თავში

უკანონო ტყითსარგებლობის 210 ფაქტი გამოვლინდა

უკანონო ტყითსარგებლობის 210 ფაქტი გამოვლინდა
უკანონო ტყითსარგებლობის 210 ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის 1-ელი აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 210 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 12 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

როგორც report.ge-ს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს აცნობეს,, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 55 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე.

იმერეთში დაფიქსირდა 37 ფაქტი, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 30, სამცხე-ჯავახეთში - 26, ქვემო-ქართლში - 17, შიდა ქართლშიც - 17, აჭარაში - 15, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში - 9, მცხეთა მთიანეთში - 2 და გურიაშიც 2 სამართალდარღვევა გამოვლინდა.

ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 350 მ3-მდე ხე-ტყე.

"ამავე პერიოდში, დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 54 ფაქტი. ასევე ამოღებულია 13 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი. მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი”,- განმარტავენ სამინისტროში. 

ცნობისთვის, ხე-ტყის (მორის) მოძრაობა და მოცულობის ანგარიშგება გაციფრულდება. ამას ითვალისწინებს პროექტი „მდგრადი სატყეო საქმიანობის გაძლიერება საქართველოში: Timbeter-ის ინოვაციური ხე-ტყის (მორის) საზომი ტექნოლოგიის განხორციელება“, რომელიც დაფინანსებულია ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ. პროექტის ფარგლებში, კომპანია „Timbeter”, კომპანიასთან „Green Advisor” ერთად, საქართველოში ხე-ტყის (მორის) მოძრაობის და მოცულობის ანგარიშგების გაუმჯობესების ხელშეწყობის ინტერნეტ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული აპლიკაციას დანერგავს. პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ხე-ტყის მოძრაობის და მოცულობის ანგარიშგების გაუმჯობესებას, დაეხმარება ტყის მართვისა და ზედამხედველობის ორგანოებს ტყითსარგებლობასა და ტყის დაცვის სფეროში სახელმწიფო კონტროლის ეფექტიანად განხორციელებაში.

2020 წელს (1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით) 7009 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევა გამოვლინდა. ყველაზე მეტი ფაქტი უკანონო ტყითსარგებლობას ეხება. 1 წლის განმავლობაში კი, გარემოსდაცვითი სამართალდამრღვევების გამო დაკისრებული ჯარიმა 2,8 მლნ ლარი სცდება. მთელი 2020 წლის განმავლობაში დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონო ტყითსარგებლობის 1529, ხე-ტყის ტრანსპორტირების წესის დარღვევის 1247, სახერხების ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 284 ფაქტი და 84 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.

გარემოსდაცვითი სამართალდამრღვევებისთვის 2020 წელს ჯამში 2,8 მლნ ლარზე მეტი ჯარიმა გამოიწერა.

ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს მაშინდელი პრემიერ-მინისტრ, გიორგი გახარია, ამბობდა, რომ ტყის კომერციალიზაციის თვალსაზრისით საკმაოდ უკან ვართ და ამ მიმართულებით აქტიური სამუშაოა. მისივე აზრით, საკანონმდებლო ჩარჩო საკმაოდ ნორმალურია, მაგრამ მართვა უფრო ეფექტურად არის განსახორციელებელი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system