თავში

უამინდობამ რთველი შეაფერხა - ლევან დავითაშვილი ღვინის კომპანიებს ხვდება

უამინდობამ რთველი შეაფერხა
უამინდობამ რთველი შეაფერხა - ლევან დავითაშვილი ღვინის კომპანიებს ხვდება

საქართველოს გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი თელავში, რთველის საკოორდინაციო შტაბში ღვინის კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა და რთველის პროცესში მათი ჩართულობის თაობაზე ინფორმაცია მიიღო.

მინისტრის განცხადებით, 2019 წლის რთველი აქტიურ ფაზაში შედის, თუმცა, სექტემბრის თვეში მოსული ხშირი წვიმების გამო, მოსავლის მნიშვნელოვანი რაოდენობა ჯერ კიდევ დასაბინავებელია.

„შეხვედრამ დაგვანახა, რომ მეტი კომუნიკაციითა და კოორდინაციით, ჩვენ შევძლებთ ერთად დავძლიოთ ის გამოწვევები, რომლებიც, სამწუხაროდ, ამინდმა შეგვიქმნა. ღვინის წარმოებლებს ჩვენ შევხვდით იმისთვის, რომ კომპანიები მეტად აქტიურად ჩაერთონ რთველის პროცესში. კერძო სექტორმა უნდა აიღოს თავისი პასუხისმგებლობა, რათა ბოლო წლების მსგავსად, რთველის პროცესი წარიმართოს ორგანიზებულად და წარმატებულად“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

თავის მხრივ,ღვინის კომპანიების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ რთველის საკოორდინაციო შტაბთან უფრო მეტი კომუნიკაციით, ყურძნის გადამუშავების პროცესი უფრო გააქტიურდება და მევენახეებს მოსავლის დაბინავების პრობლემა არ შეექმნებათ.

დღეის მდგომარეობით, კახეთში ინდუსტრიულად გადამუშავებულია 80 ათასამდე ტონა ყურძენი. წელს რეგიონში 200-250 ათას ტონა ყურძნის მოსავალს ელოდებიან. რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია 270-მდე ღვინის კომპანია, მათგან 140-მდე მწარმოებელი უკვე ჩართულია რთველის პროცესში.

სახელმწიფო უწყებებს, მეწარმეებსა და მევენახეებს შორის აქტიური კომუნიკაციის მიზნით, რთველის საკოორდინაციო შტაბი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს. დაინტერესებულ პირებს რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შეუძლიათ გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 1501.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system