებას, რომელიც გაითვალისწინებს ყველა მხარის - ბენეფიციარების, სახელმწიფოს და ბიზნესის კომერციულ ინტერესებს.
2019 წელს, როდესაც მოხდა ძველი პირობებით კონტრაქტის ვადის გაგრძელება, ჩვენი თანხმობის მოტივი იყო, რომ სახელმწიფოს მისცემოდა დრო, შეემუშავებინა ახალი, სამართლიანი პირობები.

იმისდა მიუხედავად, რომ პანდემიამ შეაფერხა ეს პროცესი, ლიბერთი აქტიურად მუშაობდა და დღესაც მუშაობს ყველა ჩართულ მხარესთან. თუმცა, ვინაიდან ამ თემასთან დაკავშირებით ინტერესი მატულობს, ლიბერთი რჩება თავისი პოზიციის ერთგული და ვთავზობთ ყველა მხარეს შეიქმნას კიდევ უფრო ფართო ფორმატის სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს პენსიების შესახებ კონტრაქტის პირობების გაუმჯობესებასა და დახვეწაზე. ჯგუფში ჩავრთოთ ყველა ის მხარე, ვისაც აქვს კომპეტენცია და რეალურად აღელვებს ეს თემა. პროცესი გავხადოთ კიდევ უფრო ღია და გამჭვირვალე, შევთანხმდეთ და შევქმნათ ახალი, გამართული, ჯანსაღი სისტემა და მომავალი ტენდერი გამოცხადდეს ამ ახალი, გამართული მოდელის საფუძველზე",
- ნათქვამია განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system