თავში

მარეგულირებელი "კავკასუს ონლაინისგან" უკანონოდ გასხვისებული წილების დაბრუნებას ითხოვს

უკანონოდ გასხვისებული წილების დაბრუნებას ითხოვს
მარეგულირებელი კავკასუს ონლაინისგან უკანონოდ გასხვისებული წილების დაბრუნებას ითხოვს

კომუნიკაციების კომისიამ შპს "კავკასუს ონლაინი" სამართალდამრღვევად ცნო. როგორც მარეგულირებლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, უწყება "კანონდარღვევით გასხვისებული წილების პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნებას მოითხოვს".


"კანონის მოთხოვნის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია 5%-ზე მეტი წილის გასხვისების განზრახვის შემთხვევაში, კომუნიკაციების კომისიას მიმართოს და მისგან მიიღოს თანხმობა. "კავკასუს ონლაინმა" წილების გასხვისება კომისიის წინასწარი ინფორმირების გარეშე განახორციელა, რითაც მოქმედი კანონმდებლობა დაარღვია. კომპანიას წილების პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნებისთვის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან სამი კვირის ვადა განესაზღვრა", - წერია განცხადებაში.

ამასთან, კომისიის განცხადებით, წილების გასხვისების, შერწყმის ან შესყიდვის დროს, პრინციპულად მნიშვნელოვანია ავტორიზებულმა პირმა თანხმობისთვის მიმართოს კომისიას, რათა კომისიამ ბაზარზე არსებული მდგომარეობა შეისწავლოს და შეაფასოს, ესა თუ ის გადაადგილება ბაზარზე კონკურენციის კუთხით რაიმე გავლენას ხომ არ ახდენს.

„ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რომელიც ეხება „კავკასუს ონლაინს", კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ცვლილებას, იმიტომ, რომ აღნიშნულმა ტრანზაქციამ გარკვეული საკომუნიკაციო სერვისების მიწოდების თვალსაზრისით, არა მხოლოდ საქართველოს შიდა ბაზარზე შეიძლება მოახდინოს გავლენა, არამედ რეგიონალურ ბაზარზე მის კონკურენტუნარიანობას შეიძლება მიაყენოს ზიანი. ყველას კარგად გვესმის, რომ შესაძლოა ბენეფიციარის ცვლილებასთან ერთად გარკვეულ სტრატეგიებში და სამომავლო ხედვებში ფუნდამენტური ცვლილებები შეიძლება მოხდეს, სწორედ ამ რისკების დაზღვევისთვის ითვალისწინებს კანონმდებლობა, კომისიის წინასწარ ინფორმირებას და საკითხის საფუძვლიან შესწავლას. ფაქტი სახეზე გვაქვს, რომ ბენეფიციარის ცვლილება მოხდა და სერიოზულ დარღვევასთან გვაქვს საქმე. „კავკასუს ონლაინი" ერთადერთი მსხვილი რეგიონალური ინფრასტრუქტურული მოთამაშეა, რომელიც ევროპულ რეგიონს პირდაპირ აკავშირებს ჩვენს რეგიონთან, სწორედ ამიტომაც, არის აღნიშნული ცვლილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი", - განაცხადა კახა ბექაურმა კომისიის სხდომაზე.

შეგახსენებთ, რომ შპს „კავკასუს ონლაინმა" ბენეფიციარი მესაკუთრის ცვლილება 2016 წლის ოქტომბერშიც განახორციელა, მაშინ აღნიშნული ცვლილება კომისიის თანხმობით მოხდა და კომპანიას დაევალა, რომ ნებისმიერი სხვა ცვლილების დროს, კომისიისგან წინასწარი თანხმობა მიეღო, რასაც, როგორც კომისიაში განმარტავენ, 2019 წლის აგვისტოში განხორციელებული ცვლილებების დროს ადგილი არ ჰქონია.

მარეგულირებელი კომისია "კავკასუს ონლაინის" მიერ წილის გასხვისების შესახებ სხვა დეტალებს არ ასაჯაროვებს

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system